logo_geo
1953 წლის 13 აგვისტოს ჰერბ რიცი დაიბადა
- +

13 აგვისტო. 2019. 14:54

 

1953 წლის 13 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაიბადა ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელმოხვეჭილი ამერიკელი ფოტოგრაფი, ცნობილი კლიპმეიქერი და სიცოცხლეშივე კლასიკოსად აღიარებული ფოტოხელოვანი ჰერბ რიცი, რომელიც ძირითადად თავისი შავ-თეთრი ფოტოებით არის ცნობილი და ჩემი ყურადღებაც სწორედ მაგით მიიპყრო (ცნობისთვის, ფოტოხელოვნებაში დილეტანტი ვარ, მაგრამ კარგ და ცუდ ფოტოებს შორის სხვაობის დანახვა შემიძლია).

 

ჰერბ რიცი თვითნასწავლი ფოტოგრაფი იყო და ფოტოხელოვნების უზარმაზარ სამყაროშიც შემთხვევით შეიჭრა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 1978 წელს რიჩარდ გირს წააწყდა ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში და ფოტოს გადაღება შესთავაზა. ისინი მალე დამეგობრდნენ და კიდევ მრავალჯერ ჰქონდათ (მხოლოდ) შემოქმედებითი შეხება, თუნდაც 1980 წელს, ფილმ „ამერიკელი ჟიგოლოს“ რეკლამის გადაღებისას.

 

მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ამ უნიჭიერეს ფოტოგრაფს მანამდე ყველასთვის უცნობი, ახალ-ახალი ვარსკვლავების „აკიაფების“ ნიჭი ჰქონდა. ცნობილი ფოტოგრაფის სტუდიაში ხშირად ხედავდნენენ ალ პაჩინოს, ჯეკ ნიკოლსონს, კლინტ ისტვუდს, განსაკუთრებით მადონას, მაიკლ ჯექსონს, ელიზაბეთ ტეილორს და სხვა მეგავარსკვლავებსა და სუპერმოდელებს, რომელთა შავ-თეთრი ფოტოები ისეთი „უშეცდომო“ რაკურსით და ემოციურად დატვირთული ფორმით იყო გადაღებული, რომ ესთეტ ადამიანებს, მათ შორის დიდ რეჟისორებსაც, გულგრილს არ და ვერ ტოვებდა... ხელოვნებაში ოდნავ გათვითცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ხელოვნების ნიმუშის, მათ შორის კარგი ფოტოს შესაქმნელად, აუცილებელია ორი "დიდოსტატი" - ის, ვინც ხელოვნებას ქმნის და ის, ვინც მას ამაში ეხმარება... რიცის შემთხვევაში, გენიალური წამის გაელვების "დაჭერისთვის აუცილებელი იყო მისი, როგორც ფოტოგრაფისა და მისი ვირტუოზი „მენატურეების“ კავშირი... ამიტომაც ამბობენ, რომ მომავლის ბევრ ვარსკვლავს სწორედ ჰერბ რიცის ფოტოებმა გაუკაფა გზა მაღალი ხელოვნების დიდ სამყაროში...

 

80-იან წლებში ჰერბ რიცი აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ წამყვან ამერიკულ ჟურნალებთან, როგორიცაა „Harper's Bazaar“, „Vogue“, „Vanity Fair“, „Playboy“, „Rolling Stone“, აგრეთვე ტოპ-მოდელებთან, კინოვარსკვლავებთან, ცნობილ მუსიკოსებთან, დიზაინერებთან და წამყვან ბრენდებთან, რომლებსაც ალბომების ყდებს უფორმებდა, ან მათთვის საჭირო ვიდეოკლიპებს იღებდა. ყველაზე პოპულარულია მის მიერ გადაღებული ქრის აიზეკისა და ჯანეტ ჯექსონის კლიპები, „Giorgio Armani“-ს, „Chanel“, „Calvin Klein“-ის და „Versace“-ს ათობით ალბომი... ამასთან, რიცის არქივში უხვად არის პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსების ფოტოები, მათ შორის რონალდ რეიგანის, მიხაილ გორბაჩოვის, დალალი ლამასი და კოფი ანანის.

 

2002 წელს 50 წლის ჰერბ რიცს ფილტვების ანთება დაუდგინეს, მაგრამ შიდსით დასუსტებულმა ორგანიზმმა ვერ შესძლო დაავადების დამარცხება და გარდაიცვალა... იგი შიდსის მსხვერპლი გახდა, ისევე, როგორც მისი საყვარელი „მოდელი“ და მომღერალი - უდიდესი ფრედი მერკიური...

 

დღეს ჰერბ რიცის ფოტოები დაცულია მთელი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი