logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: არ წაიკითხავთ, ხოდა დარჩებით 1 მილიონი დოლარის გარეშე
- +

13 აგვისტო. 2019. 19:29

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

თავიდანვე მინდა მოგახსენოთ, რომ ამნაირი მძაფრ სიუჟეტიანი ისტორია აქამდე არასდროს მომიყოლია...

 

არ წაიკითხავთ, ხოდა დარჩებით 1 მილიონ დოლარის გარეშე.

დავიწყებ მთლად თავიდან... ტრილერულად...

 

შიგა და შიგ ოჯახური ისტორიების ჩართვით...

 

სწორედ ამ დღეს, 1851 წლის 12 აგვისტოს, თანამედროვე საკერავი მანქანის მუშაობის მთავარი პრინციპის ავტორმა და მსოფლიოში ცნობილი ფირმა Singer-ის დამფუძნებელმა, აიზეკ ზინგერმა , მიიღო აშშ-ში თავისი პირველი პატენტი …

 

იმავე დღეს მან თავის კომპანიონ ედვარდ კლარკთან ერთად დაარეგისტრირა ფირმა I.M. Singer Company (შემდგომში Singer Manufacturing Company).

 

1855 წელს კი, საკერავმა მანქანა Singer-ს პარიზში გრან-პრი მიანიჭეს და დაიწყო მისი წარმატებული გაყიდვა ევროპაში,

 

სულ ცოტა ხანში აიზეკ ზინგერმა მოახერხა, რომ საკერავი მანქანის ფასი ზუსტად 10-ჯერ შეამცირა — 100-დან 10 დოლარამდე და ამით მისი მანქანა პრაქტიკულად ყველა ოჯახის აუცილებელი და ხელმისაწვდომი ატრიბუტი გახდა.

 

მინდა გითხრათ, რომ ერთი ასეთი მანქანა ჩემ სახლშიც იდგა, დედას მოჰყვა მზითებში. დედაჩკა-გალიჩკა კი მყავდა აბსოლუტურად და ბოლომდე გაქართველებული, მაგრამ წარმოშობით უკრაინელი გალინა ნესტერენკო იყო.

 

მისი დედა - პოლონელი ქალბატონი ვაიცეხოვსკაია, ბებია კი - გერმანელი,

საკენ ფონ ოსტენი გახლდათ...

 

სწორედ მისგან გამოჰყვა დედიკოს „ზინგერი“, რომელიც იყო ძალიან ლამაზი, თავისივე ხის მძიმე კოლოფში და მორთული იყო ოქროსფერი ვაზის ფოთლებით.

 

დედიკო ამ მანქანით ძალიან ამაყობდა... ალე ბებია სულ მხარს უჭერდა ამ ამაყობაში, მაგრამ... ჯემალიკოს და ზურიკოს ამბავი ხომ მოგეხსენებათ?

 

ხოდა, რას უშვებოდნენ თავის „ზინგერში“ შეყვარებულ გალიჩკას, ცოტა ხანში მოგიყვებით...

 

ახლა ვუბრუნდები საოცარ და სრულიად უნიკალურ აიზეკ ზინგერს...

 

1830 წელს ზინგერმა ცოლად შეირთო კეტრინ ჰეილი, რომლისგანაც ორი შვილი გაუჩნდა.

 

1836 წელს პარალელურად შეუყვარდა ვინმე მერი ენი, რომელთანაც გაუჩნდა 10(!) შვილი (პარალელურად).

 

1837 წელს ზინგერმა იყიდა სახლი პრესტიჟულ მე-5 ავენიუზე, რომელშიც მეორე ოჯახი გადაიყვანა.

 

1860 წელს ზინგერმა პირველი მეუღლე დაადანაშაულა ღალატში (ეს იმ დროს, როცა თვითონ სხვა ქალთან უკვე 10 შვილი ჰყავდა) და გაშორდა.

 

სამაგიეროდ, 1862 წელს მეორე ცოლმა გამოიჭირა ზინგერი ღალატში ვინმე მერი მაკ გონიალთან, რომელთანაც ამ დროისთვის ზინგერს, თურმე, კიდევ ხუთი შვილი ჰყავდა.

 

მეორე ცოლი გაბრაზდა და ქმარს უჩივლა ორცოლიანობისთვის, მაგრამ ზინგერმა მოახერხა ციხიდან გამოქცევა.

 

ამ დროს კი გაირკვა, რომ მას შვილი ასევე გაუჩინა ვინმე მერი უოტერსმა და სანამ ზინგერი არკვევდა, ვისთან დარჩენილიყო საბოლოოდ, მას ჩამოაკითხა ვინმე იზაბელა ბოიერმა, რომელთანაც, თურმე, 1860 წელს სასიყვარულო ინტრიგა ჰქონდა პარიზში.

 

ზინგერმა ყველა დაივიწყა (ეტყობა, თვლა აერია))) და ცოლად სწორედ იზაბელა მოიყვანა, რომელმაც მას კიდევ ექვსი შვილი გაუჩინა.

 

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ზინგერს მინიმუმ 24 შვილი ჰყავდა… და ახლა საცოდაობა არ არის, რომ ასეთი კაცი ისტორიაში შევიდა როგორც საკერავი მანქანის რაღაცა, თუნდაც რევოლუციური დეტალის გამომგონებელი?!

 

რაც შეეხება გალიჩკას „ზინგერს“,

 

ოჯახური ტრადიცია გვქონდა...

 

შებინდებისას... ალექსანდრა, მარტო მან რომ იცოდა, ისეთ გემრიელ ჩაის რომ დააყენებდა და ზედ მოსკოველი დაქალის, ანა გერასიმოვნას ნაჩუქარ ბამბაზიის მსუქან რუს ბაბუშკას რომ დაასკუპებდა (სითბოსთვის), მერე ხელში აიღებდა გაზეთ „თბილისს“... გადაშლიდა ნეკროლოგების გვერდზე და დაიწყებდა ოხვრას, რაიმე უჩვეულო ან ულამაზო გვარს თუ ამოიკითხავდა...

 

ჩვენ ამ დროს უკვე ჩაის მივირთმევდით და ვიცდიდით...

 

ალექსანდრა ნელა იხსნიდა სათვალეს და იწყებდა თავის თავადური გვარის ქება-დიდებას, რომელიც მთავრდებოდა სინანულით იმასთან დაკავშირებით, რომ ბარათაშვილის ქალი ანჯაფარიძეს გაჰყვა...

 

ამას მოჰყვებოდა ზურიკოს შეკითხვა:“ თუ ასეთი გვარი გქონდაო, ერთი საგვარეულო ბეჭედი მაინც როგორ არ შემოგრჩაო ვანიჩკა ანჯაფარიძის სახლში შემოსატანიო...

 

ალექსანდრა ადგებოდა, გავიდოდა საძინებელში და გამოიტანდა ალექსანდრიტისქვიან ბეჭედს, რომელსაც ოპერაში იკეთებდა ხოლმე და რომელიც, ნამდვილად ვიცი, გალიჩკამ უყიდა კიეცის საკომისიოში, 60 რუბლად)))

 

ეს კი ნიშნავდა იმას, რომ გალიჩკა და ალე შეიკვრნენ...

 

მაშინ...

 

საუბარში ჩაერთვებოდა ჯემალიკო და „მეჟდუ პროჩიმ“ შეახსენებდა დამსწრე საზოგადოებას, რომ გალიჩკას ერთადერთი მზითვები, რაც გამოჰყვა კიევიდან, „ზინგერის“ ფირმის დანჯღრეული საკერავი მანქანა იყო...

 

აქ ვეღარ ითმენდა გალიჩკა და იწყებდა დეტალურად თავისი უკრაინულ-პოლონურ-გერმანულ გვარის ისტორიის მოყოლას, რომელიც გენერალ საკენ ფონ ოსტენზე სრულდებოდა...

 

ასევე სრულდებოდა კამათის „აუცილებელი პროგრამა“ და იწყებოდა საოცარი იმპროვიზაციები...

 

ერთხელაც...

 

ურიკომ სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ შეაგროვა ინფორმაცია ამ გერმანელი გენერლის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ის ჰიტლერის პირდაპირი წინაპარი იყო („მგონი ბიძაო“)...

 

(გალიჩკა, შესაბამისად, საზიზღარი ფიურერის უახლოესი ნათესავი, თითქმის ოჯახის წევრი გამოდიოდა)...

 

ამას არავინ არ მოელოდა... სრული სიჩუმე ჩამოვარდა და გალიჩკას თვალზე ცრემლები მოადგა, პატარა ბავშვივით...

 

გაითვალისწინეთ, რომ ეს ის პერიოდი იყო, როვა არავინ ეჭვს არ გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ფაშისტები, თავიანთი კონცენტრაციული ბანაკებით, ცუდები იყვნენ და „გაზაფხულის 17 გაელვების“ ზოგიერეთ სცენაზე ნაკლებად სენტიმენტალური ზურიკოც კი სევდიანდებდა...

 

ზურიკო, მოგეხსენებათ, ნიჭიერი კაცი იყო და მიხვდა, რონ საქმე ცუდად იყო და ბუნებრივად გააგრძელა ისტორია იმაზე, რომ თურმე, საკენ ფონ ოსტენი ნამდვილი გერმანელი პატრიოტი იყო და განუდგა ჰიტლერს და სწორედ ამიტომაც დაკარგა მთელი თავისი ქონება...

 

გალიჩკას სახე გაებადრა, ჯემალიკომ დიდმნიშვნელოვნად დააქნია თავი (რაც სავარაუდოდ, იმას ნიშბავდა, რომ მაშინ გასაგებია, რატომაც შემორჩა გალიჩკას მხოლოს „ზინგერი“)...

 

ალე გაზეთ „თბილისს“ დაუბრუნდა...

 

მე კი ვიჯექი და არაფერს არ ვაკეთებდი...

 

უბრალოდ, ვბედნიერობდი...

 

სამწუხაროდ, ეს მანქანა მე არ შემომრჩა. თუ გახსოვთ, იყო ერთი პერიოდი, როდესაც თბილისში ხმა დაირხა, რომ ზოგიერთი „ზინგერის“ მანქანა არის ძალიან ძვირფასი და წაიღეს ჩემი მანქანაც შესამოწმებლად.

 

მერე მითხრეს, ძვირფასი არ აღმოჩნდაო, მაგრამ არც დამიბრუნეს.

ისე კი, ჩემთვის ამ მანქანაზე ძვირფასი დღეს, ალბათ, არც არაფერი იარსებებდა…

 

მაინც გავარკვევ, ვინ წაიღო...

 

ახლა კი ერთი მთავარი საიდუმლო უნდა გაგანდოთ, ოღონდ არ მკითხოთ, საიდან ვიცი.

 

თუ ვინმეს სახლში შემოგრჩათ ძველი „ზინგერი“, უბრალოდ გადაამოწმეთ.

 

კომპანია „ზინგერი“ 1998 წლიდან ეძებს მე-19 საუკუნეში გამოშვებულ მანქანებს, რომელთა სერიის ნომერი იწყება 1-ით.

 

ამბობენ, ანტიკვარიატის მოყვარულები დღემდე არ კარგავენ ამ მანქანების პოვნის იმედს, ხოლო მათ მფლობელს 1 მილიონი დოლარი გადაეცემა.

 

მეორე ლეგენდის მიხედვით, არსებობს „ზინგერის“ 300-მდე მანქანა, რომელთა კორპუსი ოქროსგან არის დამზადებული. მდიდარი რუსები, რომლებიც რევოლუციის შემდეგ ევროპაში მიდიოდნენ, ადნობდნენ თავის სამკაულებს, აძლევდნენ საკერავი მანქანის ფორმას, ღებავდნენ შავად და ასე გადაჰქონდათ საზღვარზე.

 

მესამე ლეგენდის მიხედვით კი, „ზინგერის“ ძველი მანქანების ნემსებში (რომლებიც მოჰყვებოდა მანქანებს) აიზეკი მალავდა ე.წ. „წითელ ვერცხლისწყალს“, რომლის სულ მცირე რაოდენობაც კი რამდენიმე მილიონ დოლარადაა შეფასებული.

 

რომ არ იწვალოთ ქიმიურ ლაბორატორიებში სირბილით, გასწავლით როგორ შეამოწმოთ ნემსები: უბრალოდ, მათ გვერდით დადეთ მობილური ტელეფონი, რომელიც სიგნალს აუცილებლად დაკარგავს ამ „წითელ ვერცხლისწყალთან“ კონტაქტისგან…

 

მოიცათ, მოიცათ, სად გარბიხართ!

 

ხომ უნდა გითხრათ - გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ფანტასტიურ დღეს!

 

 

 

 

 

big_banner
არქივი