logo_geo
1876 წლის 7 აგვისტოს მატა ჰარი დაიბადა
- +

7 აგვისტო. 2019. 18:24

 

 

დღეს დილით, მზე, სავარაუდოდ, „ჯაშუშურად“ გამოიჭყიტება ღრუბლებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, მზვერავებივით იბოდიალებენ ცაზე და არც ის არის გამორიცხული, რომ „შპიონურად“ გაწვიმდეს.

 

რადგანაც, ზუსტად ამ დღეს, 1876 წლის 7 აგვისტოს ნიდერლანდების ქალაქ ლეუვარდენში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა მსოფლიოში, ალბათ, ერთერთი ყველაზე იდუმალებით სავსე ქალი, ეგზოტიკური ცეკვების შემსრულებელი... კურტიზანელი და შემდგომში, უნიჭიერეს ჯაშუშად აღიარებული მატა ჰარი...

 

მას სინამდვილეში ერქვა მარგარიტა გერტრუდა ზელე. სწავლომდა ცეკვას, მუსიკას, ხატვას, ქარგვას. გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს, დადიოდა პრესტიჟულ სკოლაში.

 

მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერი უცებ შეიცვალა... ოჯახი გაკოტრდა, დედა გარდაიცვალა, მამამ ბავშვები მიატოვა და ქვეყნიდან გაიქცა...

 

მარგარიტა და მისი 4 ძმა ნათესავებმა გადაინაწილეს...

 

შემდგომში კი, ის 18 წლის ასაკში, გაჰყვა გაზეთის განცხადებით გაცნობილ, 40 წლის სამხედროს, რომელიც ოსტ-ინდოეთში (თანამედროვე ინდონეზია) მსახურობდა და მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მისი სამსახურის ადგილას.

 

მას 2 შვილი გაუჩნდა, ერთი ცოტა ხანში გარდაიცვალა...

 

მეუღლე მარგარიტას ღალატობდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, გაუჩერებლად სვამდა...

მარგარიტამ დაუტოვა შვილი და პარიზში გაიქცა...

 

დაიწყო მე-20 საუკუნე... პარიზში დეკადენსის ხანა მეფობდა...

 

მდიდრული ცხოვრება... დაუსრულებელი სუფრები...სექსუალური და აღვირახსნილი ქალები...

მარგარიტას კი ფული უმთავრდებოდა...

 

და ერთ ღამეს...

დაიძინა ნიდერლანდელმა, ცხოვრებისგან გადაღლილმა, იმედგაცრუებულმა მარგარიტა გერტრუდა ზელემ...

 

და გაიღვიძა ეროტიულმა, ახალგაზრდა, უცნობი წარმოშობის ლამაზმანმა, მატა ჰარიმ (რაც ინდურიდან თარგმნაში „დღის თვალს“ ანუ „მზეს“ ნიშნავს)...

 

მან თავი გაასაღა აღმოსავლური ცეკვების შემსრულებლად... ინდონეზიაში ნასწავლ ელემენტებს დაუმატა საკუთარი აქსესუარები...

 

მაგალითად, ცეკვავდა ფეხშიშველი, ნახევრადშიშველი, გამჭვირვალე შარვლებში და მძივებასხმული...

 

ისე კი, რომ იცოდეთ, გამჭირვალე ტანსაცმლის ქვეშ შეუმჩნეველი კომბინიზონი ეცვა ... ანუ, სინამდვილეში „გამჭირვალობა“ რეალური არ ყოფილა...

 

ვერავინ ხვდებოდა მის წარმოშობას, რადგანაც თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ენას, თუმცა ყველა ენაზე საუბრობდა გარკვეული, მხოლოდ მისთვის ჩვეული (სავარაუდოდ, დაყენებული) აქცენტით...

 

ცოტა ხანში მან სახელი გაითქვა და დიდი წარმატებით გამოდიოდა ვენის, მონაკოს, მადრიდის, მილანის სცენებზე...

 

თავიდან მის წარმოდგენებს სამხედროები ესწრებოდნენ... შემდეგ აუდიტორია გაფართოვდა და წესიერი ოჯახების დიასახლისებიც კი დადიოდნენ მის სანახავად... თუმცა, ძალიან „გულწრფელი“ პოზების დროს, თვალებზე მარაოს იფარებდნენ...

 

მატა ჰარი კი ხელთათმანივით იცვლიდა მფარველებს, თაყვანისმცემლებს, საყვარლებს... ცხოვრობდა უმდიდრეს აპარატამენტებში... მისი ოთახები ყვავილებს მიჰქონდა... გარდერობები კაბებსა და სამკაულებს...

 

დაიწყო პირველი მსოფლიო ომი...

მატა ჰარის არ შეუცვლია ცხოვრების წესი და სულ არ აინტერესებდა, ფრონტის სიახლეები...

 

მაგრამ ფანტაზიორკად იყო დაბადებული და ახალი ვერსია მოიგონა, რომელსაც მომავალში ემსხვერპლა კიდევაც...

 

ყვებოდა, რომ კავშირები აქვს „მაღლა“ და გავლენის მოხდენა შეუძლია ომის მსვლელობაზე...

 

ომში წარუმატებლობისგან დაბნეული მაღალი რანგის ოფიცრები მასზე დიდ ფულს ხარჯავდნენ... მათ შორის ხაზინის ფულსაც...

 

ხოდა ერთხელაც...

ერთერთმა მათგანმა ფულის გარდა საიდუმლო დოკუმენტებიც დაკარგა და მატა ჰარის დააბრალა...

თანაც ამას დაემატა მისი გაურკვეველი წარმოშობა და აქცენტი...

 

როდესაც მატა ჰარი დააკავეს, შემდეგ კი სიკვდილი მიუსაჯეს, ბოლომდე არ ჯეროდა, ხუმრობა ეგონა...

 

1917 წლის 15 ოქტომბერს ის გამოემშვიდობა ციხის პერსონალს, ჩაეხუტა თავის ადვოკატს...

ცოტა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ

ხვრეტდნენ საუზმის მირთმევის გარეშე...

 

ის 12-მა ფრანგმა სამხედრომ დახვრიტა...

უფრო სწორედ, 11-მა...

ერთერთს, ყველაზე ახალგაზრდას, განაჩენის ასრულებისას, გული წაუვიდა...

 

დახვრეტის ადგილას ორი მონაზონი მიჰყვებოდა....

მატა ჰარიმ უარი განაცხადა, მისთვის თვალები აეხვიათ...და არ მისცა უფლება ბოძზე მიებათ...

მან წარმოსთქვა - „ბატონებო, მე ისედაც მზად ვარ!“

 

სიკვდილის წინ, საჰაერო კოცნა გაუგზავნა ჯალათებს და დაიყვირა:

„პროსტიტუტკა - კი ... მაგრამ შპიონი... არასდროს“!!!

ეს იყო მისი ბოლო სიტყვები და ბოლოს,

მე ასე მგონია, არასდროს არ იტყუებიან...

 

ამ საოცარ ქალს რომანი მიუძღვნა პაულო კოელიომ...

ისეთივე უცნაური რომანი, როგორი უცნაურიც იყო მისი გმირი...

თანაც კოელიომ საერთოდ უარი განაცხადა

ყველა არსებულ ბიოგრაფიულ ფაქტზე,

ფაქტიურად ყველაფერი თავად გამოიგონა...

მატა ჰარის ციტატებისა და წერილიების ჩათვლით...

რა თქმა უნდა, მისთვის ჩვული ნიჭით და განუმეორებლობით...

 

რადგანაც აბა, რა ფაქტების ჭეშმარიტებაზეა საუბარი, როდესაც მატა ჰარის გარშემო უფრო მეტი ლეგენდა არსებობს, ვიდრე სიმართლე?

სხვათაშორის მისი საქმის მასალები დღემდე გასაიდუმლოებულია...

 

ერთია ფაქტი, მისი დახვრეტის სცენა და მისი დღიურიდან ამონაწერი, სადაც

წერია, რომ ის არასდროს არ ოცნებობდა ეგზოტიკური ცეკვების შემსრულებლობაზე...

ყოველთვის უნდოდა ყოლოდა ლამაზი ოჯახი...

 

მე მჯერა... და ძალიან მენანება ეს ლამაზი და ნიჭიერი ქალი...

 

გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და ბედნიერ დღეს!

 

 

 

 

big_banner
არქივი