logo_geo
თინათინ მღვდლიაშვილი: საოცარი, უაღრესად გულისმომკვლელი ფოტო...
- +

5 აგვისტო. 2019. 23:59

 

საოცარი, უაღრესად გულისმომკვლელი ფოტო. კადრში ჩანან საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია და გაზეთ „იბერია-სპექტრის" მთავარი რედაქტორი, აწ განსვენებული, ბატონი ირაკლი გოცირიძე.

 

რაღაც უკიდეგანოდ სევდიანს უყვება ბატონი ირაკლი პრეზიდენტს. ზვიადის სახეზე იკითხება მწუხარება, სევდა, შფოთი...

 

ბატონ ირაკლის კი, თითქოს, ნამტირალევი აქვს თვალები... 1993 წლის ოქტომბერში, მე და ბატონი ირაკლი ერთად ვიყავით გამოკეტილები სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახტში! ეს ღვაწლმოსილი, ცნობილი ჟურნალისტი სასტიკად იყო ნაწამები...

საქართველოს მარადიული ხმა! - ეს მეტსახელი ბატონმა ირაკლიმ მიწოდა და, გამოგიტყდებით, მეამაყება!.. ჩემს დოკუმენტურ მოთხრობაში, არა ერთხელ მოვიხსენიე ირაკლი გოცირიძე. აცხოვნოს უფალმა ბატონი ზვიად გამსახურდია და ბატონი ირაკლი გოცირიძე. მათი ადგილსამყოფელი სასუფეველშია, იქ, სადაც „მართალნი განისვენებენ“!..

 

თინათინ მღვდლიაშვილი

___________

 

ფელინის ფილმი, ოღონდ ნატურაში...

 

სამხედრო კომენდატურის ეზო. დიდი რკინის ჭიშკარი. მავთულხლართები.

ფელინის ფილმი, ოღონდ ნატურაში.

მე ბადრაგთან ერთად დაკითხვიდან მოვდივარ.

მამაკაცების საკანი. სარკმელთან ბატონი ირაკლი გოცირიძე.

 

- თინა! ძალიან გთხოვ, წაგვიკითხე ლექსი „დამარცხებაზე", - ახალგაზრდებო, თუ შეიძლება, მიეცით უფლება, წაგვიკითხოს ლექსი, - მიმართავს გვარდიელებს.

- შეიძლება, ლექსი წავიკითხო? - ვეკითხები ერთ-ერთ გვარდიელს.

- წაიკითხეთ, ოღონდ ჩქარა, - იშმუშნებიან გვარდიელები და შეშფოთებული თვალებით ათვალიერებენ მაღლივ სართულებს.

 

„ჩვენს საკანს ერთი აგურისხელა ჭუჭრუტანა ჰქონდა, საიდანაც სიცივე შემოდიოდა, მაგრამ, ხანდახან, კომენდატურის ეზოში გაყვან-გამოყვანისას, თინათინ მღვდლიაშვილი შემოგვძახებდა იქიდან თავის შესანიშნავ ლექსებს და გვამხნევებდა“, - მოგვიანებით დაწერს ჟურნალისტი რევაზ ურუშაძე.

 

ამჟამად კი საკნის სარკმელთან ვდგავარ და თავგანწირული სიმამაცით ვკითხულობ ჩემს პატარა ლექსს:

 

„დამარცხებაში არის სიმაღლე,

რაღაც მეფური და საოცრება.

დამარცხებაში არის სინათლე,

რაღაც ღვთიური და სასოება!

და ვერიდები გამარჯვებულებს,

გამარჯვებაში, აბა, რა ყრია?!.

მე ვეფერები დამარცხებულებს,

დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!"..

 

თინათინ მღვდლიაშვილი

ნაწყვეტი დოკუმენტური მოთხრობიდან

„მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი № 7“

_____________

 

თავისუფლებაზე უარს არავინ ამბობს

 

მეორე დღეს, 13 ოქტომბერს გამათავისუფლეს. 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. თითქმის სიკვდილის ტოლფასია საკნიდან გასვლა და თანამოაზრეების დატოვება, მაგრამ თავისუფლებაზე უარს არავინ ამბობს... ასე იყო იქ, კომენდატურაშიც!..

 

წინა დღეს გათავისუფლდა მშვენიერი გოგონა ლალი კიკვიძე.

 

მამაკაცების საკნიდანაც გავიდნენ პატიმრები.

 

საკნებში რჩებოდნენ: ირაკლი გოცირიძე, თამაზ კალაძე (ბ-ნი თამაზიც გაათავისუფლეს, მაგრამ, მოგვიანებით, კვლავ დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს), რევაზ ურუშაძე, ნაპო კვარაცხელია, გია არგანაშვილი, როსტომ კუტალია, მერაბ რიჟამაძე (გარდაიცვალა მოგვიანებით), ფრიდონ ქობალია, გალინა კეიდია, ნინო უზნაძე, დარეჯან ბიწაძე, ნატო ბუკია, ლუსია ბუკია, მედეა სურგულაძე, მანანა ლაბაძე, ქეთინო ნავროზაშვილი, ნინელი მაჩიტიძე და სხვები.

 

ჩვენ ვნახეთ ჯოჯოხეთი!.. ჩვენ სიკვდილი ვნახეთ!..

 

თინათინ მღვდლიაშვილი

ნაწყვეტი დოკუმენტური მოთხრობიდან

„მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი № 7“

_______________

 

ურჩი მიმინო

 

- ბატონო ირაკლი, ხომ ღირსეულად მეჭირა თავი საკანში? - რამდენიმე წლის შემდეგ ვკითხავ ბატონ ირაკლი გოცირიძეს.

- გეთანხმებით, მაგრამ თვალები რომ სულ ცრემლით გქონდათ სავსე?.. და, საერთოდ, თინა, თქვენ ორი კოკა გიდგათ თვალებში, საიდანაც განუწყვეტლივ იღვრება ცრემლი...

თინათინ მღვდლიაშვილი - საქართველოს მარადიული ხმა! - აი, ვინ ხართ თქვენ! - ასეთ გულისამაჩუყებელ სიტყვებს მეტყვის ბატონი ირაკლი და მე ორივე კოკიდან გადმომეღვრება ცრემლები.

- აი, ხომ ხედავთ, ისევ ტირით!.. თინა, მითხარით, სად, რომელ წყაროზე ავსებთ თქვენს კოკებს?

- ამ წყაროს საქართველო ჰქვია, ბატონო ირაკლი!..იმ წყაროს სათავეში ვავსებ ჩემს კოკებს და, ნეტავ იცოდეთ, როგორ მიყვარს ის ღვთაებრივი წყარო.

- თინა, თქვენ ანგელოზმა გაკოცათ შუბლზე,გესმით? ანგელოზმა გაკოცათ! - ცრემლმორეული მეტყვის ბატონი ირაკლი, შუბლზე ჩამოყრილ თმას გადამიწევს და მამაშვილურად მეამბორება.

ეს დიალოგი რამდენიმე წლის შემდეგ შედგება.

ახლა კი... ახლა საკანში ვიმყოფები და რკინის ნარზე ჩამომჯდარი ლექსს ვწერ.

 

საქართველოში კლავდნენ პოეტებს!..

 

ჯურღმულში ჩუმად ქვითინებს ქალი

და ავაზაკნი დანებს ლესავენ...

საქართველოში კლავდნენ პოეტებს,

მეც პოეტი ვარ და, მეც მომკლავენ.

მე ავირჩიე გზა ეკლიანი,

შემოვიხვიე ლექსის მანტია...

მე საქართველოს გავუმიჯნურდი

და შევთავაზე, რაც მაბადია.

და შინდისფერი ვწერე ლექსები,

და მზე ვატარე ხელისგულებით...

ციცქნა სამყარო შემოვიზომე

გვირილებით და მზესუმზირებით.

უარვჰყავ ფარჩა, ლალი და ძოწი,

დავჯერდი მხოლოდ გელათის ფერებს,

აღვმართე ქარში სიკეთის ბოძი

და სულის ტაძარს ვუმსხვრევდი დღეებს.

ვეფერე სიონს, ზარზმას და ბანას

და გუთნისდედას ჩავყევი ხნულში,

დავუმეგობრდი მტკვარსა და არაგვს,

დავიდაქალე ვარდი და ნუში.

ვაზის მტევნების მოვქსოვე კაბა,

ყელზე ავისხი ვაზის ცრემლები...

და მაფიქრებდა ბებერი საბა,

და მატირებდნენ მუხის ფესვები.

და, როცა ფერი ეცვალათ მტევნებს

და შეემზადნენ ვაზთა ომისთვის,

მე რქაწითელის მხარეს დავდექი

და დავისაჯე რქაწითელისთვის!..

შეჭამეს ჩემი ძვალი და ხორცი,

დალიეს ჩემი სისხლი, ვით ღვინო...

შემომესივნენ ვიღაც ავკაცნი

და სულის ნგრევა უნდა ვითმინო.

ვიცი, რომ მალე იასამნებით

ჩემი საფლავის გორაკს მორთავენ...

საქართველოში კლავდნენ პოეტებს,

მეც პოეტი ვარ და, მეც მომკლავენ!..

 

თინათინ მღვდლიაშვილი

1993

 

თინათინ მღვდლიაშვილი

ნაწყვეტი დოკუმენტური მოთხრობიდან

„მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი № 7“

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი