logo_geo
თეა ფირცხალავა: 1945 წლის 9 აგვისტოს ზურაბ საკანდელიძე - ჩვენი საკო დაიბადა
- +

9 აგვისტო. 2019. 21:05

 

1945 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა ქართული სპორტის ერთ-ერთი ლეგენდა, უდიდესი ქართველი კალათბურთელი, ერთგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, 1960-70-იანი წლების (ჩემი აზრით, კი ყველა დროის ერთ-ერთი) საუკეთესო კალათბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენების კავალერი, მაღალ–ჩქაროსნული და რეაქტიული თვისებებით დაჯილდოვებული სპორტსმენი, დიდებული ფლეიმეიქერი, რომლის დარიც ჩვენს თანამედროვეობაში არავინ მოიძებნებოდა - არც ევროპაში და არც მსოფლიოში, სასახელო ქართველი კაცი, განუმეორებელი მეუღლე, მამა, მეგობარი და ოჯახიშვილი და... საერთოდ, ცხოვრებაშიც ჩემპიონი ადამიანი ზურაბ საკანდელიძე – ჩვენი საკო.

 

ზურამ კალათბურთის თამაში დაიწყო 1950 წლიდან, როდესაც უფროსმა ძმამ ანზორმა სახელოვანი ტრენერის სულიკო თორთლაძის სპორტულ სკოლაში მიიყვანა. ამბობენ, რომ როდესაც ვარჯიშის დროს ყველაზე მაგრად მორბენალი და ბურთის ჯადოსნურად „მომთვინიერებელი“ ზურა საკანდელიძე და მისი „საოცრებები“ დაუნახავს, კალათბურთის მაესტროს - ოთარ ქორქიას იქვე უთქვამს, ამისგან ნამვილად დადგება კარგი მოთამაშეო, რაც უკვე გამარჯვების ტოლფასი იყო.

 

15 წლის ზურაბი ქუთაისიდან თბილისში გადავიდა და ინსტიტუტში ჩაბარებისთანავე გახდა თბილისის „დინამოს“ კალათბურთელთა გუნდის მოთამაშე, რომელსაც ბატონი ოთარ ქორქია ავარჯიშებდა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ზურას ლეგენდარული კარიერა, რომელშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ყველა დროის უდიდესმა ტრენერმა ალექსანდრ გომელსკიმ, რომელმაც 1964 წლიდან ზურა თავის გუნდში, შემდეგ კი სსრკ -ს ნაკრებში მიიწვია.

 

ჩვენმა საკომ 70 მატჩი ითამაშა ნაკრებში და უდიდესი წვლილი შეიტანა მის გამარჯვებებში. მოგვიანებით, როდესაც გომელსკის მოღვაწეობის შესახებ წიგნი გამოიცემა, მაესტრო ასეთ სამახსოვრო წარწერას გააკეთებს ზურასთვის ნაჩუქარ წიგნზე: „ჩემს სახელოვან საკოს, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კალათბურთელს, ბედნიერი ვარ, რომ შენთან ერთად ვიშრომე სსრკ-ს ნაკრებში, სადაც შენ ჩემი მოწაფე იყავი, მერე კი ძვირფასი მეგობარი გახდი. დაე, შენი ცხოვრება მუდამ მზით იყოს გასხივოსნებული, რადგან თავად ხარ ალმასი".

 

სამწუხაროდ, ზურას „მზით გასხივოსნებული ცხოვრება“ უცებ დაბნელდა, როდესაც გაიგო, რომ 31 წლის უსაყვარლესი შვილი და მისი იმედი გამოეცალა... მას შემდეგ სიცოცხლე ჩალის ფასი გახდა მისთვის და უკვე „შეჩენილი“ დაავადების მკურნალობასაც თავი ანება... ყოველთვის ბრძოლისუნარიანი ზურა საკანდელიძე უბრძოლველად დანებდა სიკვდილს და... 2004 წელს კალათბურთის 58 წლის „მფრინავი“ ლეგენდა თავის ვაჟთან გაფრინდა.

 

2015 წელს ქუთაისში გაიმართა ზურაბ საკანდელიძის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამასთან, ქუთაისის სპორტულ მუზეუმში მოეწყო უდიდესი კალათბურთელის ფოტოების გამოფენა და ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც ავტორმა „ოქროზე ძვირფასი ზურაბ საკანდელიძე, ოლიმპიური სინჯის ოქროს მედალოსანი“ უწოდა. იმავე დღეს ქუთაისის ოლიმპიურ სკვერში გაიხსნა ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი, რასაც მისი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220196098232447

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი