logo_geo
1928 წლის 12 აგვისტოს გურამ ასათიანი დაიბადა
- +

12 აგვისტო. 2019. 17:36

 

 

„შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,

ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.

უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -

ვულკანზე შემდგარი საქართველო.“

 

შოთა ნიშნიანიძის ეს დიდებული ლექსი ჩვენი დღევანდელი იუბილარის ამ სიტყვებმა შემახსენა:

 

„...ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სვლამ. ათასი გოროზი გულის ძახილი შეურია დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას... ვინ იცის, რამდენ ამპარტავან სულის ზეობას მოეღო ბოლო. რამდენი ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზეხელაღებულ მაძიებლებს...“ და „...ინავლება სიყვარულიც...“

 

1928 წლის 12 აგვისტოს თბილისში დაიბადა სახელოვანი ქართველი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ასათიანი, რომელმაც უამრავი მონოგრაფია მიუძღვნა ქართველ მწერლებსა და მათ შემოქმედებას და ამით საშვილიშვილო საქმე გააკეთა, რადგან ნებისმიერ მოწადინებულ ადამიანს, მათ შორის აბიტურიენტს, შეუძლია გადაშალოს ბატონი გურამის მონოგრაფიები და ამა თუ იმ სახელოვანი მწერლის დეტალური პორტრეტი „დაინახოს“, მათ შორის ტატოს, გალაკტიონის, ტიციანის, პაოლოსი, გოგლასი, სიმონ ჩიქოვანის, სერგო კლდიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გურამ რჩეულიშვილის...

 

ბატონი გურამ ასათიანი ჩემი თანამედროვე იყო და კარგად მახსოვს - თავისი კაცურად ლამაზი შესახედაობით, სხვანაირი გამოხედვით, გადამდები და გამახალისებელი ღიმილით, ქცევის რაინდული მანერით და სიცოცხლის განუზომელი სიყვარულით. ალბათ, სხვანაირი ვერც იქნებოდა კაცი, რომელსაც გვერდს უმშვენებდა განუმეორებელი მანანა ქიქოძე. მქონდა ბედნიერება, პირადად მცნობოდა ეს გამორჩეული წყვილი, განსაკუთრებით ქალბატონი მანანა, დიდი ქართველი მწერლისა და მთარგმნელის - გერონტი ქიქოძის ულამაზესი ქალიშვილი, რომ აღარაფერი ვთქვა მათ ლევანზე, ჩემს სკოლისდროინდელ მეგობარზე... აქვე გეტყვით, რომ ჩემი ქეთის ოჯახი იმავე სახლის 1 სართულზე ცხოვრობდა, რომელშიც ასათიანების ოჯახი და მახსოვს, ბატონი გურამი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ჩემს ქეთის პატარა ირაკლი შეეძინა. ქალბატონმა მანანამ იცოდა ჩემი ვაჟის ისტორია და მახსოვს, როგორ გულწრფელად გაუხარდა, როდესაც ქეთიმ ახალშობილ ბიჭს ირაკლი დაარქვა. ისიც მახსოვს, ქალბატონი მანანა სახლში ისე არ ავიდოდა, ჩვენთან რომ არ შემოევლო და პატარა ირაკლის ამბავი არ ეკითხა და მერე ბევრი არ გვესაუბრა ხოლმე... ნეტა გენახათ, ასაკშიც კი რა სხვანაირად ეშხიანი და შარმიანი იყო ქალბატონი მანანა, ხანდახან თვალს ვერ ვწყვეტდი და კომპლიმენტს რომ ვეტყოდი, უხაროდა... როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქალს... ხომ მცირე დეტალია, მაგრამ სასიამოვნოდ გასახსენებელი.

 

54 წლის გურამ ასათიანი გარდაიცვალა 1982 წელს, ხოლო მისი ცხოვრების ულამაზესი თანამგზავრი - 88 წლის მანანა ქიქოძე - 2011 წელს. ორივენი დიდუბის პანთეონში განისვენებენ.

 

ბატონი გურამის გარდაცვალების შემდგომ გამოქვეყნდა მისი ესსეები, სტატიების კრებული და რჩეულ ნაშრომთა ერთტომეული „საუკუნის პოეტები“.

 

და... ამ სტატუსს კვლავ ბატონი გურამის სიტყვებით დავასრულებ: „...ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი“ – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა: - ძევახ სიცოცხლეო ჩემო!“

 

ბატონი გურამის ზევით ციტირებულმა „ამოძახილმა“ უცებ სხვა ფიქრები აღმიძრა... და მეც სიამოვნებით გაგახსენებთ სიმონ ჩიქოვანის საოცარ ლექსს - „ბროწეული პიტიახშის სამარეზე“...

 

აუ... ბროწეულისფერ სიყვარულს ხომ არაფერი შეედრება...

 

„...შენ მოჰყევ თუ შენ გამოგყვა სერაფიტი,

მისი ფერფლი შეკრიბე და ჩაგვაბარე,

მოწეულო ბროწეულო, გადმოფრინდი,

შენი რტო და შენი ჩრდილი დამაფარე.“

და...

„მე ვარ სერაფიტი, ასული ძევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა..." - "...კეთილი და ლამაზი, რომლის მსგავსი არავინ იყო სილამაზით…“

მაგრამ...

ეს სულ სხვა ისტორიაა და სხვა დროს გიამბობთ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი