logo_geo
არმაგედევანი, ანუ გედევანის ცუდი ნიკოლოზობა
- +

10 აგვისტო. 2019. 01:46

 

კაცი რომ მოვკლა და დამიჭირონ, ჩემი სახით განსასჯელის სკამზე ჟურნალისტი აღმოჩნდება თუ კაცის კვლაში ეჭვმიტანილი? ჩაითვლება თუ არა ჩემი დაკავება თავისუფალ მედიაზე ზეწოლად ან თუ მოუბრუნდება ვინმეს ენა, რომ თქვას, თითქოს ჟურნალისტები არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და რომ მათზე ტერორია გამოცხადებული?

 

მაგრამ, ჯერ უნდა დამიმტკიცონ, რომ კაცისმკვლელი ვარ, მანამდე კი, ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს, ნურავინ იტყვის, რომ შეუძლებელია ჟურნალისტმა ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტოს. შეუძლებელი არაფერია, საკუთარ თავზე თავს ვერ დავდებ. სადმე დონაძეს რომ გადავეყარო, გონებაში უცებ გაიხსნება ფაილი, სადაც რობაქიძის, გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის მკვლელობებია ჩაწერილი და ამ დროს საკუთარ თავზე პასუხს მართლა ვერ ვაგებ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ არის ის, რომ ნურავინ იტყვის ჩემზე „მან კაცი მოკლა“. თქვით, რომ მკვლელობა ჩავიდინე.

 

ჰო, მაგრამ ჟურნალისტი და მკვლელი?!

 

ვითომ, რატომაც არა? ეგეთებს მოუკლავთ და ეგეთებს მოუპარავთ?!

 

ყველაფერი ხდება... სამწუხაროდ. მსხვერპლი ხომ მსხვერპლია, მაგრამ მკვლელიც მსხვერპლია – დროის, გარემოების, საზოგადოების, ნერვების და რა ვიცი, კიდევ რის, რადგან ყველაფერი ხდება.

 

აი, ნიკა გვარამია დაიჭირეს – ახალგაზრდა, სიმპათიური კაცი, სოხუმელი, ინტელექტუალი, კარგი მამა, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მეგობარი, მეზობელი, კარგი იურისტი... ერთი ორჯერ თუ შევხვედრილვარ და ამიტომ მის დადებით თვისებებზე ვერც ვერაფერს ვიტყვი. რაც ჩამოვთვალე, არის ის, რასაც უკვე ორი დღეა უსაშველოდ გაწელილი „კურიერის“ საშუალებით ვისმენთ. თუმცა ცხოვრება გუშინწინ არ დაწყებულა და არც დღეს, ხვალ და ზეგ მთავრდება, თუმცა ამბობენ, დედამიწას რაღაც უნდა დაეჯახოსო.

 

მოკლედ, გვარამიაზე ვისმენთ დადებითს, მხოლოდ დადებითს და არაფერს დადებითის გარდა. „წმინდანი ყოფილხარ, შვილო ჩემო...“ – ვარლამ არავიძე რომ ეუბნება აბელ არავიძეს, მაგრამ რა წმინდანი – „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ მე გადავიღე? გადაიღო გვარამიამ, მხოლოდ გვარამიამ და არავინ, გვარამიას გარდა, რადგან მე მჯერა ტიტრების, ხოლო ტიტრებში სცენარის ავტორად, რეჟისორად და პროდიუსერად მხოლოდ ნიკა გვარამია ფიგურირებს. დამკვეთის ვინაობა არ სახელდება.

 

შემდეგ იყო მინისტრის კაბინეტი განათლების სამინისტროში, სადაც საღამოობით მიდიოდა, არც აკეთებდა რამეს და არც აფუჭებდა, თუმცა არაფრის კეთებაც ხომ გაფუჭებაა? ერთადერთი, რაც მახსოვს და რაც განათლების სამინისტროში მითხრეს – ნიკამ ოჯახი ბარსელონაში წაიყვანა, ფული კი სამინისტრომ გადაიხადაო. შემდეგ, მთლად ანეკდოტი – განათლების მინისტრი სასწავლებლად გაემგზავრა. შემდეგ, არ იყო ჩამიჩუმი და სულ ახლახანს, როდესაც უკვე მეგონა, რომ ბიჭი დაფიქრდა, ბიჭი მიხვდა და ბიჭი გაერიდა, უცებ გავიგე, რომ ბიჭი „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორია და, გული დამწყდა, რადგანაც მივხვდი – ბიჭი არ დაფიქრდა, ვერ მიხვდა და არ გაერიდა.

 

გვარამია ინტელექტუალია, გვარამიას წუთზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა მოსაფიქრებლად – რამდენიმე წელი და კიდევ რამდენიმე დღე. კითხვა იყო სრულიად კონკრეტული, კითხვის ავტორიც – სრულიად კონკრეტული, სავარაუდო პასუხი – მხოლოდ ორი... ბევრს ექნება წაკითხული ო’ჰენრის არაჩვეულებრივი ნოველა „გზები, რომლებსაც ვირჩევთ“.

 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უსაშველოდ გაწელილი „კურიერის“ მორიგი საინფორმაციო გამოშვება თუ შხამის მორიგი გადმოშვება. დასრულდა დავით ქაშიაშვილის სიუჟეტით, რომელიც დღეს, 21 დეკემბერს დაანონსებულ არმაგედონს ეხებოდა. „ჩვენი პლანეტის მოსალოდნელი აღსასრულის ყველას ეშინია“ – თავიდანვე გვახარა სიუჟეტის ავტორმა.

 

რა მარტივად, რა იოლად იციან ხოლმე თქმა – „ყველას“. მე რომ არ მეშინია? ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს რომ არ ეშინიათ? ჩემს მეზობლებს და თანამშრომლებს რომ არ ეშინიათ? ჩემს გარშემო არავის რომ არ ეშინია? და, საერთოდ, ბრიყვი უნდა იყო, მაგისი რომ გეშინოდეს და არც არავინაა მაგის ბრიყვი, თუმცა „რუსთავი 2“ სხვანაირად ფიქრობს, „რუსთავი 2“–სთვის ყველა ბრიყვია და ფიქრობს, რომ რადგან ვინც კი მის ეთერში გვარამიას დაკავებაზე კომენტარი გააკეთა და გვარამია ყველამ დადებით კონტექსტში მოიხსენია, ამიტომ მთელი საქართველო ასე ფიქრობს.

 

რადგან ინტელექტუალი ბაქრაძისთვის ნიკა სიწმინდის განსახიერებაა, რადგან ინტელექტუალ მეტრეველისთვის ნიკა სისპეტაკის სიმბოლოა, რადგან ინტელექტუალი გედევან ფოფხაძისთვის ნიკა გულწრფელობის აპოთეოზია და რადგან, და რადგან და რადგან...

 

რადგან, თურმე, გედევან ფოფხაძეს ასეთი ცუდი ნიკოლოზობა ჯერ არ ჰქონია... ნიკა კვინტრაძის ოჯახისთვის როგორი იყო ეს ნიკოლოზობა და წინა ნიკოლოზობა? როგორია ნიკოლოზობა გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილისა და სხვა უამრავი, უდანაშაულო, ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების მეგობრებისთვის? როგორია ყოველი დილა და საღამო მისთვის, ვისაც ამ წლებში და მანამდე ახლობელი მოუკლეს?

 

გედევან ფოფხაძეს არ ახსოვს 1992 წლის ნიკოლოზობა, არ ახსოვს 1993 წლის ნიკოლოზობა, არ ახსოვს 2008 წლის ნიკოლოზობა. ტვინის უჯრედებში არ არის საქმე, საქმე გულის კუნჭულებშია და თუ გულის კუნჭულები ხსოვნას არ ინახავს, ტვინის უჯრედებში შენახული ცოდნა მხოლოდ იმისთვის გამოდგება, რომ სმოკინგი ჩაიცვა, პეპელა გაიკეთო და პირდაბჩენილი ცდილობდე გამოიცნო, რა დევს შავ ყუთში და თუ გამოიცნობ, მაშინ შენია ეს ქვეყანა – შენ ხარ „ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის“ გენერალური დირექტორი, არასოდეს ყოფილხარ ყოვლად გახრწნილი და გათახსირებული რეჟიმის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორის მოადგილე და მხოლოდ იმას ფიქრობ, რომელ გაჭირვებულს და გაუბედურებულს აჩუქო უკანასკნელი პერანგი.

 

ქართულად ითქვა, რომ ნიკა გვარამიას მოეკითხება ის, რაც ჩაიდინა მანამ, სანამ ტელეკომპანიის გენდირექტორი გახდებოდა. ასევე, დროებით უმუშევრებს, ბატონებს მელნიკოვს, ახალაიებს, თოფურიძეს და სხვებს მაშინდელი მოეკითხებათ, როდესაც ცა ქუდად არ მიაჩნდათ, დედამიწა ქალამნად და სხვისი სიცოცხლე, უფლება და თავისუფლება ოდნავი პატივისცემის ღირსად. აფრასიძეები არ ჰკითხავენ გია ბარამიძეს „რატომ არ მოგვცეს მაპი?“ ისინი ჰკითხავენ: „რატომ ამოგვიწყვიტე ოჯახი?“

 

და რა ვქნათ ახლა – უმუშევრებისა და პარლამენტარების მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები პარლამენტარებსა და უმუშევრებზე განხორციელებულ ზეწოლად შევაფასოთ?

 

გამიკვირდა, როდესაც ნიკა გვარამია იმ ტელეკომპანიის დირექტორად დაინიშნა. ახლა, როდესაც არჩეული და არარჩეული ომბუდსმენები, მწერლობაზე და მუსიკოსობაზე ოცნებებში დაბერებული ძალად მწერლები და ძალად მუსიკოსები, ვერშემდგარი ჟურნალისტები და ექსპერტები და სხვები და სხვები გვარამიას დაკავებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებენ, აღარ გამიკვირდება, თუ „რუსთავი 2“–ის დირექტორად ხვალ ზურაბ ადეიშვილს ვიხილავთ და შევიტყობთ, რომ უკვე რა ხანია, რაც დათა ახალაია ჟურნალისტია, სოსო თოფურიძე – ოპერატორი, გურამ დონაძე – ვიზაჟისტი და დავით კეზერაშვილიც არის რაღაც, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაცას გამოუძებნიან.

 

ხელი არ ახლოთ, ჟურნალისტები არიან!!!

 

მართლა ჟურნალისტები არიან? ამ კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს მედია–ექსპერტები გაგვცემენ, ოღონდ – ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ ბოლო–ბოლო, თუ რა დევს იმ შავ ყუთში – „დამოუკიდებელი ტელეკომპანიის“ გენერალური დირექტორი თუ გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ავტორი ფილმისა „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, ეს ყველაზე უკეთ (გედევან ფოფხაძეზე და გიორგი ბაქრაძეზე უკეთაც) ნიკა გვარამიამ იცის.

 

სხვათა შორის, ახლა ვერ ვიხსენებ, მაგრამ იქნებ ვინმემ შემახსენოს, რა თანამდებობაზე მუშაობდა ბ–ნი გვარამია მაშინ, როდესაც სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შევარდა, ვინ იყო მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი და ბარემ ისიც მითხარით, ვინ შეადგინა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია?

 

გიგი მესვეტე

 

 

 

big_banner
არქივი