logo_geo
თეა ფირცხალავა: 1936 წლის 9 აგვისტოს „საუკუნის მეკარედ“ წოდებული სერგო კოტრიკაძე დაიბადა
- +

9 აგვისტო. 2019. 20:55

 

1936 წლის 9 აგვისტოს ჩოხატაურში დაიბადა ქართველებისთვის საამაყო კიდევ ერთი კაცი, საქართველოს „კარიბჭის“ საუკეთესო მცველი, ყველა დროის და სრულიად სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი და „საუკუნის მეკარედ“ წოდებული ფეხბურთელი სერგო კოტრიკაძე, რომელსაც 1964 წელს ტაშკენტში - სსრკ ჩემპიონატზე თბილისის „დინამოს“ ბრწყინვალე გამარჯვების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით - „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭეს 2014 წელს, რასაც, სამწუხაროდ, ვეღარ მოესწრო...

 

არასოდეს დამავიწყდება 1964 წლის 18 ნოემბერი და ჩვენს ოჯახში ამტყდარი საზეიმო „აურზაური“... ღმერთო, რამდენ სიხარულს გვანიჭებდნენ დ დღესაც გვანიჭებენ სპორტის სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართველი სპორტსმენები...

 

ბატონი სერგო თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“, იყო სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ ეროვნული ნაკრების შეუდარებელი მეკარე, სსრკ თასის ფინალისტი, რომელმაც 260 მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში და რამდენჯერმე დასახელდა წლის საუკეთესო მეკარედ.

 

ბატონ სერგოზე მხოლოდ აღმატებით ხარისხში წერენ და საუბრობენ და ის ამას იმსახურებდა. დღესაც ზეპირად ვიცი თბილისის „დინამოს“ კოტრიკაძისდროინდელი და უფრო მერე, ყიფიანისდროინდელი გუნდების ფეხბურთელთა სრული შემადგენლობის სახელები და გვარები... მე კი არა, მთელი საქართველო აღმერთებდა ჩვენს ბიჭებს... იმედია, რომ უახლოეს მომავალში ქართული ფეხბურთი „იმ“ დროის „დინამომდე“ ამაღლდება და ახალი ძალებით იფეთქებს...

 

2011 წელს 74 წლის სერგო კოტრიკაძე გულის შეტევით გარდაიცვალა სტოკჰოლმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ახლდა.

 

P.S. ახლა ფოტოებს ვუყურებდი და ჩემთვის გავიფიქრე, რა სიმპათიური იყო ჩვენი „მფრინავი“ იუბილარი-მეთქი...

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220195999789986

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი