logo_geo
1844 წლის 5 აგვისტოს ილია რეპინი დაიბადა
- +

5 აგვისტო. 2019. 13:24

 

„Его еще покамест не распяли,

Но час придет — он будет на кресте;

Его послал бог гнева и печали

Царям земли напомнить о Христе.“

 

ეს სტატუსი შეგნებულად დავიწყე დიდი რუსი პოეტის ნიკალაი ნეკრასოვის ამ სიტყვებით, თუ რატომ, ამას ცოტა ქვევით მიხვდებით. მანამდე კი...

 

1844 წლის 5 აგვისტოს ხარკოვთან ახლოს ქ. ჩუგუევში დაიბადა უკრაინული წარმომავლობის უდიდესი რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, პედაგოგი, მემუარისტი, ყველაზე ცნობილი პერედვიჟნიკი და „რუსეთის რემბრანდტად“ წოდებული ილია რეპინი. რომლის სახელის ხსენებისას ყველას, რატომღაც, ტრეტიაკოვის გალერეაში არაერთხელ „დასახიჩრებული“ შედევრი „ივანე მრისხანე და მისი ვაჟი ივანი 1581 წლის 16 ნოემბერს“ ახსენდება... ამასთან დაკავშირებით მოგიყვებით ნახატის შექმნის ისტორიას, რაც არანაკლებ საინტერესოა რუსი რემბრანდტის გასაცნობად და იმის გასაფიქრებლად, რომ იგი მრისხანედ წოდებულზე არანაკლებ „მრისხანე“ ყოფილა... ერთხელ ფერმწერის პატარა ქალიშვილი ვერაჩკა რაღაც ვარჯიშს აკეთებდა, დავარდა და თავიდან სისხლის „შადრევანმა“ ამოახეთქა, მხატვარში კი მუზები აბობოქრდნენ... მან არავინ მიუშვა ბავშვთან, ითხოვდა, არიქა, მაცადეთ, „სისხლიანი“ ნახატი უნდა დავხატოო... მალე ოთახი მეფის სასახლის და ივანე მრისხანეს ეპოქის სტილში მორთეს, სამეფო ოჯახის სამოსი, თავად მხატვარმა შექმნა, მერე მთელი ქალაქი მოიარა, რომ მენატურეები შეერჩია, მაგრამ ვერავინ იპოვა. ბოლოს მხატვარ გრიგორი მიასოედოვზე შეჩერდა და ივანე მრისხანეს მისი სახე „შეაბა“, უფლისწულს კი მწერალ ვსევოლოდ გარშინის სახე „აჩუქა“ და... ასე შეიქმნა ცნობილი „სისხლიანი“ შედევრი.

 

რატომ უნდა გაგახსენდეს ადამიანს რეპინის მაინცდამაინც ის ნახატი და არა, მაგალითად, მისი „გოპაკი“, ან უკანასკნელი ტილო „გოლგოთა“, ან უძღები შვილის თემაზე შექმნილი „არ მელოდით“, რომელზეც სახლში შესული კაცი, ანუ უძღები შვილი შეშინებული თვალებით შესცქერის დედას, თითქოს შეწყალებას სთხოვს, ან რატომ არ უნდა გაიხსენო თუნდაც მხატვრის „ქალები“, ან ცნობილი ადამიანების პორტრეტები, ან მისი შედევრი „ჯვრის ზიდვა“, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარს „მიკედლებულ“ ალექსანდრე ნეველის ფუნდუკის (დღეს კი წმ. ალ. ნეველის სამონასტრო ეკლესიის) კედელზე, ჯვარცმის მარცხენა მხარესაა განთავსებული. სანამ გავაგრძელებდე გეტყვით, რომ ამ ტილოს უკანა მხარეს არის წარწერა: „ჯვრის ზიდვის ამ ხატებას ვჩუქნი იერუსალიმის რუსულ ეკლესიას „გათხრების ადგილზე“, რომელიც იერუსალიმში ჩემი ყოფნისას დავწერე. მსურს, რომ მაცხოვრის ეს სახება მოთავსდეს შუშის ქვეშ და განთავსდეს შესასვლელ კარებთან, ჯვარცმის მარცხენა მხარეს (დაბლა). გთხოვთ, ლიტურგიისას მოიხსენიოთ ჩემი მშობლები ეფიმი და ტატიანა. რეპინი, 1898 წელის, 27 ივლისი“ (იხ. ფოტო). კარგად მახსოვს, როგორ ვიდექი და მონუსხულივით ვუცქერდი ამ შედევრს... ან თუნდაც წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახება, რომელსაც, მხატვრის ქალიშვილის მოგონებების თანახმად, ფერმწერი, უკიდურესი გაჭირვების დროს, მუხლმოდრეკით შესთხოვდა ხოლმე ოჯახის განსაცდელისგან დახსნას... წმ. ნიკოლოზმა მართლაც შეუსრულა თხოვნა და დიდი ხელოვანის ოჯახმა მართლაც დააღწია თავი გაჭირვებას.

 

1899 წელს ილია რეპინმა იყიდა 2 ჰექტარი მიწა ოდესღაც ფინეთის დასახლება კუოკკალაში და იქ აიშენა სახლი. მას შემდეგ ფერმწერი საკუთარ კარმიდამოში ცხოვრობდა და მუშაობდა. კარმიდამოს მაშინ „პენატებს“ უწოდებდნენ, დღეს კი რეპინო ქვია. იგი სანქტ-პეტერბურგიდან სულ რაღაც 45 კმ-ში მდებარეობს და თავად ფერმწერის მემუარების თანახმად, თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები მან სწორედ იქ გაატარა. „პენატებში“ დაცული იყო მხატვრის საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დროს ქალაქიდან გაიტანეს და ხელოვნების აკადემიის საცავებში შეინახეს. „პენატებს“ ხშირად სტუმრობდნენ ტოლსტოი, გორკი, ჟუკოვსკი, სტასოვი, ჩუკოვსკი, მაიაკოვსკი, რომელმაც ერთხელ გარისკა და თურმე რეპინის რამდენიმე კარიკატურა დახატა (იხ. ფოტო), რომლებიც ძალიან მოეწონა ფერმწერს. რეპინი შეპირდა, რომ პოეტსაც დახატავდა, მაგრამ ეს დაპირება თავად მაიაკოვსკის გამო ვერ შესრულდა, რადგან ექსტრავაგანტურმა პოეტმა მხატვართან მისვლამდე თავი გადაიპარსა, ესაოდა რეპინის შთაგონების წყარო ჩემი თმები იყო და არა თავად მეო და თავისი ჭკუით მხატვარი „დასაჯა“... ჩემი „ვარაუდით“, ეს კუდაბზიკობა ბაღდათიდან უნდა გაჰყოლოდა დიდ პოეტს... „პენატებში შეიქმნა დიდი ფიოდორ შალიაპინის პორტრეტიც. ცნობილია, რომ შალიაპინი საკმაოდ კარგი მოქანდაკე იყო და თავადაც ხატავდა. მან შექმნა ილია რეპინის პორტრეტი, რომელიც რეპინის სახელოსნო–მუზეუმშია დაცული, პენატებში რეპინმა მსოფლიო ბასის დახატვა გადაწყვიტა და იგი თავის სახელოსნოში მიიწვია. 1914 წელს შალიაპინი რამდენჯერმე იყო რეპინის სახელოსნოში და საოცარი ტილოც შეიქმნა, რომელიც რეპინმა იმავე წელს ორჯერ გაიტანა გამოფენაზე - მოსკოვში და „პერედვიჟნიკების“ 43-ე გამოფენაზე პეტერბურგში. იწერება, რომ ნახატი არავინ შეიძინა, რის გამოც რეპინმა მასზე გული აიცრუვა და 1917 წელს კორნეი ჩუკოვსკის მისწერა, რომ შალიაპინის ნახატი „გასწირა“ და მასზე ქალის პორტრეტი გადაახატა... მოგვიანებით ჩუკოვსკი ხუმრობდა, იფ, რა მაგარი იქნება ქალად გადაკეთებული შალიაპინის ნახვაო... მოკლედ, რეპინის „შალიაპინი“ დაკარგული ეგონათ, მაგრამ 2009 წელს იგი ჩეხეთში აღმოაჩინეს... ერთხელ, როდესაც ვინმე „მადამ რევუარის პორტრეტი“ უნდა გაეტანათ აუქციონზე, ნახატს წინასწარ ჩაუტარეს რენდგენოლოგიური გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ქალის ქვეშ შალიაპინი „იმალებოდა“... მკაფიოდ მოსჩანდა მომღერლის სახე, მისი ფრანგული ბულდოგი, სახელად ბულკა და მარცხენა მხარეს, კუთხეში - რეპინის ხელმოწერა.

 

86 წლის ილია რეპინი გარდაიცვალა 1930 წელს, მისი მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე. იგი საკუთარ კარმიდამოში - „პენატების“ ეზოში დაკრძალეს. მხატვრის ანდერძის თანახმად მის საფლავზე ხის ჯვარი აღიმართა.

 

და ამ სტატუსს კვლავ ჩვენი იუბილარის სიტყვებით დავასრულებ:

 

„მშვიდობით ჩემო ძვირფასო მეგობრებო! დედამიწაზე უამრავი ბედნიერება მხვდა წილად: ძალზე დაუმსახურებლად მიმართლებდა ცხოვრებაში. ვფიქრობ, სართოდ არ ვღირდი იმ დიდებად, რომელზეც არასოდეს მიზრუნია და ახლა, ნეშტად განრთხმული და სამყაროს სიკეთით გულაჩუყებული, მადლობას ვწირავ ყველას, ვინც ასე გულუხვად განმადიდა.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი