logo_geo
10 აგვისტოს მამუკა კიკალეიშვილს 59 წელი შესრულდებოდა...
- +

10 აგვისტო. 2019. 14:47

 

მართლა მამუკა და ცეკვა საელჩოსთან...

 

დღეს, 10 აგვისტოს, მამუკა კიკალეიშვილს შეუსრულდებოდა 59 წელი...

ამ ცხოვრებიდან კი 39 წლის ასაკში წავიდა...

ის ნამდვილი ადამიანი - დღესასწაული იყო! ნიჭიერი, ტკბილი, მზესავით

თბილი ადამიანი...

 

ახლა წავიკითხე - 

ერთერთი ინტერვიუ მის ყოფილ მეუღლესთან, ნინო კობერიძესთან, რომელიც შორიდან ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, შესანიშნავ მსახიობად მიმაჩნია დღესაც და ძალიან მინდა, რომ თავისი ნიჭის რეალიზაცია შეძლოს...

 

თავად ნინო ყვება და ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, მისი სიტყვები გავიმეორო...

 

მან მამუკას გვერდით 9 წელი გაატარა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ მამუკას მხრიდან ღალატის შემდეგ. ჟურნალისტის შეკითხვაზე - მამუკას შერიგების მცდელობა არ ჰქონია?

ნინომ ასეთი გულწრფელი პასუხი გასცა

- ეს მხოლოდ მცდელობა იყო. მე მზად ვიყავი, მისთვის მეპატიებინა.

 

მამუკასთვის მართლა ძნელი იყო რამე არ გეპატიებინა...

 

საოცრად მომხიბვლელი ადამიანი იყო, ენერგიას აფრქვევდა და ეს ენერგია დადებითი ვირუსივით (თურმე, ასეთებიც არსებობენ), გადამდები იყო..

 

მე კი, დღეს ისევ მინდა გავიხსენო მასთან ერთად მოსკოვში, საქართველოს საელჩოში გატარებული დრო...

 

მაშინ უკვე ეტყობოდა, რომ მოტეხეს პრობლემებმა...

 

თვალები ქონდა საშინლად სევდიანი, მაგრამ მაინც ცდილობდა გავემხიარულებინეთ, სულ ხუმრობდა, ცეკვავდა, თავის ცნობილ შპაგატზე ჯდებოდა...

 

ხელფასის დღეს, ურიგოდ მიდიოდა ფულის ასაღებად... იმიტომ კი არა, დრო რომ არ ქონდა, ისევ ჩვენ რომ გავეხალისებინეთ...

 

გამოჩნდებოდა დერეფანში... და მაგალითად, იკითხავდა: „ფეხმძიმე ქალებს ურიგოდ ხომ უშვებთო?“

 

აგვიტყდებოდა სიცილი და ვპასუხობდით ერთხმად „კი!“

 

ამოისუნთქავდა „შვებით“ და „აგაშენათ ღმერთმაო“ და მართლა ფეხმძიმე ქალივით, ოხვრით მიადგებოდა სალაროს კარს...

 

იქიდან კი გაბრწყინებული გამოვარდებოდა ხოლმე და ყველას დაგვდევდა სათითაოდ, რესტორანში წასაყვანად...

 

ყველა ხელფასზე ახალ რამეს იგონებდა...

 

ხოდა მეც სულ მახსენდება მასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ისტორია...

 

საელჩო... შაბათი დღე იყო და ვმორიგეობდი...

 

ანუ, 9-დან 3 საათამდე მე უნდა ვმჯდარვიყავი ელჩის, ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძის კაბინეტთან მისაღებში და 3-ის მერე მცვლიდა მამუკა...

 

ის, რომ მამუკა დისციპლინით არ გამოირჩეოდა, ვიცოდი და დილიდანვე ვნერვიულობდი, რადგანაც 4-ზე ერთ ადგილას უნდა ვყოფილვიყავი...

 

სადღაც 2-ზე გადავურეკე მამუკას და ვთხოვე: „არ დაიგვიანო თქო“...

 

შეიცხადა: „რას ლაპარაკობო შენ, როდის ყოფილა მაგიო, მე რომ შენთვის მეღალატოსო და ა.შ.

 

მეც არ გამიხსენებია, როდის ყოფილა... არა და ზუსტად ერთი კვირის წინ „ყოფილა“...

 

ვზივარ და ველოდები... ბატონი ელჩი დილიდან შეხვედრაზეა და ამიტომ ვეწევი და ვეწევი მისაღებში...

 

მოკლედ, შევამჩნიე, რომ სიგარეტი მიმთავრდება და ისევ გადავურეკე მამუკას და ვთხოვე, წამომიღე ერთი ყუთი მეთქი...

 

„აბა, რას ვიზავო!“, თანაც კიდევ ერთხელ დამპირდა. „ზუსტად 3-ზე მანდ დარჭობილი ვიქნებიო“...

 

ვეწევი ბოლო სიგარეტს... თვალს არ ვაცილებ საათს და მართლაც, სადღაც 3-ს აკლია 5 წუთი და მამუკას მანქანის ხმა მესმის, რომელიც უახლოვდება საელჩოს შესასვლელს...

 

ეს ისე ვთქვი „მამუკას მანქანის ხმა მესმის თქო“, ტყუილად...

 

მანქანის ხმას რომ ვარჩევდე, რა მიჭირს, ორი მანქანა ერთმანეთისგან თუ რადიკალურად არ განსხვავდება ფერით და განსაკუთრებით სიდიდით, ჩემთვის სულერთია...

 

გადავიხედე გარეთ, ვხედავ მუქი ფერის გრძელი მანქანაა, ესე იგი მამუკაა და გადავწყვიტე, სულ რომ ცეკვავს და მაიმუნობს, ერთხელ მეც დავხვდები სხვანაირადთქო... არ შემიძლია თუ რა ... და გავვარდი სადარბაზოსთან...

 

 

მანქანა რომ მთლად გამისწორდა. გავიხედე მარცხნივ, რუსი მილიციელი „ბუდკაში“ რომ არ გამეგიჟებინა (კიდევ კარგი არ იყურებოდა), და შევასრულე...

 

სავარაუდოდ, ინდიელთა ტომის რიტუალური, ძალიან ექსცენტრიული ცეკვა, რომელიც დავასრულე ორივე ფეხის ჰაერში მიბაკუნებით და პლისეცკაიას რევერანსით...

 

...მანქანის კარი გაიღო და გადმოვიდნენ...

 

ელჩი, ბატონი ვაჟა და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც მიცნობდა, როგორც მედალოსანს და სერიოზულ დიპლომატს...

 

მართალი გითხრათ... არც არაფერი ამიხსნია... აბა, რა აზრი ქონდა... რით უნდა ახსნა, რომ მორიგე დიპლომატი, შუა მოსკოვში ცეკვავ საელჩოს წინ... თანაც ასეთ ეგზოტიკურ ცეკვას...

 

...მამუკამ, რა თქმა უნდა, დაიგვიანა, მაგრამ ჩემი გულის მოსაგებად მომიტანა ერთი ყუთი „მარლბოროს“ მაგივრად, ერთი ბლოკი შავი „სობრანიე“ და ვაპატიე...

 

ისე კი, იმისთანა „ტრაგიკულად დაყენებული“ სახით შემოვიდა... ისედაც ვაპატიებდი...

 

ის საელჩოში კურირებდა კულტურას და ეს შესანიშნავად გამოსდიოდა...

 

ერთხელ დავინახე, რა „ვიზიტკებს“ არიგებდა და კინაღამ სავარძლიდან გადმოვვარდი...

 

მოგეხსენებათ, დიპლომატის „ვიზიტკები“ უნდა ემორჩილებოდეს მკაცრ პროტოკოლს, ფერით, ზომით, თავდაჭერილობით...

 

მამუკას ვიზიტკა იყო უზარმაზარი (ჩვეულებრივზე მინიმუმ 2-ჯერ დიდი), ზედ ჰოლოგრამასავით ბრჭყვიალებდა მზე... და ეწერა - მამუკა!!! თავისი ყველა ტელეფონებით, მობილურის ჩათვლით...

 

ჩვენ მართლა ვმეგობრობდით და მეგობრულად ვურჩიე - გადააკეთე, თორემ ბატონმა ვაჟამ რომ დაინახოს, გაგიჟდება მეთქი...

 

გაეცინა და მიპასუხა - „უკვე ნახა და ხელი ჩაიქნიაო... მე ხომ მართლა მამუკა ვარო!“

 

მართლა მამუკა იყო!!!

მიყვარს, მახსოვს და მენატრება!!!

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი