logo_geo
„შური ერთ-ერთი მთავარი გრძნობაა, რაც მაიძულებს, რაიმე ვაკეთო...“ - 1928 წლის 6 აგვისტოს ენდი უორჰოლი დაიბადა
- +

6 აგვისტო. 2019. 22:14

 

 

„შური ერთ-ერთი მთავარი გრძნობაა, რაც მაიძულებს, რაიმე ვაკეთო... მართალი გითხრათ, ნივთებს და ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობ, რომ წინდაწინ მშურს, ვაითუ ვინმე სხვამ იყიდოს და, საბოლოო ჯამში, ისინი კარგები აღმოჩნდნენ...“

 

ეს სიტყვები ჩვენს დღევანდელ იუბილარს ეკუთვნის და მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ დაგანახვოთ, როგორ აზროვნებენ ბევრისგან აბსოლუტურად განსხვავებული, ხშირად მიუღებელი და უცნაურად მოწყობილი ტვინის მქონე, უდავოდ ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს...

 

1928 წლის 6 აგვისტოს ცნობილ საუნივერსიტეტო ქალაქ პიტსბურგში დაიბადა ერთ-ერთი უცნობილესი ამერიკელი ხელოვანი, სკულპტორი, დიზაინერი, მხატვარი, კოლექციონერი, მწერალი, გამომცემელი, პროდიუსერი, კინორეჟისორი, ფოტოგრაფი და საერთოდ, კომერციული პოპ–არტის და კონცეპტუალური ხელოვნების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, საინტერესოდ წინააღმდეგობრივი ფიგურა და ნიუ-იორკის ბოჰემის მამა-მარჩენალი - ენდი უორჰოლი, რომელმაც დააფუძნა ე.წ. „homo universale“, ანუ „უნივერსალური ადამიანის“ იდეოლოგია, რისი „წყალობითაც“ მრავალ ადამიანს არშეაყვარა თავი.

 

მოგვწონს თუ არა, ენდი უორჰოლს XX საუკუნის გენია უწოდეს, ხოლო მისი ნამუშევრები დღემდე წარმოადგენენ ამერიკული პოპ-არტის ტრიუმფისა და უდიდესი კომერციული წარმატების სიმბოლოს და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე „გაყიდვადი“ არიან მთელ მსოფლიოში.

 

1963 წელს ენდი უორჰოლმა იყიდა შენობა მანჰეტენზე, იქ არტ-სტუდია გახსნა და მას „ფაბრიკა“ უწოდა. ის ადგილი სულაც არ წააგავდა ჩვეულებრივი მხატვრის ჩვეულებრივ სახელოსნოს... შენობაში იყო სრული „თავისუფლება“, ეწყობოდა საინტერესოდ გამაოცებელი და ბევრისთვის სხვანაირად „ახალი“ საღამოები და, რაც მთავარია, „კონვეიერივით“ იწარმოებოდა უორჰოლის (ხშირად) ეპატაჟური ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ხალხის კუმირების - მერილინ მონროს, ელიზაბეთ ტეილორის, მიკ ჯაგერის, ელვის პრესლის, ჯონ ლენონის და, არც კი დაიჯერებთ, თვით მაო ცზედუნისა და ლენინის პორტრეტებიც.

 

ენდი უორჰოლი „აფრენდა“ ცნობილ ადამიანებზე, თუმცა „უბრალო“ მოკვდავებიც უყვარდა და ყოველმხრივ ეხმარებოდა მათ.

 

1966 წლიდან ენდი უორჰოლი კინემატოგრაფით დაინტერესდა და ასზე მეტი მოკლემეტრაჟიანი და მრავალსაათიანი აბსურდისტული ფილმი გადაიღო, რომლებმაც დიდი კომერციული წარმატება „მიჰგვარეს“. მის ფილმებს ხშირად უწოდებდნენ „უსიუჟეტო ფილმებს“, რადგან მრავალი საათის განმავლობაში ეკრანზე მოსჩანდნენ მხოლოდ ენდის „ფაბრიკის“ სუპერვარსკვლავების, მათ შორის მისი ერთადერთი და განუმეორებელი ედი სეჯვიკის, შიშველი სხეულები. ენდი უორჰოლის ფილმებიდან განსაკუთრებით ცნობილია „ვინილი“, რომელიც „მექანიკური ფორთოხლის“ რიმეიქია და ანდერგრაუნდის სტილში გადაღებული ფილმი „გოგონები ჩელსიდან“, რომელიც თითქმის ერთი წელი არ ჩამოსულა ეკრანებიდან და მას მსოფლიო ანდერგრაუნდის კინოკლასიკა უწოდეს. გემოვნებაზე არ დავობენო, უთქვამს ჩემზე ჭკვიანს და მეც დავუჯერებ მთქმელს...

 

1968 წელს უორჰოლმა სპეციალურად დააფუძნა ლეგენდარული ჟურნალი „ინტერვიუ“, მხოლოდ იმისთვის, რომ იქ ცნობილ „გიჟებზე“ და „ჭკვიანებზე“ ესაუბრათ. პირველსავე ნომრებში დაიბეჭდა ინტერვიუ ჯონ ლენონთან, ბობ დილანთან, უილიამ ბეროუზთან, სალვადორ დალისთან... ჟურნალმა 50 წელს იარსება და მხოლოდ 2018 წელს დაიხურა.

 

საინტერესოა, რომ ენდი უორჰოლის ირგვლივ მუდამ ტრიალებდა ახალგაზრდების განსხვავებული სუბკულტურა, მათ შორის იყო ფემინისტი ვალერი სოლანსი, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ დაუნდობლად ესროლა და სასიკვდილოდ გაიმეტა თავისივე „გურუ“ - ენდი უორჰოლი... მართალია, ენდი-მასწავლებელი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ჭრილობების კვალი არა მხოლოდ მის სხეულს, არამედ მის ნამუშევრებს და, საბოლოო ჯამში, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობასაც დაეტყო... მის შემოქმედებაში გაჩნდა ელექტრო–სკამების, სუიციდის, კატასტროფების, დაკრძალვების თემატიკა, ბოლოს კი იყო სიკვდილი, რომელიც სწორედ ძველი ჭრილობების შედეგად დადგა.

 

1987 წელს 58 წლის ენდი უორჰოლმა, რომელსაც ნიუ-იორკის „კორნუელის“ სამედიცინო ცენტრში კუჭის სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, დაიძინა, გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. იგი მის საყვარელ პიტსბურგში დაიკრძალა.

 

ვიცი, გაგიხარდებათ და მხოლოდ მაგიტომ გეტყვით, რომ ცნობილი ქართველი მილიარდერის - ბიძინა ივანიშვილის უსაინტერესოეს კოლექციაში, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მართლაც საუცხოო „ნაკრებია“, დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ენდი უორჰოლის ერთ-ერთი ნამუშევარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი