logo_geo
დღეს პეტრე ჭაბუკიანის დაბადების დღეა
- +

5 აგვისტო. 2019. 19:10

 

დღეს ძალიან დიდი მოღვაწე კაცის, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მრავალი საქმის ინიციატორის, უზომო თავმდაბლობით განთქმული დიდი ქართველი მხარეთმცოდნის პეტრე ჭაბუკიანის იუბილეა. ვსარგებლობ შემთხვევით და სიამოვნებით წარმოგიდგენთ სრულიად ექსკლუზიურ ფოტოს, რომელიც ჩემს არქივშია დაცული. ფოტოზე აღბეჭდილი არიან საქართველოს კორიფეები, მათ შორის დიდი ქართველი რეჟისორი დავით რონდელი, რომლის „სამანიშვილის დედინაცვალი“ ქართული მხატვრული ფილმების ოქროს ფონდშია შესული, მის გვერდით დგას დღევანდელი იუბილარი, სახელოვანი ქართველი მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანი, იქვე დგანან დიდი ქართველი მსახიობები: გოგი გეგჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, ჯემალ ღაღანიძე, ტარიელ საყვარელიძე, ბაადურ წულაძე, ფილმის სცენარისტი რეზო ჭეიშვილი, მეორე რეჟისორი ზაქრო გუდავაძე, ოპერატორი ფელიქს ვისოცკი, მხატვარი ქრისტესია ლებანიძე, ფილმის ასისტენტი ირინა ბილანიშვილი, ფილმის გადამღები ჯგუფის სხვა წევრები და მსახიობები (თუმცა კადრს კიდევ ბევრი ცნობილი მსახიობი აკლია). მოკლედ, სახეზეა ქართველი ხელოვანების მთელი თანავარსკვლავედი, ჩემს გარდა, რასაკვირველია, რადგან ამ ფოტოზე სულ რაღაც 13 წლის ვარ.

 

ფოტო გადაღებულია ქუთაისში - 1966 წელს, ფილმ „ჩემი მეგობარი ნოდარის“ გადაღებების დროს, როდესაც ვერც კი ვაცნობიერებდი, რა დონის ადამიანებთან „მიწევდა“ ურთიერთობა. გმადლობ უფალო, რომ ამდენი გასახსენებლი დამიტოვე, თორემ ძალიან გამიჭირდებოდა ყოველდღიური საფიქრალის გადატანა...

 

ფილმის გადაღებების დაწყებამდე ბატონმა დავით რონდელმა თავად პეტრე ჭაბუკიანს შესთავაზა იმ როლის შესრულება, რომელსაც დიდებული ეროსი მანჯგალაძე თამაშობს. ბატონმა პეტრემ კატეგორიული უარი განუცხადა რეჟისორს, მაგრამ, სათაფლიაზე ფილმის გადაღებისას, წუთითაც არ ტოვებდა მოედანს, რომ ემანდ ვინმეს არ დაეზიანებინა დინოზავრის ნაკვალევი. განსაკუთრებით „ერჩოდა“ ბაადურ წულაძეს და გიჟური კობახიძეს - რომელიც წამდაუწუმ გადარბოდა და ნაკვალევში დგამდა ფეხს... ეტყობა აინტერესებდა, მისი ზომის „ფეხი“ ჰქონდა თუ არა დინოზავრს...

 

ახლა კი ორიოდ სიტყვა ჩვენს იუბილარზე: 1889 წლის 5 აგვისტოს ულამაზეს ქუთაისში დაიბადა კაცი, რომელმაც 1924 წელს, ქუთაისის თეთრამიწის გორაზე, პირველმა აღმოაჩინა ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარი, კაჟისა და ქვის იარაღი და სხვა ნაშთები რითიც დადასტურდა, რომ ქუთაისის მიდამოებში ცხოვრობდნენ ნეოლითის და ზედაპალეოლითის ხანის ადამიანები. 1925 წელს პეტრე ჭაბუკიანმა პირველმა აღმოაჩინა სათაფლიის ნაკრძალი, ხოლო 1933 წელს მანვე პირველმა მიაკვლია დინოზავრის ნაკვალევს სათაფლიას მღვიმის მახლობლად. იმავე 1933 წელს ბატონი პეტრე იყო პირველი, ვინც აღმოაჩინა მიწაში ჩამარხული ბაგრატის ტაძრის სამრეკლოს კარები და გუმანით მიხვდა, რომ იქვე ეკლესიაც უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა და გათხრების შედეგად მართლაც მიაკვლიეს ბაგრატის ტაძრის უდიდეს ნაწილს, რომელიც ბატონმა პეტრემ საკუთარი ხელებით გაასუფთავა.

 

პეტრე ჭაბუკიანმა დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი და მთელი ცხოვრება გეოგრაფიის მასწავლებლად და ბაგრატის ტაძრის მცველად იმუშავა, პარალელურად კი ქუთაისის მუზეუმთან თანამშრომლობდა.

 

ღვაწლომოსილი ქართველი პეტრე ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1982 წელს და იგი სათაფლიის ნაკრძალში დაკრძალეს.

 

ამ სტატუსს ლილი ნუცუბიძის შესანიშნავი ლექსით დავასრულებ:

 

„თმადათოვლილი ღმერთივით დგახარ

და შენეულად ჩაიღიმილებ,

სათაფლიის ტყის ფუტკარი შენ ხარ,

თაფლიც შენა ხარ, შენი ჭირიმე....

ახლაც ყვებიან შენზე არაკებს,

სადმე უშენოდ კარგი ბიჭები,

რა უცნაურად ალაპარაკე

სტალაქტიტი და სტალაგმიტები....

ოთხმოცი? მერე რა ვუყოთ, ჩემო,

მაგრამ ვინ როგორ მივემგზავრებით,

შენ უკვდავებაც გეყოფა ჩეროდ

იმ ,,იმერელი“ დინოზავრების.

მზეზე ბუბუნებს მშობელი მიწა

და ეს ბუბუნი არის სიამე,

შენ საქართველო სულ მისხალ-მისხალ,

სულ ნაბიჯ-ნაბიჯ შემოიარე.

ეს ლექსი ჩემი სულის კვამლია,

რომ წლებს არ მისცეს ნება განცხრომის,

სათაფლიაზე ორი კვალია -

დინოზავრის და შენი კაცობის.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი