logo_geo
თეა ფირცხალავა: წიგნი „წვიმის კაცი“ რეჟისორმა ბარი ლევინსონმა და განუმეორებელმა დასტინ ჰოფმანმა შედევრად აქციეს
- +

8 აგვისტო. 2019. 16:02

 

 

 

დასტინ ჰოფმანის იუბილესთან დაკავშირებით ყურადღებას გავამახვილებ ფილმზე, რომელშიც გენიალურმა მსახიობმა სრული დამაჯერებლობით განასახიერა აუტისტი რეიმონდ ბებიტი. საუბარი მაქვს ფილმზე „წვიმის კაცი“, რომელიც კიმ პიკის, ანუ როგორც მას შეარქვეს „კიმპიუტერის“ ზებუნებრივად „დატვირთული“ ცხოვრების რეალურ ისტორიაზეა აგებული.

 

კიმ პიკი დაიბადა 1951 წელს, სოლტ-ლეიკ სიტიში და მას დაბადებისთანავე დაუსვეს „აუტიზმის“ დიაგნოზი (ფილმის ეკრანებზე გასვლის შემდეგაც კი, აუტიზმზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოში - დღევანდელისგან განსხვავებით).

 

მოკლედ, კიმ პიკის მშობლებს უთხრეს, რომ იგი ვერასოდეს შეძლებდა სიარულს, კითხვას და ადამიანებთან ნორმალურად ურთიერთობას. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ექიმების დიაგნოზი მცდარი იყო და დადგინდა, რომ ბიჭუნას, აუტიზმთან ერთად, სჭირდა სავანტიზმი, ანუ ჰქონდა სავანტის სინდრომი. რომელიც კონკრეტულ სფეროებში ადამიანის ფენომენალურ ნიჭს გულისხმობდა.

 

ჰოდა, კიმმაც არ დააყოვნა და როგორც კი წამოიზარდა, გარშემომყოფთა განცვიფრებაც დაიწყო: წლინახევრისა იყო, როდესაც კითხვა სცადა, ხოლო სამი წლისა უკვე კითხულობდა და უმარტივესად იმახსოვრებდა და დეკლამირებდა დედის წაკითხულ წიგნებსა და გაზეთებს, უცნობი სიტყვების მოსაძებნად კი ვირტუოზულად იყენებდა განმარტებით ლექსიკონებს. 7 წლისამ ზეპირად იცოდა ბიბლია, ხოლო 14 წლისას უკვე შეეძლო ზეპირად დაესახელებინა დაახლოებით 12 ათასი წიგნი. რაც მთავარია, კიმს შემუშავებული ჰქონდა წიგნების შენახვის საკუთარი სისტემა, უკვე წაკითხულს თაროებზე უკუღმა აწყობდა, რომ მეორეჯერ დრო არ დაეხარჯა. კიმის აღზრდაზე ძირითადად მამა ზრუნავდა, რადგან იმ პერიოდში აშშ-შიც კი არ მოიპოვებოდა „სხვანაირი“ ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური სკოლები და სახელმძღვანელოები. 14 წლის კიმ პიკმა თავიდან ბოლომდე აითვისა სკოლის პროგრამა, მაგრამ ე.წ. ატესტატი მაინც არ მისცეს... ვფიქრობ, ამით კიმს არაფერი დაუკარგავს...

 

18 წლის კიმმა ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ამასთან, მას აინტერესებდა კინო, სპორტი, კოსმოსი, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა და ბევრს კითხულობდა. მან ზეპირად იცოდა თვითმფრინავებისა და მატარებლების გრაფიკი და ამერიკის ყველა ქალაქის რუკა. ამის შემდეგ პიკი დაინტერესდა კლასიკური მუსიკით და ნებისმიერი ნაწარმოების დაწერის უზუსტესი დეტალები იცოდა. 50 წლის კიმმა ფორტეპიანოზე დაკვრაც დაიწყო და სხვა ინსტრუმენტების პარტიების ფორტეპიანოზე ზეპირად გადატანაც შეეძლო.

 

მაგრამ.. იყო ერთი მაგრამ, რაც თან ახლდა ყველაფერ ზემოთქმულს: სხვების დახმარების გარეშე კიმს არ შეეძლო ღილების შეკვრა საკუთარ შარვალსა და პერანგზეც კი.

 

1984 წელს კიმ პიკმა გაიცნო მწერალი ბარი მოროუ, რომლის შედეგადაც დაიწერა წიგნი და სცენარი „წვიმის კაცი“, რომელიც რეჟისორმა ბარი ლევინსონმა და განუმეორებელმა დასტინ ჰოფმანმა შედევრად აქციეს. ფილმმა 4 ოსკარი, 2 „ოქროს გლობუსი“, „ბერლინის კინოფესტივალის“ გრან-პრი და 2 „დავიდ დი დონატელლო“ მიიღო.

 

ფილმის შემდეგ კიმ პიკის ჩაკეტილი სამყარო გაიხსნა და მან დაიწყო ადამიანებთან ურთიერთობა, საკუთარ თავზე ამბების მოყოლა და ხუმრობაც კი. იგი ბევრს მოგზაურობდა მამასთან ერთად და თავისი ზეადამიანური ტალანტის დემონსტრირებას ახდენდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს „გულმოდგინე“ ექიმებმა სავანტის სინდრომის გულდასმით შესწავლა. დღეს მსოფლიოში სავანტის სინდრომის მქონე სულ რაღაც 25 ფენომენი ცხოვრობს.

 

2009 წელს 58 წლის კიმ პიკი გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

P.S. მამას რომ ეფერება თავზე, იმ ფოტოს გულგრილად ვერ ვუყურებ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი