logo_geo
1935 წლის 10 აგვისტოს გია ყანჩელი დაიბადა!
- +

10 აგვისტო. 2019. 14:52

 

სწორედ ამ დღეს, 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა

შესანიშნავად - შეუდარებელი,

მიუწვდომლად - ძალიან მისაწვდომი,

ქართულად, ბოლომდე ინტერნაციონალური,

ინტელიგენტურად - მორიდებული,

ხმამაღალ ოვაციებს შეჩვეულ - სიჩუმის მოყვარული და

გარეგნულ-შინაგანად ელეგანტური კაცი,

ბატონი გია ყანჩელი...

 

მე მას გულში შევარქვი - „ჩიტო-გვრიტო, კაცო - მარგალიტო“...

ვიცი, არ ეწყინება...

 

ბატონი გია საოცრად ტოლერანტული და ლმობიერია მსმენელის მიმართ.

 

მისთვის სულაც არ არის ტრაგედია, რომ ვიღაცას ის უყვარს და მას იცნობს სწორედ ამ მელოდიით და იუმორით იხსენებს, როგორ შევიდა ბატონ გია დანელიასთან ერთად მოსკოვის რესტორან „ჩიტო-გვრიტოში“. იქ იცნეს და ფული არ გამოართვეს…

 

ზოგი ბატონ გიას შემოქმედებას იცნობს საყვარელი ფილმებისთვის შექმნილი მუსიკით, ზოგი – „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამეთი“ „კავკასიური ცარცის წრიდან“, ზოგი კი, – სერიოზული სიმფონიური ნაწარმოებებით.

 

მის ნებისმიერ მუსიკას უამრავი თავისი გამგები და თაყვანისმცემელი ჰყავს. საერთოდ, ბატონი გია თვლის, რომ მუსიკის გაგება შეუძლებელია, ის უნდა იგრძნო. ჰო და, სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი მგძნობიარობა არა აქვს…

 

დიდმა მსტისლავ როსტროპოვიჩმა განაცხადა, რომ მისი საყვარელი კომპოზიტორია... გია ყანჩელი...

 

ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა ლუიჯი ნონომ თქვა, რომ ბატონი გია ყანჩელი დიდი მუსიკალური ტალანტის მფლობელია, რომელსაც, საერთაშორისო თვალსაზრისით, აბსოლუტურად ორიგინალური პოზიცია უკავია…

 

დიდმა რუსმა კომპოზიტორმა როდიონ შჩედრინმა ბატონ გიაზე ბრძანა, რომ ის არის მაქსიმალისტისთვის ჩვეული ტემპერამენტის მქონე ასკეტი, ვულკან ვეზუვის ჩასაფრებული თავშეკავებით…

 

საოცარმა მუსიკოსმა იური ბაშმეტმა კი, რომელიც გია ყანჩელთან და ჯანსუღ კახიძესთან თანამშრომლობისას გამოტყდა, რომ ორ ქართველს შორის ისიც ცოტა ქართველი ხდება, განაცხადა, რომ გია ყანჩელი წერს ისეთ მუსიკას, როგორიც ის თავადაა – უნიკალური ხარისხის, ძალიან ღრმას და ამავე დროს — მისაწვდომს. მისი ცნობილი პაუზებიც კი ზოგჯერ მუსიკაზე მეტის მთქმელია და ისინი აძლევენ მსმენელს მათი შევსების საშუალებას და გარკვეულწილად თანაავტორობის შეგრძნებასაც.

 

იური ბაშმეტის ერთმა ფრაზამ კი ბოლო მომიღო - „გია ყანჩელი მთელი ცხოვრება ვითარდებოდა და მუშაობდა იმისთვის, რომ მიგვეღო „ის, რასაც ჰქვია გია ყანჩელი“…

 

ამაზე სწორი და ზუსტი შეფასების გაკეთება შეუძლებელია… მართლაც, რა არის „ის, რასაც ჰქვია გია ყანჩელი“?

 

ეს არის დიდი ნიჭი, ღირსება, საოცარი დელიკატურობა, მორიდება, თავაზიანობა, პრინციპულობა, შინაგანი პატრიოტიზმი, განათლება, გადმოცემის ფანტასტიკური მანერა, იუმორის საოცარი გრძნობა, მომხიბვლელობა, თბილისელობა, ქალაქურობა…

 

ყველაფერი, რისთვისაც გვიყვარს ბატონი გია ყველას, დილეტანტსაც და მაღალი დონის პროფესიონალსაც…

 

მე ბატონ გიას შორიდან ვიცნობ...

სულ ერთხელ მქონდა მასთან საუბრის საშუალება, მოსკოვში...

რაღაცა გამატანეს საელჩოში მისთვის გადასაცემად...

 

სასტუმროს კაფეში ბრძანდებოდა...

შევედი და ფეხზე ადგა...

საერთოდ არც იცოდა, ვინ ვიყავი...

 

ისეთი სითბო მოდიოდა მისგან...

ისეთი კეთილმსურველობა...

ისე მინდოდა მისთვის მეთქვა, -

 

„ბატონო გია,

მე - ლელა მქვია...

ვდგავარ ამ სიგრძე,

ანჯაფარიძე...“

 

მომერიდა...

 

კიდევ კარგი, ამ დროს შემოვიდა ჩვენი საერთო ნაცნობი და

ბატონ გიას უთხრა, - „ჯემალის გოგოა, ზურიკოს ძმისშვილიო“...

 

ბატონი გია ჩამეხუტა...

იმის შემდეგ ყოველთვის მცნობს...

მე კიდევ დღემდე მიყვარს ის „საერთო ნაცნობი“.

 

მხოლოდ ახლა ვხდები, რა ბუმბერაზ ხალხთან მქონდა შეხება...

 

ბატონი გია დანელიას თქმით, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ის შეხვდა ხელოვნების მხოლოდ 2 წარმომადგენელს, რომელთა სახელები შევა ისტორიაში... პირველი იყო რეჟისორი სტანისლავსკი, რომელიც სულ პატარამ შორიდან დაინახა, თეატრში და მეორე კი - იყო ყანჩელი...

 

„მე ზოგჯერ მავიწყდება, რომ გია არის გენიოსი, ცოცხალი კლასიკოსი და ვაძალებ ცოტა გააფუჭოს თავისი მუსიკა ჩემი ფილმებით“, - იხსენებდა რეჟისორი...

 

ბატონ გიას კი საქებარ წერილებზე მეტად მოსწონს და აინტერესებს კრიტიკა... ის იხსენებს, რომ ერთხელ მევიოლინე იულიან რახლინმა დუბროვნიკის ფესტივალზე მოაწყო კონცერტი, რომელზეც განუმეორებელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი კითხულობდა ბეთჰოვენიდან დაწყებული და ჩვენი დღეებით დამთავრებული სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებისადმი მიძღვნილ კრიტიკულ რეცენზიებს...

 

ამ სიაში აღმოჩნდა ბატონი გიაც და მას თხოვეს გადაეგზავნა კონცერტის ორგანიზატორებისთვის უარყოფითი გამოხმაურებები მის ნაწარმოებებზე... 6 თუ 7 ცალი გადააგზავნა და აირჩიეს ის, რომელიც დაიწერა ლონდონის პრესაში და მიეძღვნა ნაწარმოებს «Broken Chant».

 

კრიტიკოსი წერდა, რომ მას რომ ცოდნოდა, რა ელის, კონცერტზე მიიტანდა ჩხირებს და დაიწყებდა შარფის ქსოვას, თანაც აუცილებლად წითელი ძაფისგან, ყურადღების მისაქცევად... ნაწარმოების ბოლოს კი, კრიტიკოსის აღწერით, „ის თავს გრძნობდა როგორც ჩაკეტილ პარფიუმერიის მაღაზიაში, რომლიდანაც გასვლა შეუძლებელი იყო“...

 

წარმოიდგინეთ, რამდენი ხელოვანი ასეთ რეცენზიას, უკეთეს შემთხვევაში გადააგდებდა, უარესში - დახევდა, დაწვავდა და ქარს გაატანდა დაბოღმილად...

 

ბატონ გიას კი შენახული აქვს, სათუთად...

 

ბატონ გიას უყვარს ხმადაბალი მუსიკა...

 

ერთხელ მას კითხეს - „მეზობლები არ გიჩივიანო?“ და ასე უპასუხა - „მათ არ ესმითო, მე ჩემი ინსტრუმენტის ისეთ ხმაზე დაყენება შემიძლია, რომ ჩემს გარდა არავის არ ესმის, როდესაც ვმუშაობო...

 

ამაშია ბატონი გიას სხვანაირად ფაქიზი შინაგანი სამყარო და კულტურა...

თორემ ახლა ხმამაღლა რომ დაუკრას, ვინ რას ეტყვის?

გია ყანჩელია!!!

 

ბატონმა გიამ ბრძანა, რომ მისთვის ყველაზე ბედნიერი წამებია, როდესაც მთავრდება მისი ნაწარმოების შესრულება... ორკესტრი ჩუმდება.. დირიჟორი დგას ჩამოწეული და დაღლილი სადირიჟორო ჯოხით ხელში...

 

და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს წამები, მით უფრო ბედნიერად გრძნობს ის თავს...

 

„ჩემთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთ რამეს - როგორი სიჩუმე სუფევს დარბაზში. წლების განმავლობაში მე ვისწავლე სიჩუმეების ერთმანეთისგან გარჩევა. როდესაც დგება სიჩუმე, რომელსაც მე „ჟღერადს“ ვუძახი, სხვა ყველაფერი ნაკლებად მაწუხებს.

 

ასეთი სიჩუმე დაკავშირებულია იმ იშვიათ მომენტთან, როდესაც გრძნობ დირიჟორიდან მაყურებლამდე ლამაზად გაბმულ და ლამაზადვე უკან გამობმულ ძაფებს, თუმცა ისინი სინამდვილეში არ არსებობენ... სწორედ ამ სიჩუმეში იბადება მუსიკალური ბგერა“...

 

თქვენ უკვე იცით, რომ მამაკაცებში ძალიან ვაფასებ ერთგულებას...

 

ერთერთ ინტერვიუში ბატონმა გიამ ბრძანა, - „ჩემი ბედნიერი წუთები დაკავშირებულია პირად ცხოვრებასთან. მე მყავს შეუდარებელი, საოცარი მეუღლე. ჩვენ 52-ე წელია ერთად ვართ და კარგად მესმის, რა მძიმე და რთული იყო ჩემი გაძლება. ჩვენ გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი − ნატო და სანდრო; საოცარი რძალი – მარკა გოგორიშვილი, რომლის მიმართ ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც ჩემი შვილების მიმართ. გვყავს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილიშვილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიხარულთან, ბედნიერებასთან, სიმშვიდესთან“...

 

ბოლოს კი, მინდა გავიხსენო კომპოზიტორ ვიქტორია პოლევაიას შესანიშნავი სიტყვები - „გია ყანჩელის მუსიკა შეუძლებელია შეაფასო გონების პოზიციით ან ტექნოლოგიებით... მისი არსია - მტვერი, პეპლის ფრთებზე“...

 

ხოდა გისურვებთ გია ყანჩელის უხმაურო და დახვეწილი პეპლებით სავსე დღეს!

 

 

 

 

 

big_banner
არქივი