logo_geo
1927 წლის 2 აგვისტოს რეზო თაბუკაშვილი დაიბადა
- +

2 აგვისტო. 2019. 23:41

 

 

„ყველას თავისი გასართობი მოუგონია.

ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი,

მე კი, ამქვეყნად, სიხარული სხვა რამ მგონია,

ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი....“

 

შექსპირის ეს სონეტი ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა თარგმნა და მასში თავისი საიდუმლოც „ჩააყოლა“... თუმცა, თუ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას იცნობ, მაინცდამაინც ძნელი არ იქნება, გამოიცნო თუ ვინ (და მედეა) და რა (და მამულიშვილობა რომ) იყო მისი საფიცარიც, სიხარულის წყაროც და უმაღლესი ბედნიერებაც...

 

ამაზე ცოტა ქვევით, მანამდე კი გეტყვით, რომ...

 

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა ძნელი ყოფილა, რაიმე განსხვავებულისა და ორიგინალურის დაწერა სახელოვან ქართველ კაცზე, რომელიც შენი თანამედროვე იყო, საქართველოსთვის მის მიერ ნაკეთები დიდი და საჭირო საქმეების მხილველი ხარ და უბრალოდ გერიდება, უფრო სწორად კი „გეშინია“, რამე „გაცვეთილი“ და ბევრჯერ თქმული არ გაიმეორო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მასალების დათვალიერებისას წააწყდები ყველა იმ სიტყვას, აზრსა თუ ეპითეტს, რომლებიც, გულწრფელი „გულუბრყვილობით " შენი მოფიქრებული გეგონა... დღეს იმაშიც დავრწმუნდი, თურმე რა ადვილი ყოფილა „მოგონებების“ წერა ნებისმიერ სახელოვან „გადამთიელზე“, რომელსაც არც შენ იცნობდი და არც შენი თანამედროვეები და შენი ნაწერის განსჯაზე დიდად არავინ შეიწუხებს თავს... ამას ჰქვია, წერე და იკითხე, რამდენიც გინდა... ვხუმრობ, რასაკვირველია...

 

დღეს გავრისკავ და მაინც „შევებრძოლები“ ჩვენს იუბილარზე „მოსაუბრეთა“ დიდ არმიას და მაინც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას... გულით ვიტყვი:

 

1927 წლის 2 აგვისტოს თბილისში დაიბადა ქართველებისთვის განსაკუთრებით საამაყო კაცი, სახელოვანი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, რეჟისორი და საუცხოო მთარგმნელი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო თაბუკაშვილი (უფროსი).

 

რატომღაც მომინდა, რომ დღევანდელი „საუბარი“ 1989 წლის 9 აპრილით დამეწყო და თქვენთვის შემეხსენებინა, როგორ ვიყავით მიჯაჭვული ტელევიზორის ეკრანებს, რათა ბატონი რეზოსა და თამაზ გამყრელიძისთვის მოგვესმინა, რომლებიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ყრილობაზე უნდა გამოსულიყვნენ სიტყვით - მოსკოვში. გუშინდელივით მახსოვს ის დღე და სიტყვები, რომელთა ციტირებითაც ცოტა გულს „მოვიფხან“ და ცოტას თქვენც მოგაოხებინებთ:

 

„მსურს, განსჯის მიზნით დავსვა რამდენიმე შეკითხვა: ხომ არ არის თბილისში მოწყობილი სისხლიანი კალო ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი სცენარის ექსპერიმენტული ეპიზოდი და ხომ არ არის ეს რაიმე უფრო საშიშისა და უფრო მასშტაბურის რეპეტიცია?! აბა, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს, ან როგორ უნდა შევაფასოთ ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს, რომელსაც დღეს მთელი კაცობრიობის აპლოდისმენტების თანხლებით გამოჰყავს თავისი არმია ავღანეთიდან, იგივე არმია შეყავს... საქართველოში?! მოცემულ შემთხვევაში „არმია“ კიდევ რბილად ჟღერს... ეს არის ადამიანის სისხლზე დაგეშილი ჯარისკაცებისგან შემდგარი დამსჯელი რაზმი...“

 

დააკვირდით სიტყვებს და დაინახავთ, რომ ბატონმა რეზომ, ამ ბევრისმნახველმა და ბრძენმა კაცმა, გუმანით იგრძნო, რომ 1989 წელი იყო 2008 წელს განხორციელებული „უფრო საშიში და უფრო მასშტაბური“ ოკუპაციის იმ დროისთვის ჯერ კიდევ „უცნობი ექსპერიმენტული ეპიზოდი“.

 

მერწმუნეთ, ყველა ვერ გაბედავდა ამ სიტყვების თქმას იმდროინდელი რუსეთის უმაღლესი ტრიბუნიდან... თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს კაცისგან, რომელმაც მთელი სიცოცხლე საქართველოზე და მომავალ თაობებზე ზრუნვაში გალია?!

 

დღეს არ შევჩერდები ბატონი რეზოს სცენარით გადაღებულ ან დადგმულ ფილმებსა თუ სპექტაკლებზე, მაგრამ აუცილებლად შეგახსენებთ მის ამაგს ქართულ დოკუმენტალისტიკაში: „კვალი ნათელი“ და „ალპური ვარსკვლავი“, რომლებიც იტალიაში მოღვაწე ქართველებს და იტალიის არქივებში აღმოჩენილ მასალებს ეძღვნება და ფირზეა აღბეჭდილი ერეკლე მეფის ხელნაწერები, მიხეილ თარხნიშვილის შედგენილი ქართული ფსალმუნი, აღწერილია მიხეილ თამარაშვილის მოღვაწეობა და საქართველოს ეკლესიის ისტორია, აგრეთვე ფორე მოსულიშვილის და სხვა ქართველი გმირების თავგანწირვა, ან თუნდაც ფილმები „ნაძარცვის კვალდაკვალ“ და „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, რომლებიც ეროვნულ საგანძურზე, ჩვენს სიწმინდეებზე და წმ. ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლსა და ლტოლვილობის პერიოდზე მოგვითხრობენ, ან თუნდაც „პირველად იყო სიტყვა“, ან საოცარი „შორიელი სიახლოვე, რომელშიც დიდმა დოკუმენტალისტმა პირველმა აღბეჭდა ფირზე და საქართველოს გააცნო აკაკი და თამარ პაპავების მოღვაწეობა საფრანგეთში, რომელთა ანდერძის თანახმად, ბატონმა რეზომ საქართველოს დაუბრუნა 1773 წელს ქეთევან დედოფლის მიერ შეწირული ოქროსა და ვერცხლის მჭიდით ნაქარგი თბილისის სიონის ტრაპეზის გადასაფარებელი, რომელიც, სრულიად საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

 

რეზო თაბუკაშვილი იყო პირველი, ვინც 1985 წელს, საქართველოს ტელევიზიის დაკვეთით, გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ და ისტორიული ქალბატონის გარდაცვალბამდე ცოტა ხნით ადრე, მოასწრო და ფირზე აღბეჭდა 91 წლის ქართული მშვენება - მერი შერვაშიძე, დიდი გალაკტიონისა და კოკო შანელის მუზა, ქალი, რომელსაც ასაკშიც კი შენარჩუნებული ჰქონდა თავისი განუმეორებელი შარმი და ხიბლი, ქალი, რომელმაც 1921 წელს დასტოვა საქართველო და გალაკტიონს ათქმევინა: „...და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული.“

 

...და აქვე გეტყვით, რომ ბატონი რეზოს თაოსნობით და, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - მისი ხელით, სამშობლოს დაუბრუნდა მსოფლიოს სხვადასხვა არქივში გაბნეული ქართული საგანძური, ისტორიული რელიკვიები, ხელნაწერები, ფოლიანტები და ფოტომასა, რაც ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმე იყო საქართველოსთვის.

 

რევაზ თაბუკაშვილი გარდაიცვალა 1990 წელს და იგი დიდუბის პანთეონში „მიაცილეს“, რათა იქ დალოდებოდა თავის განუყრელ და სათაყვანებელ მედეას, რომელიც სულ რაღაც 4 წელიწადში მივიდა „პაემანზე“, სადაც მისი რეზო ელოდებოდა და...

 

„...როცა ტირანთა საფლავები გადიხავსება,

ძეგლად დარჩება ჩემს ლექსებში შენი არსება.

“…მაგრამ ძაძები ისე შვენით სატრფოს შავ თვალებს,

რომ შავი ფერი სილამაზის ფერად ჩათვალეს.“

 

ადამიანს თუ მამულიშვილობაზე გაქვს პრეტენზია, რეზო თაბუკაშვილისეულად უნდა იცხოვრო.

 

ბატონ რეზოს ქველმოქმედებაში არც მისი ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი ჩამორჩა და საქართველოს ეროვნულ არქივს საჩუქრად გადასცა ბატონი რეზოს საოცარი საარქივო მასალები, მათ შორის მე-19 საუკუნეში ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას მიერ რაჭასა და სვანეთში გადაღებული უნიკალური ფოტოები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი