logo_geo
თეა ფირცხალავა: დიადი ფილმის შესაქმნელად საჭირო იყო სცენარი, სცენარი და არაფერი სცენარის გარდა...
- +

13 აგვისტო. 2019. 19:30

 

კინო მასობრივი კომუნიკაციის უდიდესი და უძლიერესი საშუალებააო, ამბობდა იგი და ღრმად სწამდა, რომ გენიალური და დიადი ფილმის შესაქმნელად საჭირო იყო სცენარი, სცენარი და არაფერი სცენარის გარდა...

 

1899 წლის 13 აგვისტოს ლონდონში, ერთი ვინმე მებაყლის ოჯახში, დაიბადა მომავალში ვირტუოზი ანგლო-ამერიკელი რეჟისორი, ტრილერის დიდოსტატი და „საშინელებათა“ სახელმწიფოს მეფეთ-მეფე - სერ ალფრედ ჰიჩკოკი, რომლის თავზეც გვირგვინის ნაცვლად მისტიურობის შარავანდედი კიაფობდა.

 

1922 წელს ალფრედ ჰიჩკოკმა სცადა პირველი მუნჯი ფილმის „ნომერი 13“-ის გადაღება, მაგრამ ვერ დაასრულა, კინოკომპანიის გაკოტრების გამო. შემდეგ იყო მრავალი მუნჯი და ხმოვანი ფილმი...და ყველას გვახსოვს მისი „საშიშად“ გენიალური „ფსიქო“ და იქ „აღწერილი“ მკვლელობის სცენა, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შიშისმომგვრელ „აქტად“ მსოფლიო კინემატოგრაფში. იწერება, რომ ფილმის გამოსვლამდე ჰიჩკოკმა რომან „ფსიქოს“ მთელი ტირაჟი შეიძინა, რათა წინასწარ არავის სცოდნოდა ფილმის ფინალური სცენა. არადა, როგორც ამბობენ, თავად ჰიჩკოკი სულაც არ იყო მონსტრი და ერთი ბუნჩულა ტიპი იყო, უმძიმესი ხასითით... უმძიმესი ხასიათისა რა მოგახსენოთ, მთლად მასე ახლოსაც არ ვიცნობდი, რომ განვსაჯო, მაგრამ ბუნჩულა რომ არ იქნებოდა, ზუსტად ვიცი... ალბათ „მშიშარა“ უფრო იყო და სწორედ საკუთარი კომპლექსების და ფობიების დასაძლევად იღებდა ტრილერებს... მას მრავალი ფობია „აწუხებდა“, მათ შორის ოვოფობია, ანუ კვერცხთმოძულეობა, ანუ ყველაფერი, რაც კვერცხს აგონებდა, ანუ... ყველა გენიოსი რომ ცოტა “აფრენს“ ეს ჰიჩკოკის მაგალითზეც კარგად ჩანს.

 

ალფრედ ჰიჩკოკს რამდენიმე „საფირმო“ ხელწერა ჰქონდა, მათ შორის მთავარ როლებში „ცივი“ და გაყინულსახიანი (ჩემი აზრით, ცოტა „მოფრიგიდულო“) ქეთარმიანი ქალების გადაღება, როგორებიც იყვნენ ვერა მაილზი, კლოდ ჟადი, კიმ ნოვაკი, ჯანეტ ლი... და გრეის კელლი (ამ შედევრთან მიმართებით ყველა ზემოთქმული ეპითეტი უკან მიმაქვს)... და ჰიჩკოკის კიდევ ერთი "ახირება" - 40-მდე კამეო, ანუ ეპიზოდური როლის შესრულება საკუთარ ფილმებში, რაც მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. აქვე გაგახსენებთ „უზარმაზარი“ რეჟისორის რამდენიმე ფილმსა და მსახიობს: ფანტასტიურ-აპოკალიპტური ტრილერი „ჩიტები“, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტივი „ფანჯარა ეზოს მხარეს“, „ვერტიგო“ - ფილმი პოლიციელის სიმაღლის შიშსა და „უცნაურ“ ქალზე, ან „ფუჭი დიდება“ - კერი გრანტის და ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით, „რებეკკა“ - ლორენს ოლივიეს და ჯოან ფონტეინის მონაწილეობით, „მონუსხული“ - გრეგორი პეკის და ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით და... 50 წლის განმავლობაში შექმნილი 55 ფილმი, რომელთა უმრავლესობაც მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად ითვლება.

 

1980 წელს, გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე, გენიალური რეჟისორი, რომელიც 1956 წლიდან აშშ-ის მოქალაქე იყო, „როგორც იქნა“ დასთანხმდა, რომ დედოფალ ელისაბედ II-სგან მიეღო ბრიტანეთის იმპერიის რაინდი კომანდორის საპატიო ორდენი, რაზეც 1962 წელს უარი განაცხადა.

80 წლის სერ ალფრედ ჰიჩკოკი გარდაიცვალა 1980 წელს, ლოს-ანჯელესში. თავადაც მრავლის მოშიში და ამავდროულად „შიშისმთესველი“ გენიოსი სიკვდილსაც ოხუნჯობით მიეგება: ვგრძნობ, რომ შუქი ქრება. როგორც იქნა მართლა დავისვენებ და გამოვიძინებო, თქვა და... დაიძინა... სამუდამოდ დაიძინა... ამბობენ, რომ მისი საყვარელი ფილმი იყო ფრიც ლანგის „დაღლილი სიკვდილი“... რა სიმბოლურია, არა?!

 

ჰიჩკოკის ბოლო სიტყვებმა რეზო თაბუკაშვილის მიერ გენიალურად თარგმნილი შექსპირის 66-ე სონეტი მომაგონა: „ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა...“ მართალია, შექსპირი აქ არაფერ შუაშია, მაგრამ უცებ ეს სონეტი მომივიდა თავში და მეც დავწერე, ანუ მართლაც ყველაფრით დაღლილ ჩვენს იუბილარს „მოვარგე“... დაიღლებოდა კაცი ამდენი "შიშებისგან", აბა რა იქნებოდა?!

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი