logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: მინდა შეგახსენოთ ნამდვილი მამაკაცები...
- +

8 აგვისტო. 2019. 18:27

 

 

დღეს, ამ მრავალფერ ორიენტირებულ და დეზორიენტირებულ ჟამს, როდესაც ხშირად ვეღარ არჩევ, ვინ რა სქესისაა და თანაც, თუ ზოგჯერ შემთხვევით მიხვდები, რომ ვერ არჩევ, ევროკავშირი ძალიან გაგიბრაზდება და დაგტუქსავს, მინდა შეგახსენოთ ნამდვილი მამაკაცები, რომლებმაც სცენაზე და ეკრანზე შესანიშნავად გაართვეს თავი ქალის როლს...

 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავასახელებდი ჯეკ ლემონსა და ტონი კერტისს ფილმიდან „ჯენტლმენები ქერათმიანებს ირჩევენ“, რომლებიც პარტნიორობას უწევდნენ მშვენიერ მერლინ მონროს და რომ მკითხოთ, ზოგჯერ ჯობდნენ კიდევაც.

 

ასევე ალექსანდრ კალიაგინს, რომელიც ფილმში „გამარჯობათ, მე თქვენი დეიდა ვარ“ თამაშობს მომხიბვლელი ბრაზილიელი დეიდა როზა დ’ალვადორეზის როლს.

 

ოლეგ ტაბაკოვსაც, მისს ენდრიუს როლში.

 

აქვე გამახსენდა ყველა დროის საუკეთესო „ბაბა იაგაც“ გიორგი მილერის შესრულებით… ისეთი „ეშხიანი“ იყო, რომ „ვასილისა პრეკრასნაიას“ სერიოზულ კონკურენციას უწევდა...

 

მაგრამ მხოლოდ ერთი მამაკაცი მსახიობი მახსენდება, ვინც ქალის როლი სერიოზულად და ყველაზე საოცრად შეასრულა. ეს გახლავთ ჩვენი დღევანდელი იუბილარი, ჩემი აზრით, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, ორჯერ „ოსკაროსანი“, 6-ჯერ „ოქროს გლობუსის“ , სამჯერ BAFTA-ს მფლობელი, „პატარა დიდი კაცი“, როგორც მას ჰოლივუდში სიყვარულით უწოდებენ, დასტინ ჰოფმანი, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1937 წლის 8 აგვისტოს ქალაქ ლოს-ანჟელესში.

 

როგორც თავად დასტინი იხსენებს, ის შენელებულად იზრდებოდა და ლაპარაკი მხოლოდ 3 წლის ასაკში დაიწყო... სამაგიეროდ, 2,5 წლის იყო, რომ მოტოროლერით გაიარა...

 

პირველად თეატრალურ სცენაზე ის გავიდა John Burroughs High სკოლის მე-7 კლასში, როდესაც შეასრულა პატარა ტიმის როლი. ჩარლზ დიკენსის სპექტაკლში. მას როლის მიხედვით, სულ ერთი ფრაზა ეკუთვნოდა და გადაწყვიტა, მაყურებელს რომ დამახსოვრებოდა, ის ფალცეტით წარმოეთქვა, რის გამოც მეორე დღეს სკოლიდან გარიცხეს...

 

1952 წელს ის გადაიყვანეს ლოს-ანჟელესის ჩვეულებრივ საშუალო სკოლაში, სადაც მან ისწავლა პიანინოზე დაკვრა და ოცნებობდა პროფესიონალური მუსიკოსის კარიერაზე... ამავე დროს აღმოაჩინა, რომ განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, მშვენივრად თამაშობდა ჩოგბურთს და გახდა სასკოლო გუნდის კაპიტანი...

 

1955 წელს მან წარმატებით დაამთავრა სკოლა და ჩააბარა სანტა-მონიკას საქალაქო კოლეჯში, რომელიც მალევე მიატოვა და გადავიდა ლოს-ანჟელესის კონსერვატორიაში... მაშინ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჯაზს გაყვებოდა...

 

სხვათაშორის, დღესაც ზოგჯერ ნანობს, რომ ჯაზს სამსახიობო კარიერა ამჯობინა...

 

მან დაიწყო სწავლა ცნობილ თეატრალურ სკოლაში Pasadena Playhouse, სადაც მისი კლასელი იყო თავად ბარბარა სტრეიზანდი...

 

პირველი მისი სერიოზული როლი გახლდათ ადვოკატი, არტურ მილერის პიესაში „ხედი ხიდიდან“, რომლის რეჟისორმა, ბარნი ბრაუნმა ერთერთი სპექტაკლის შემდეგ, მას გამოუცხადა - „ყმაწვილო, დაიმახსოვრე, შენში რაღაცა არის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ხალხმა დაინახოს და გაიგოს, დროა საჭირო... მე მგონი, ეს მოხდება, როცა 30 წლის გახდებიო“...

 

ბრაუნს თითქმის არ შეშლია. ..

 

1973 წელს დასტინ ჰოფმანმა აალაპარაკა მთელი ჰოლივუდი, როდესაც სტივ მაქ-ქუინთან წყვილში ითამაშა შესანიშნავ დრამაში „პეპელა“...

 

მე ნანახი მაქვს მისი თითქმის ყველა ფილმი და მასზე საუბარი სპეციალურად დავიწყე სწორედ ერთი შეხედვით კომედიური, დოროთის როლით კინოფილმიდან „ტუტსი“ - არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ოსკარის“ ორგანიზატორები სერიოზულად კამათობდნენ იმაზე, ის ნომინაციაზე წარედგინათ ქალის თუ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ეს როლი, თავად ჰოფმანის თქმით, მისი უსაყვარლესი როლია და ის არასდროს უყურებდა „ტუტსის“ როგორც კომედიას.

 

ჰოდა, რადგან სერიოზული დასტინი ამას ამბობს, ესე იგი ეს როლი მართლაც სერიოზულია…

 

ძალიან მიჭირს გამოვყო ჰოფმანის რომელიმე როლი, რადგან ამით დანარჩენს გამოვტოვებ. თუმცა, რაღა თქმა უნდა, „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, რომელშიც მან თავისი პირველი ოსკარი მიიღო და შექმნა შესანიშნავი დუეტი მერილ სტრიპთან ერთად, მართლაც შეუდარებელია. თანაც, აღსანიშნავია, რომ „ოსკარის“ კომიტეტი, რომელიც ჰოფმანმა მანამდე „სილამაზის კონკურსს“ შეადარა, იმდენად ნაწყენი იყო მსახიობზე, რომ მას ეს პრესტიჟული ჯილდო მხოლოდ იმის გამო მიანიჭეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში „ოსკარი“ ავტორიტეტსა და პრესტიჟს დაკარგავდა…

 

მერილ სტრიპმა, რომელიც ცნობილია თავისი ტოლერანტობით, ფილმის შემდეგ განაცხადა, რომ „ჰოფმანთან თამაში ერთდროულად არის დიდი ბედნიერებაც და ნამდვილი კოშმარიც“, რადგან ის თავის თავში იტევს საშინლად მოსაბეზრებელ ბიუროკრატს და საოცარი იუმორის მქონე ნათელ კაცს…

 

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ მერილის აზრი არ არის. მსახიობებს და რეჟისორებს ძალიან უჭირთ დასტინთან თანამშრომლობა. ის ზედმეტად მომთხოვნი და დისციპლინირებულია და, ამავე დროს, დაუსრულებელი იმპროვიზაციების ავტორი. მიუხედავად ამისა, ყველა მის წინადადებას რეჟისორები ბოლოს და ბოლოს ეთანხმებიან ხოლმე. ხოლო მსახიობი, ვინც ჰოფმანთან ერთად თამაშზე უარს იტყოდა, ჯერ არ დაბადებულა.

 

არ შეიძლება ცალკე არ ვახსენოთ ჰოფმანის შეუდარებელი დუეტი ტომ კრუზთან ფილმში „წვიმის კაცი“ (ამ როლისთვისაც დასტინმა თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო), სადაც ის აუტიზმით დაავადებულ ადამიანს თამაშობს.

 

ბევრმა არ იცის, რომ თავისი პერსონაჟის ხასიათის ჩასაწვდომად ჰოფმანი რამდენიმე თვის განმავლობაში სანიტრად მუშაობდა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც კი არ აკვირდებოდა პაციენტებს, მეგობრობდა მათთან, უვლიდა მათ და ბევრთან დღესაც აქვს საოცრად თბილი და ახლო ურთიერთობა.

 

დასტინი გულწრფელად თვლის, რომ ისინი მართლაც განსაკუთრებული და მზიანი ადამიანები არიან…

 

ჰოფმანიც განსაკუთრებულია… არასდროს არ მალავს, რომ ბავშვობაში „ჯუჯას“ ეძახდნენ და მსახიობობაზე მხოლოდ იმის გამო ოცნებობდა, რომ ქალებს მისთვისაც მიექციათ ყურადღება. არც იმას მალავს, რომ მიაღწია კიდეც თავისას, თანაც გადამეტებით.

 

მას ახლა მეორე მეუღლე ჰყავს, რომელთანაც 40-ზე მეტი წლის განმავლობაში შეხმატკბილებულად ცხოვრობს. ჰყავს 6 შვილი (მეორე მეუღლისგან 4), ყველას გვერდში უდგას და ეხმარება.

 

მან ზედმეტი რეკლამისა და ხმაურის გარეშე შეძლო გამარჯვება საშინელ დიაგნოზზე, რომელიც მას დაუსვეს…

 

დღეს წვერი აქვს მოშვებული, რომელიც, მე მგონი, ძალიანაც უხდება და აგრძელებს სამსახიობო კარიერას, რომლის მწვერვალებზე ასვლაში, ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, მას არც განსაკუთრებული შესახედაობა და არც პროტექცია არ გამოუყენებია...

 

ის ყოველთვის შრომობდა და რაც მთავარია, „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!!!“

 

როგორც თავად ჰოფმანი ბრძანებს - „მთელი ბანანი ყოველთვის მერჩივნა ნახევარ ბანანს... და დღეს სრული ბედნიერებისთვის მჭირდება - ცოტა მზე და ქოქოსის რძე“

 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, გთხოვოთ – ვისაც ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად ნახოთ ის ფილმში „გმირი“, რომელიც, რატომღაც, არც თუ ისე პოპულარულია ჩვენთან.

 

გარწმუნებთ, მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას. ჰოფმანი, ისევე, როგორც ყოველთვის, გაგაოცებთ და თანაც დუეტში ფანტასტიკურ ენდი გარსიასთან…

 

დასტი ჰოფმანს ბედნიერება ხვდა წილად, პარტნიორობა გაეწია თავად ლორენს ოლივიესთან, რომელიც მას უმცროს მეგობრად თვლიდა, თუმცა სულ კიცხავდა, პოტერ ო’ტულისთვის, რობერტ დე ნიროსთვის, ალ პაჩინოსთვის... მაგრამ აღიარებს, რომ მისი ყველაზე საყვარელი მსახიობია - ჯონი დეპი, რომელიც ყოველთვის აკეთებდა და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც უყვარს და არასდროს არ ცდილობდა გამხდარიყო ვარსკვლავი...

 

ბოლოს კი მინდა დავასრულო დასტინ ჰოფმანის სიტყვებით - „ერთადერთი, რისი გაგებაც არაფრით არ შემიძლია, არის მოწყენილობა. რა უფლება გაქვს მოიწყინო, როდესაც ცხოვრების ყოველი დღე ამდენი შთაბეჭდილებით და სიურპრიზით არის სავსე?!“

 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სიურპრიზებით სავსე დღეს!

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი