logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: სწორედ ამ ფილმის გადაღებისას, დაეწყო საშინელი პრობლემები...
- +

9 აგვისტო. 2019. 14:48

 

„ძალიან დილა მშვიდობის!

 

ჩემს ბავშვობაში, 70-იან 80-იან წლებში, ყველა ვმღეროდით სიმღერას სიყვარულზე, არტურ ჰილერის კინოფილმიდან, „Love Story“, რომლის ავტორი გახლდათ ფრენსის ლეი, ამავდროულად „ფილმი „ქალი და მამაკაცისთვის“ დაწერილი შესანიშნავი მუსიკის შემქმნელი...

 

ინგლისური ვინც ცუდად იცოდა, მაინც ახერხებდა „რაცხას“ და ქართული ასოებით იწერდა და სწავლობდა ამ სიმღერის ტექსტს...

თანაც, ქართველებს ხომ ინგლისურში აქცენტი არა გვაქვს, ზოგიერთებისგან განსხვავებით და

დავდიოდით და ვმღეროდით...

 

„Where do I begin to tell the story

Of how great a love can be

The sweet love story that is older than the sea

The simple truth about the love she brings to me“...

 

მერე ცოტა უფრო ემოციურად -

 

Where do I start ....

 

დღეს კი, მინდა შეგახსენოთ სიყვარულზე დაწერილი, კიდევ ერთი, ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი და უწრფელესი სიმღერა - კინოფილმიდან „პირადი მცველი“...

 

ინგლისური უკვე ბევრმა ისწავლა და უფრო ცივილიზებულად ვმღეროდით

 

„And...... I will always love you.

Will always love you.“

 

თანაც, And-ის შემდეგ პაუზასაც ვიცავდით , ხანგრძლივს...

აი, ეს პაუზაა, რომ მკლავს ამ სიმღერაში და თვითმფრინავების ილუმინატორებს რომ დავეძებ... სავარაუდოდ, კევინ კოსტნერის მოლოდინში)))...

 

მაგრამ პირველ და მეორე სიმღერას შორის ის განსხვავება იყო, რომ მეორეს უფრო მორიდებულად ვასრულებდით...

~

დღეს, სამარცხვინოდ, ბევრ არ ახსოვს, ვინ ასრულებდა „Love Story

-ს. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ «I will always love you» -ს მღეროდა შეუდარებელი უიტნი ჰიუსტონი, 400-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი. მათ შორის, 7 – „გრემია“, 31ჯილდო Billboard Music Award, 22 American Music Award, 7 Soul Train Music Award[en], 16 NAACP Image Awards, ამას დამატებული ერთი „ემი“, BET Lifetime Achievement Award და მრავალი სხვა...

შესაბამისად, 2009 წელს ის შევიდა გინესის რეკორდთა წიგნში, როგორც ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე შემსრულებელი...

 

ისე კი, ჩემი აზრით, ამ სიმღერის ჰიუსტონის შემდეგ შესრულების უფლება არავის არა აქვს...

ჩვენ თავს, არ ვგულისხმობ, მე მაგალითად, მსოფლიო ოპერის ყველა ტენორის არიებს ვმღერივარ უსირცხვილოდ))) საუბარია პროფესიონალებზე...

 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, გავიგე, რომ ეს სიმღერა ძველი მომღერლის, დოლი პარტონის რეპერტუარიდან იყო და თავის დროზე მან უარი უთხრა თავად ელვი პრესლის ამ სიმღერაზე უფლებების გადაცემაზე, თუმცა ძალიან უჭირდა მატერიალურად...

 

უიტნის კი ეს სიმღერა დაუთმო... იგრძნო, ალბათ, რომ უნდა დაეთმო და იმიტომ...

 

უნიჭიერესი, ულამაზესი და უკეთილშობილესი უიტნი ჰიუსტონი დაიბადა

ზუსტად ამ დღეს, 1963 წლის 9 აგვისტოს და სამწუხაროდ, თავის 50 წლისთავის იუბილეს გადახდასაც კი ვერ მოესწრო.... გაეფაიცვალა 48 წლის ასაკში...

 

მისი ოჯახი გამორჩეულად ტრადიციული და თბილი იყო... ოჯახის წევრებს საოცრად უყვარდათ ერთმანეთი, რისი გამოხატვის ნიჭიც გააჩნდათ...

უიტნის უფროსი 2 ძმა კი მას ხელის გულზე ატარებდა...

 

მან მოღერლის კარიერა დაიწყო 11 წლის ასაკში, საეკლესიო გუნდში...

ყვებოდნენ, რომ ისეთი ლამაზი ხმა ჰქონდა და შესრულების მანერა, რომ ეკლესიაში ხალხი მის მოსასმენად დადიოდა...

 

სკოლაში მისი საყვარელი საგანი იყო ისტორია. ის ოცნებობდა გამხდარიყო ან მასწავლებელი, ან ვეტერინარი...

 

ალბათ, რა ბედნიერები იქნებოდნენ ბავშვები და ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მაგრამ

ბედმა მას უფრო მაღალი მისია არგო წილად...

 

პირველი წინადადებები გრამფირფიტების ჩაწერასთან დაკავშირებით უიტნიმ ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მიიღო, მაგრამ დედამისმა ჩათვალა, რომ მის ქალიშვილს ჯერ საშუალო განათლება უნდა დაესრულებინა და ამიტომაც უიტნი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბარის ესტრადაზე პირველად მხოლოდ 15 წლის ასაკში გამოვიდა, თანაც, დედასთან ერთად, როგორც ბექ-ვოკალის შემსრულებელი.

სწორედ აქ შეამჩნია ის ამერიკის ერთ-ერთი ხმის ჩამწერი კომპანიის წარმომადგენელმა და დაიწყო მისი სერიოზული აღმასვლა აშშ-ის ჰიტ-პარადების ოლიმპზე.

 

ბევრმა არ იცის, რომ ვოკალური წარმატებების პარალელურად უიტნიმ 1980-იან წლებში სამოდელო ბიზნესშიც ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის გახდა პირველი აფროამერიკელი მოდელი, რომლის ფოტოები ცნობილი გამოცემების Glamour-ისა და Cosmopolitan-ის გარეკანზე დაიბეჭდა.

სხვათა შორის, მოდელად მუშაობის პერიოდში უიტნი უარს ამბობდა იმ ფირმებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, სადაც იმ დროს აპარტეიდი მეფობდა.

 

უიტნი ჰიუსტონის სადებიუტო ალბომი 1985 წელს გამოვიდა და მას „წლის აღმოჩენა“ შეარქვეს. უკვე 1987-1988 წლებში ჰიუსტონის ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში, გაიყიდა 20 მილიონი ეგზემპლარი (შავ ბაზარზე არაოფიციალური ჩანაწერების ჩათვლით) და 1988 წელს, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ჰიუსტონი ყველაზე ძვირადღირებულ მომღერალთა ტოპ-ოცეულში შევიდა.

 

აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ჰიუსტონმა შექმნა ბავშვთა დახმარების ფონდი, რომელიც ეხმარებოდა უსახლკარო და შიდსით დაავადებულ ბავშვებს. ყოველი კონცერტის შემდეგ მომღერალი თავის ფონდში სოლიდურ თანხებს რიცხავდა. ქველმოქმედება უიტნის ფორმალური მხარე კი არა, ცხოვრების ნაწილი იყო.

 

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ჰიუსტონი 2009 წლისთვის ითვლებოდა ყველა დროის მომღერალ ქალებს შორის ყველაზე ტიტულოვან მომღერლად, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის ჯილდოები ჰქონდა მიღებული (The Most Awarded Female Artist of All Time).

აშშ-ის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის ვერსიით, ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული შემსრულებლების სიაში მე-4 ადგილს იკავებდა.

 

1991 წელს ჟურნალმა People უიტნი ჰიუსტონი შეიყვანა პლანეტის 50 ყველაზე ლამაზი ადამიანის (ქალებიც შედიან და მამაკაცებიც) სიაში.

 

1992 წელს კი, როგორც მთელი მისი ლამაზი ცხოვრების და შემოქმედების აპოთეოზი, ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „პირადი მცველი“, სადაც ჰიუსტონს პარტნიორობა გაუწია საოცარმა კევინ კოსტნერმა.

 

სხვათაშორის, ეს სცენარი თავდაპირველად 1976 წელს იყო დაწერილი სტივენ მაკქუინისა და დაიანა როსისთვის, მაგრამ მაკქუინმა უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე.

შემდეგ მცველის როლი შესთავაზეს რაიან ო’ნილს, მაგრამ მას საკმაოდ რთული ურთიერთობები ჰქონდა დაიანასთან და ბოლოს შეჩერდნენ კევინ კოსტნერზე.

ხოლო მისი დაცვის ობიექტის რეიჩელის როლზე უამრავმა ცნობილმა მომღერალმა გამოთქვა პრეტენზია, მათ შორის, მადონამ და ჯანეტ ჯექსონმაც.

როლი კი ერგო უიტნის, რომლისთვისაც ეს კინოში დებიუტი იყო.

 

ძალიან მიყვარს… არა, ვგიჟდები იმ სცენაზე, როცა უიტნი თვითმფრინავიდან გამორბის კევინთან… რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, სულ ვტირი… თანაც ჰიუსტონის სიმღერის ფონზე…

მე ვფიქრობ, ნებისმიერი ქალი იმსახურებს ცხოვრებაში ერთ ასეთ გამოქცევას …

 

ჰიუსტონს კი ცხოვრებაში „მთავარი გამოქცევა“ ჰქონდა მისი მეუღლის, მუსიკოს ბობი ბრაუნის მიმართულებით…

 

ბევრი თვლის, რომ ბობი მისი ღირსი არ იყო, მით უმეტეს, რომ ჰიუსტონის თაყვანისმცემელთა რიგში ძალიან ბევრი ღირსეული მამაკაცი იყო, მათ შორის, ედი მერფი და რობერტ დე ნირო, რომელიც მართლა იყო მასში შეყვარებული და საქვეყნოდ აცხადებდა, რომ „უიტნი ყველაზე სექსუალური ქალია ყველა იმ ქალს შორის, ვინც კი მას შეხვედრია და უნახავს და რომ ის უმშვენიერესია“…

 

მაგრამ უიტნიმ ყველას არჩია ბობი, რომელთანაც საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა. ამბობენ, რომ სწორედ მან შეაჩვია უიტნი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, რის გამოც ის მძიმედ დაავადდა.

 

ეს სიყვარული, ზოგჯერ რთული და მტკივნეულიც, ბობის ღალატებით სავსე, გაგრძელდა 14 წელი...

თავის ბოლო ინტერვიუში, რომელიც უიტნიმ მისცა ოპრას, ის გამოუტყდა წამყვანს, რომ ნარკოტიკებზე იყო სერიოზულად დამოკიდებული, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მას არასდროს არ უღალატია ბობისთვის...

 

მათი სიყვარული გავდა პაექრობას...

უიტნი იმდენად ტრადიციულ ოჯახში იყო გაზრდილი, რომ უბრალოდ უნდოდა წყანარი და მყუდრო ოჯახი... ბობი კი ეჭვიანობდა თანაც არა მამაკაცებზე, არამედ უიტნის წარმატებებზე და კარიერაზე...

მეუღლის მხარდასაჭერად, უკვე ვარსკვლავად აღიარებული ჰიუსტონი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ბობის პრეტენზიულ და უნიჭო შოუში, რომელზეც იძახდნენ, რომ უიტნის ხათრი რომ არ ქონოდათ, მას ზუსტად 6 წუთში დახურავდნენ...

 

ძნელია გაამართლო ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი, რომ გაუგო, ალბათ, კიდევ უფრო ძნელია...

მაგრამ ოპრასთან თუ უიტნის ბოლო ინტერვიუს მოისმენთ (ფოტოზეა), არ ვიცი, იუტნის დამსახურებაა, თუ უნიჭიერესი ოპრასი, მაგრამ თქვენს წინაშე წარსდგება სრულიად დაუცველი, ცოტა მოტეხილი, მაგრამ მაინც საოცრად ხიბლიანი და ეშხიანი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ერთი შეხედვით მიაღწია ყველაფერს... სიწყნარის და ბედნიერების გარდა...

 

არა და მართლა ღირსი იყო...

 

ოპრა უინფრიმ, რომლის გადაცემაში მონაწილეობას პატივად თვლიდნენ და თვლიან ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსები და შემოქმედები განაცხადა, რომ ჰიუსტონთან ინტერვიუ მის კარიერაში ყველაზე წარმატებული ინტერვიუ იყო,

 

მე კი ყურადღება მივაქციე იმას, რომ რომ უიტნი ყველა შეკითხვაზე პასუხის დროს სულ უბრუნდებოდა თავის უკვე ყოფილ ქმარს ბობის.

 

არც გამკვირვებია… უიტნი ვერასდროს ასე ღრმად და ასე გულშიჩამწვდომად ვერ შეასრულებდა თავის სიმღერას I Will always love you, ასე რომ არ ჰყვარებოდა და ეს სიყვარული ასე მტკივნეულად რომ არ გაეტარებინა გულში…

 

ვინც იცნობდა, ყველა აღნიშნავს მის უშურველობას, კეთილმსურველ ხასიათს, ჰუმანურობას, წესიერებას...

 

ის ძალიან რომანტიკული იყო... მისი ყველაზე საყვარელი სიმღერა გახლდათ “Yesterday”...

ძალიან უყვარდა მტვრისასრუტით ოთახების დალაგება, სუში და ტომატის სუფი...

 

სასმელებში მისი გემოვნება ემთხვეოდა ჯეიმს ბონდისას))) უყვარდა კოქტეილი „ვოდკატინის“, რომელიც „ვოდკისგან“, როგორც უცხოელები რუსულ არაყს უწოდებენ (75 მლ), მშრალი ვერმუტისგან (25 მლ), 6 ნაჭერი ყინულისგან, 1 ზეთისხილისა და ლიმონის ცედრისგან მზადდება.

მთავარი კი ისაა, რომ ეს სასმელი მარტინისთვის განკუთვნილ ჭიქაში უნდა ჩაასხათ, თორემ პეწი ეკარგება. თანაც არ დაგავიწყდეთ ამერიკელების ერთი ცნობილი, ცოტა უხეში ფრაზა: „მარტინი მანდილოსნის მკერდს ჰგავს, ერთი — არასაკმარისია, სამი კი - უკვე ზედმეტი…

 

ფერებში კი გამორჩეულად ეტრფოდა მკრთალად იასამნისფერს... სწორედ ამ ფერის კაბაში გაჰყვა ცოლად ბობის...

 

სამწუხაროდ, ფერში არ გაუმართლა...

 

მახსოვს ჩემი „სრულიად გაუბრაზებელი და ტოლერანტული“ ბებია ძალინ ბრაზდებოდა ხოლმე, როცა ქორწილში ვინმე ორიგინალობდა და იმეორებდა - „ქალს ქორწილში უნდა ეცვას თეთრი ფერის კაბა და მორჩა... ასეთი წესიაო“...სხვათაშორის, მე მოწითალო მეცვა და მერამდენჯერ დავრწმუნდი ალე ბებიას სიბრძნესა და სისწორეში...

 

2002-2009 წლებში შესანიშნავი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი , რომელსაც ეძახდნენ „The Voice”, სცენაზე არ გასულა.

2009 წელს ის ეცადა დაბრუნებულიყო, მაგრამ, ხომ იცით, წასვლა ადვილია, დაბრუნება კი რთული...

უფრო სწორედ, დაბრუნება ადვილია მხოლოდ იქ, სადაც ჯობია, რომ არ დაბრუნდე...

 

2011 წელს ის ჩაეწერა რეაბილიტაციის პროგრამაში, ხოლო

 

2012 წლის თებერვალში, ნახეს გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში...

 

4 წლის შემდეგ, ნარკოტიკებისგან გარდაიცვალა მისი ერთადერთი ქალიშვილი, 22 წლის ბობი კრისტინა ბრაუნი...

 

მე კი მაინც კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ ეპიზოდს, იუტნი ჰიუსტონი რომ თვითმფრინავიდან გამორბის, კოსტნერთან...

 

გვიან მივხვდი, რომ ის პირადად კოსტნერთან კი არ გამორბის...

 

უბრალოდ გარბის თავისი ცხოვრების რეისიდან, რომელიც, სამწუხაროდ,

 

განწირული იყო...

 

სწორედ ამ ფილმის გადაღებისას, დაეწყო საშინელი პრობლემები...

 

გამორბის ისე, თითქოს, ცხოვრებში რამის შეცვლა შეიძლებოდეს...

 

ან ფილმივით ახალი დუბლის გადაღება...

 

არა და, თურმე შეიძლება...

 

როცა ყველას ასე უყვარხარ და ახსოვხარ!!!

 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ძალიან სიყვარულიან დღეს

 

(“And„-ის შემდეგ, ხანგრძლივი პაუზით)...“, - წერს ლელა ანჯაფარიძე.

 

 

big_banner
არქივი