logo_geo
1974 წლის 11 აგვისტოს ოდრი მესტრე დაიბადა
- +

11 აგვისტო. 2019. 20:25

 

ერთხელ, პრემია „გრემის“ შვიდგზის ლაურეატმა, შესანიშნავმა ამერიკელმა მომღერალმა, მოცეკვავემ, მსახიობმა, პროდიუსერმა, ფილანტროპმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა, კრისტინა აგილერამ განაცხადა - „მე ვარ ოკეანე, რადგანაც ძალიან ღრმა ვარ... ლამაზად თუ ჩაყვინთავთ ჩემს სულში, ჩაძირულ განძეულობებს იპოვით“...

 

მე ამ სიტყვებს მივუძღვნიდი ფრანგ ქალბატონ ოდრი მესტრეს, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1974 წლის 11 აგვისტოს, ზღაპრული პარიზიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში განთავსებულ ქალაქ სენ-დენიში, მდინარე სენას პირზე...

 

მისი მშობლები წყალქვეშა ცურვის მოყვარულები იყვნენ და წყლის ისეთი სიყვარული ჩაუნერგეს, რომ 2 წლის ოდრი, უკვე პატარა დელფინივით ცურავდა...

 

ცოტა ხანში კი, მამას ეჯიბრებოდა სიღრმეში ჩაყვინთვაში...

 

შესაბამისად, ოჯახის მეხიკოში გადასვლის შემდეგ, ოდრიმ ჩააბარა მექსიკის ლა-პასეს უნივერსიტეტის ზღვის ბიოლოგიის ფაკულტეტზე...

 

1996 წელს ოდრიმ გაიცნო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი, კუბური წარმოშობის ფრიდაივერი, ფრანსისკო (პიპინ) ფერერასი და რამდენიმე დღეში ცოლად გაყვა... ფერერასმა კი ქორწილის შემდეგ, კოჭზე გაიკეთა ტატუ - „რუსალოჩკა“ და ზვიგენი... ანუ, ოდრი და ის... (ფოტოზეა)

 

ფრიდაივინგი - სპორტის ექსტრემალური სახეობაა და ნიშნავს წყალქვეშა ცურვას, სუნთქვის შეჩერებით (free - თავისუფლად, dive - ყვინთვა).

 

ეს საკმაოდ სახიფათო სპორტია... ადამიანი წყლის ქვეშ ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს წნევის აწევას, სიცივეს, მხედველობის დაქვეითებას, ფერთა ცვლილებას და მთავარია, გარკვეული დროის განმავლობაში - უჰაერობას... ფრიდაივერები არ იყენებენ არავითარ ჟანგბადის მომწოდებელ ხელსაწყოებს...

 

სამაგიეროდ, ფრიდაივერების განცხადებით, მხოლოდ მაშინ ხდები წყლის და მისი სამყაროს ნამდვილი მკვიდრი და აღიქვამ ყველაფერს ისე, როგორც იქ, წყლის სიღრმეებში ნამდვილად არის...

 

წარსულში ტოვებ ზუთხების, ქაშაყების, „კილკების“ და შეუმწვარი „ხეკების“ სამყაროს და „ჟბოსავით აჟურული მარჯნების“ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ხდები მხოლოდ ძალიან დიდ სიღრმეზე მოცურავე თევზების - მაკრურუსების, ოპისტოპროქტების, ზღვის ქიმერების, იდიაკანტების და ა.შ. ძმაკაცი.

 

სხვათაშორის, იქ, სიღრმეში... თურმე დაცურავენ თავზე ფარნიანი თევზები და თანაც, გამუდმებით, მოდის ზღვის თოვლი...

 

გეფიცებით, არაფერს არ ვიგონებ, მართლა ასეა...

 

ვინც ოდრის და ფერერასს იცნობდა, ყველა ამბობდა, რომ მათ რაღაცა ოკენური ძალა აერთიანებდათ...

 

ისინი ცხოვრობდნენ მხოლოდ ერთმანეთით და ვერცერთი დღე ვერ ძლებდნენ ოკეანეს გარეშე...

 

ოდრიმ, მეუღლის ხელმძღვანელობით, დაამყარა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი და ემზადებოდა 170 მეტრიანი სიღრმის დაპყრობისთვის...

 

ახლა კი, ცოტა ხნით გადაგიყვანთ თბილისის „ვერეს“ აუზზე, სადაც მე, რომელიც მართლა საკმაოდ კარგად ვცურავ და ბავშვობიდან წყლის შიში არა მაქვს, ვცდილობდი 6 მეტრიან აუზის ფსკერამდე მიღწევას...

 

იქ, რა თქმა უნდა, არავითარი მარჯნები არ დამხვდებოდა, მაგრამ ცოტა ვიპრანჭებოდი.

 

იცით, როგორ გამიჭირდა! მწვრთნელებმა მასწავლეს, ჰაერი უნდა გამოუშვაო და ჩახვიდე... მთავარი კი ის არისო, როცა იგრძნობ, რომ ვეღარ ძლებ უჰაეროდ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდე უკან, სანამ ფსკერამდე არ მიხვალ... ფსკერს უნდა ამოკრა ფეხი და უცებ ამოდიხარო...

 

მართალი გითხრათ, სულ სამჯერ გავრისკე...

 

საუბარია სიღრმეში 6 მეტრზე და ოდრი 170 მეტრისთვის ემზადებოდა...

 

ფრიდაივინგის წესების მიხედვით, მყვინთავს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ სპეციალური დამამძიმებელი ხელსაწყო (არავითარი ჟანგბადის მიმწოდებლები) და უკან კი ის ამოყავს საჰაერო ლიფტს, ანუ აირით გავსებულ ბუშტს...

 

2002 წლის 12 ოქტომბერს, დომინიკას რესპუბლიკის ნაპირებთან შეგროვდნენ ჟურნალისტები და ოდრის თაყვანისმცემლები...

 

ის, როგორც ყოველთვის მომღიმარე და მშვენიერი იყო... დაემშვიდობა მაყურებლებს ხუმრობით და ჩაყვინთა...

წესით, უნდა ამოსულიყო 3-3,5 წუთში...

უმტყუნა აირით გავსებულმა ბუშტმა... ის ჩაიფუშა...

წყალში ჩავარდნენ მველელები... პირველ რიგში კი, მისი მეუღლე...

 

ოდრი ამოიყვანეს 8 წუთსა და 41 წამში...

ეს მისი ბოლო ჩაყვინთვა აღმოჩნდა...

მას 171 მეტრი სიღრმის დაპყრობა ჩაუთვალეს...

ის კი, სულ 28 წლის იყო...

 

ყვებიან, რომ ფრანსისკომ, რომელიც იმ დროისთვის მხოლოდ მწვრთნელად მუშაობდა, დაიფიცა, რომ ისიც ჩავიდოდა 170 მეტრზე...

 

ზუსტად ერთ წელიწადში მან გაიმეორა ოდრის რეკორდი და პირველი რაც გააკეთა, გადაურეკა ოდრის დედას და უთხრა - „დედა (ოდრის დედას ასე ეძახდა), მე ეს გავაკეთე... მე ეს მისთვის გავაკეთე და ვიგრძენი, რომ ის ჩემს გვერდით იყო... მისი ხელი ვიგრძენი ჩემს მხარზე... ახლა შემიძლია წყნარად დავისვენო“...

 

საინტერსოა, რომ ოდრის ტრაგედიის შემდეგ, ფრანსისკოს გვერდიდან არ მოცილებია ცნობილი ამერიკელი რეჟისორი. „ტიტანიკის“ დამდგმელი და ზღვაში შეყვარებული ჯეიმს ქემერონი და ის პირადად დაესწრო ფერერასის მეუღლისადმი მიძღვნილ ჩაყვინთვას...

 

მაშინ განაცხადა, რომ აპირებდა მათ სიყვარულზე ფილმის დადგმას და ოდრის როლში ხედავდა მხოლოდ სალმა ჰაიეკს...

ფილმი უნდა გამოსულიყო 2012 წელს...

არ ვიცი რატომ, მაგრამ ფილმი ვერ შედგა...

 

სამაგიეროდ, ქემერონმა აისრულა მთელი თავისი ცხოვრების ოცნება და დაამყარა მსოფლიო რეკორდი...

მან 2012 წლის მარტს, სულ მარტომ, პარტნიორის გარეშე, განახორციელა ბატისკაფით ჩასვლა 8166 მეტრიან წყლალქვეშა ღრმულში, პაპუა-ახალი გვინეას მახლობლად...

 

სავარაუდოდ, ადამიანების ასე გაუგებარი და ამავე დროს, ამდენად გასაგები სწრაფვები უსაზღვრო სიმაღლეებისა და სიღრმეებისაკენ, - გადამდებია...

 

შესანიშნავმა რუსმა მწერალმა, მიხეილ პრიშვინმა, რომელსაც „რუს კიპლინგს“ ეძახიან, განაცხადა - „წარმატება - ეს ბედნიერების ზომაა სიგანეში, ხოლო წარუმატებლობა - სიღრმეში“...

 

ეს ყველაფერი ცხადია, მაგრამ ჩემი აზრით, არსებობენ რჩეული ადამიანები, რომლებსაც თარაზულად ცხოვრებისთვის ადგილი აღარ ყოფნით და იწყებენ მოძრაობას შვეულად...

 

რისთვის იკლავენ თავს, რას ეწირებიან, ხშირად კაცმა არ იცის...

 

ზოგი ასეთ ადამიანებს სულელებს უწოდებს, ზოგი შერეკილებს, ზოგი გიჟებს...

 

მე კი სულ მახსენდება ჩვენი ბრძენი და დიდი ქართველი კაცის სიტყვები...

 

„შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!

ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!“

 

ასე რომ, სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, „იკაროსები“...

დედამიწაც იტრიალებს არითმიის გარეშე და ჩვენც ყველაფერი კარგად გვექნება...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ფრთიან-ლასტებიან დღეს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი