logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: სულ მეცოდებოდა ილია, აკაკი ჯოხს არასდროს რომ არ აძლევდა
- +

10 აგვისტო. 2019. 22:17

 

 

„ჩემი ლამაზი პირველი საშუალო სკოლა... ანუ

 

ჯოხი უკავია აკაკის

 

დღეს ჩემი პატარა ანდრია რუსთაველზე რომ გადის, ვისაც არ უნდა მიყვებოდეს, პირველ სკოლას რომ ჩაივლის, სიამაყით აცხადებს - „აქ ჩემი ბიბა ჯემალობა სწავლობდა, კარგადო“!!! ასჯერ ვასწავლე - „ოქროს მედლით დაამთავრა მეთქი“, - ცოცხალი თავით არ ამბობს

 

მე კი სულ ის მახსენდება, აკაკის და ილიას ძეგლს რომ ჩავუვლიდით, ზურიკო რომ მეტყოდა - „ ხომ იცი, ეს ჯოხი ხან აკაკის უკავია, ხან ილიასო. აბა შეხედე, დღეს ვისო?“ და მეც სერიოზულად რომ ვაკვირდებოდი და ვპასუხობდი - „აკაკის!“... თან სულ მეცოდებოდა ილია, აკაკი ჯოხს არასდროს რომ არ აძლევდა

 

როდესაც ჩემმა უკრაინელმა დედაჩკა-გალიჩკამ კატეგორიული უარი განაცხადა, ჩემს რუსულ სკოლაში შეყვანაზე, ზურიკომ და ჯემალიკომ გადაწყვიტეს, რომ უნდა მათ დამთავრებულ სკოლაში მესწავლა...

 

ყველაზე პრესტიჟული კლასი იყო - 1/1, მუსიკალური განხრით, მაგრამ იქ, პროტექციით თუ არ გწერდნენ, უნდა გემღერა...

 

პროტექცია კი მქონდა, მაგრამ მაინც მამღერეს...

 

მახსოვს შესანიშნავი ნუცა ექიმის კაბინეტი, სადაც გამოცდა ტარდებოდა...

 

გარეთ ბავშვები ემზადებოდნენ და მშობლები ნერვიულობდნენ......

 

ყველა, როგორც წესი იმეორებდა „ჭრელო პეპელას“, „ჟუჟუნა წვიმას“, „ეს პატარა კურდღელოს“, „ჩუქუ-ჩუქუ მატარებელოს“...

 

მე რეპერტუარი განსხვავებული მქონდა...

 

საექიმო კაბინეტში რომ შევედი, პატარა, მსუქანი და ქერაკულულებიანი...

 

მოვითხოვე დაწოლა...

 

კომისის წევრებს ფრიად გაუკვირდათ და მერე უფლება მომცეს...

 

დავწექი საექიმო ტახტზე და დავიწყე -

 

მალხაზის არია „დაისიდან“ – „მარო, მე შენ გშორდები, თურფავ“...

 

თანაც ცრემლმომდგარმა...

 

ახლა იქ რა მოხდებოდა, წარმოგიდგენიათ

 

რა თქმა უნდა, ჩამრიცხეს და კომისიის ერთერთმა წევრმა,

 

სიცილისგან ძლივს რომ მოასულიერეს, მკითხა -

 

„დაწოლა რისთვის გვთხოვეო?“

 

ისე გამიკვირდა - „მალხაზი კვდება და რა მექნა თქო?’

 

ის კაცი ისევ ახარხარდა...

 

ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა...

 

ახლა რაღა მჭირს მოსატყუებელი?

 

შაბათ-კვირას ვერ ვიტანდი, უსკოლობა იყო და იმიტომ...

 

ავად როცა ვხდებოდი, თერმომეტრს ისე ვიდებდი, სიცხე რომ არ მქონოდა...

 

მიყვარდა და მახსოვს ჩემი ყველა მასწავლებელი...

 

ჩემი პირველი კლასის დამრიგებელი, უთბილესი ნინო ალავერდაშვილი,

 

რომელიც იძახდა - სახლში დურბინდი მაქვსო და ყველას გიყურებთო... ამიტომ ძილის წინ სკამზე გაამზადეთ სკოლის ტანსაცმელიო...

 

დავდგამდი ხოლმე ხის სკამს და ყველაფერს ზედ ვაწყობდი...

 

მოწესრიგებული გალიჩკა გიჟდებოდა, მიბრაზდებოდა და უკან დებდა ადგილზე...

 

მე, ნამძინარევი, ისევ გამოვანცარებდი სკამს...

 

აბა, ნინო მასწავლებელი დურბინდში მიყურებდა

 

მორიდებული სოსო ლაბაძე, ნოტებს ხელებით რომ გვაჩვენებდა...

 

ცოტა სმენა გამიუმჯობესა - სახლშიდაც შეამჩნიეს...

 

მათემატიკის მასწავლებელი, მარო მგელაძე... მესამე კლასში ვიყავი, ასე თქვა - „ეს ბავშვი მათემატიკისთვის არის დაბადებულიო“...

 

ქართული ენის პირველი მასწავლებელი, ომის მონაწილე, გიორგი მდივნიშვილი,

 

საოცარი კაცი...

 

ყველაფერს გულთან ახლოს იღებდა...

 

სახურავიდან წვიმა რომ ჩამოდიოდა, ისე ადიოდა სახურავზე, როგორც

 

რეიხსტაგზე... ოღონდ, ჩვენ არ დავსველებულვიყავით...

 

მახსოვს უფროსი კლასების შეუდარებელი დამრიგებელი, ლიიჩკა სურმავა...

 

რუსულის მასწავლებელი...

 

მხოლოდ მან იცოდა ჩემი საიდუმლო, რომ მე-3 კლასიდან ზეპირად ვიცოდი ლერმონტოვის საშინლად გრძელი და რთული ლექსი პუშკინზე - „На смерть поэта», რომელშიც მე-10 კლასის ჩათვლით 5-იანებს ვიღებდი...

 

ყველაფერი იცოდა ჩვენს შესახებ... მე მგონი, მართლა საკუთარი შვილივით ვუყვარდით...

 

როგორ მენატრება ვითომ მკაცრი შოთა აბაიშვილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკას ვერ ვიტანდი, იმდენად მიყვარდა, რომ მაინც 5-იანზე ვსწავლობდი...

 

გული რომ არ ტკენოდა, რადგანაც ჩემი მამიკოს საყვარელი მასწავლებელი იყო...

 

რა დამავიწყებს ფოთოლივით ნაზ, ბიოლოგიის დედოფალს, ლეილა მიროტაძეს... ყველა გაკვეთილის შემდეგ რომ გვეუბნებოდა - „ია და ვარდი თქვენს გზასო“...

 

ძალიან კი ვაწვალებდით ქიმიის მასწავლებელს თამარ ყვავაძეს, სულ რაღაცეებს ვაფეთქებდით ცდების დროს, მაგრამ ყველადერს გვპატიობდა... საოცარი ქალბატონი იყო...

 

ჩემი საყვარელი ბაია ფუთურიძე... ლექსს რომ უყვებოდი, ისეთი სიყვარულით გიყურებდა, მეორე დღეს 2-ჯერ უკეთესად იცოდი...

 

მათემატიკის მასწავლებელი, ჯონდო ცინცაძე მიყვარდა განსაკუთრებით... მართალია, ჩემს ოჯახში ჩემს დამღუპველს ეძახდნენ, მაგრამ ჯერესერთი, ვთვლი, რომ საოცრად სამართლიანი კაცი იყო და თუ რაღაცას მივაღწიე ამ ცხოვრებაში, ამაში დიდია მისი დამსახურება... მან მასწავლა ლოგიკურად აზროვნება და როცა ადამიანი ლოგიკურად აზროვნებ, გეფიცებით, ლექსიც უკეთესი გეწერება)))

 

ქიმიის მასწავლებელი, გოგი ჭირაქაძე... დახვეწილი, ინტელიგენტური კაცი...მასთან უბრალოდ ურთიერთობაც ბედნიერება იქნებოდა, მაგრამ მოახერხა და ქიმია, რომელსაც ვერ ვიტანდი, შემაყვარა და 5-ზე მასწავლა...

 

ქარტული ენის მასწავლებელი - ბეღურასავით კოპწია ეთერ გულდამაშვილი. - ადამიანი, ვინც პირველმა გადაუხვია ყველა საბჭოთა ინსტრუქციას და ერთ გაკვეთილზე შეეძლო 2-იანიც დაეწერა შენთვის და 5-იანიც... მან მასწავლა თავისუფლად წერა... მან ამიხსნა, რომ მძიმეები და წერტილები - ჩემია, საავტორო... მისი გაკვეთილები იყო სპექტაკლი, რომლის დასრულება მართლა არ გინდოდა...

 

მახსოვს საყვარელი შალვა ფანცურიძე - ფიზკულტურის მასწავლებელი... ჩემს მამიკოსაც ასწავლიდა... მე კიდევ ფორმა არ დამქონდა და ვითომ მიბრაზდებოდა მერე კიდევ „ლასტოჩკას“ პოზაში მაყენებდა - დასასჯელად

 

ახლა როგორ არის აღარ ვიცი, მაგრამ ჩემს დროს სამოქალაქო დაცვას ვსწავლობდი~თ და იმ დღეს სკოლაში გვეცვა ხაკისფერი პერანგები - ალბათ, „გარეშე მტრებს“ რომ არ შევემჩნიეთ))) ხოდა გურამ სარალიძე იყო ის კაცი, კალაშნიკოვის ავტომატის აწყობა რომ მასწავლა... მართალია, მალევე დამავიწყდა, მაგრამ, სამაგიეროდ სროლა ვისწავლე მიზანში და მუშტაიტის ბაღის ტირში პრიზებს ვიგებდი ხოლმე)))

 

ამას ყველაფერს კი სათავეში ედგა ერთი ქალბატონი, ლამაზი, მოხდენილი, ყოველთვის საოცრად ჩაცმული და მოვლილი, ჩვენი დირექტორი, ლიანა შეწირული...

 

მე-6 თუ მე-7 კლასში ვიყავი, ჩვენთან რომ მოვიდა...

 

ჩვენ მისი პირველი გამოსაშვები კლასი ვიყავით...

 

მკაცრი იყო, მაგრამ საოცრად ღირსეული...

 

მე ვერ ვიტანდი ფარტუკებს და ვიძრობდი ხოლმე სკოლაში...

 

შორიდან დამინახავდა და ისე შემხედავდა,

 

ორ წამში მქონდა უკან ამოცმული

 

მე მისი ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს... ყვირილი ხომ გამორიცხული იყო...

 

მახსოვს, რომ ზაფხულის მერე სკოლაში რომ დავბრუნდით, იმისთანა გაწკრიალებული სკოლა დაგხვდა...

 

ისეთი პარკეტებით, გარემონტებული და ლამაზი, რომ ყველამ უცებ ვიგრძენით, რომ

 

მართლა პირველსკოლელები ვართ!

 

ძალიან საინტერესო გაკვეთილები ჰქონდა... დღემდე თუ რამე მახსოვს ისტორიიდან, მისი დამსახურებაა...

 

ახლა მეტყვით, ნუთუ ერთი მაინც არასაყვარელი მასწავლებელი არ გყავდაო?

 

მყავდა, ზუსტად ერთი, გეოგრაფიის, რომელმაც ჯემალიკოს თავის დროზე

 

5-იანი არ დაუწერა და ოქროს მედალის ნაცვლად, ვერცხლის მედალი მიაღებინა...

 

არც მე არ ვუყვარდი, მაგრამ ჯინაზე და მამიკოს ხათრით, 5-იანი მინც მივიღე!!!

 

საერთოდ, არა ვარ ჯინიანი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან ჩემიანების დაცვა არ მჭირდება...

 

თუ ვინმე გამომრჩა. მაპატიეთ, არც 17 წლის ვარ და უკვე თითქმის ერთი თვეა, არც 57-ის

 

ისე კი, ყოველი შემთხვევისთვის გახსენებთ - ჯოხი უკავია აკაკის“.

 

 

 

big_banner
არქივი