logo_geo
1787 წლის 15 აგვისტოს ალექსანდრე ალაბიევი დაიბადა
- +

15 აგვისტო. 2019. 23:26

 

 

 

„აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო,

გალიაში ბულბულები ზიან...“

 

ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ეს სიმღერა დაწერა საქართველოს სიყვარულისთვის დაბადებულმა (და არა „ქურდი კაცის ბედზე“ დამწუხრებულმა) ორმა კაცმა - პეტრე გრუზინსკიმ და ბიძინა კვერნაძემ... თუ რატომ გამახსენდა მაინცდამაინც ეს სიმღერა, ამას მოგვიანებით მიხვდებით...

 

1787 წლის 15 აგვისტოს ქ. ტობოლსკში მცხოვრები დიდგვაროვნის ოჯახში დაიბადა მომავალში სახელგანთქმული კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი ალექსანდრე ალაბიევი. მისი წინაპრები პოლონური წარმომავლობისა იყვნენ და ივანე მრისხანეს სამსახურში იდგნენ.

 

ალექსანდრე ალაბიევის რომანსებს მთელ მსოფლიოში მღერიან. ახლავე გაგახსენებთ მის ერთ-ერთ რომანსს „Соловей“ („ბულბული“), რომელსაც შეუდარებლად ასრულებდა სახელოვანი ქართველი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია, რომლის ლირიული კოლორატული სოპრანოთი ნამღერი „Соловей мой, соловей, голосистый соловей...“ - ახლაც ყურში ჩამესმის... მაგრამ...

 

ალაბიევმა ხსენებული რომანსი ციხეში დაწერა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. საქმე იმაშია, რომ რუსულ ფოლკლორში „ბულბული“, რომელიც გალიაში არასოდეს გალობს, წარმოადგენს ურყევი ნებისყოფის და თავისუფლების სიმბოლოს, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში ბულბული ითვლება ქრისტიანული სულის სიმბოლოდ, რომელიც ამქვეყნიურ ბნელეთში ამღერდება და სიხარულით მოელის ქრისტესთან მიგებებას იმქვეყნიურ ნათელში... ვინაიდან ნებისმიერ ურწმუნო ან „ზარმაც“ ადამიანს ქრისტე მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც უჭირს, მაგალითად იგივე ციხეში, სადაც გამოკეტილ კამერაში ჯდომა დიდ ნებისყოფასაც მოითხოვს, აი, სწორედ ამიტომ გავიხსენე ის გენიალური სიმღერა, რომლითაც სტატუსი დავიწყე და რომელსაც შეუდარებლად ასრულებდა ასევე შეუდარებელი ირაკლი უჩანეიშვილი. მიმიხვდით? მაშინ კაი... ახლა კვლავ ალაბიევს მივუბრუნდები და შეგახსენებთ დიდი კომპოზიტორის რამდენიმე რომანსს, რომელთა მხოლოდ სათაურებიც კი, დაუყოვნებლივ წამოგამღერებთ მათ მელოდიას, ან აგაღიღინებთ მაინც. დავიწყებ რომანსით „Вечерний звон“, რომელიც ყველამ ზეპირად იცის და ყველას უყვარს (იმათ გარდა, ვინც ან ძალად იყრუებს თავს, ან რუსოფობობა სჭარბობს ულამაზესი მელოდიის მოწონებას)... როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ეს რომანსი?!

 

„Вечерний звон, вечерний звон!

Как много дум наводит он...“

 

და იქვე გაისმის: ბუმ, ბუმ, ბუმ, ბუუუუუუუუუუმ....

 

გახსოვთ ვასილ შუქშინის შედევრალური ფილმი „წითელი ძახველი“ და პატიმრების შესრულებული ეს სიმღერა? ჟაროვი რომ გამოდის და აცხადებს: „А сейчас хор бывших рецидивистов исполнит задумчивую песню „Вечерний звон”... თან მომღერალთა გუნდს ქვია „ბუმ-ბუმ“... ვაიმე, არ შემიძლია, ლამის გავიგუდო...

 

ალაბიევმა დაწერა 200 რომანსი, 6 ოპერა და მრავალი სხვა ნაწარმოები, მაგრამ მხოლოდ მუსიკის წერით არ შემოფარგლულა და 1812 წლის სამამულო ომში და სხვა ბრძოლებშიც მონაწილეობდა... მიუხედავად წარჩინებული მოღვაწეობისა და ჩინ-მედლებისა, 1825 წელს მას მემამულის მკვლელობა დასწამეს, დააპატიმრეს, ყველა წოდება, ტიტული და უფლება ჩამოართვეს და გააციმბირეს. ამბობენ, რომ ეს დეკაბრისტებთან მისი ახლობლობის გამო მოხდა. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო იყო განაჩენი, რომელიც მოსამართლემ ზედმეტად ექედნურად მიახალა ალაბიევს, ესაოდა, ქალაქ ტობოლსკში გაგაციმბირებთო, რაზეც კომპოზიტორმა ღიმილით უპასუხა, ეს იგივეა, ქარიყლაპია რომ ზღვაში გაშვებით დასაჯოთ, მე ხომ ტობოლსკში მთელი ჩემი ბავშვობა და საუკეთესო წლები გავატარეო...

 

ალექსანდრე ალაბიევი ციხემ ვერ გატეხა, პირიქით, მუსიკის წერის იშტაზე მოვიდა, ბულბულის „წესი“ დაარღვია, გალიაში ამღერდა, წერდა მხიარული ვოდევილების მუსიკას, ქმნიდა რომანსებს, ბელეტებს და სხვა ნაწარმოებებს. მოკლედ, ამ ნიჭიერმა კაცმა მისი ყველა ცნობილი რომანსი, მათ შორის ზემოხსენებული „Соловей“, ციხეში დაწერა... კიდევ "კარგი" დაიჭირეს, თორემ იქნებ არც კი შექმნილიყო მისი მრავალი შედევრი... ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგიათ?!

 

გავიდა ხანი და...

 

1851 წელს ალექსანდრე ალაბიევი გარდაიცვალა მოსკოვში. იგი სიმონოვის მამათა მონასტრის ეზოში დაიკრძალა. სიმონოვის მონასტერი 1930 წელს დაანგრიეს და მასთან ერთად დაიკარგა ალაბიევისა და მისი მეუღლის საფლავებიც.

 

„..Ты лети, мой соловей,

Хоть за тридевять земель,

Хоть за синие моря,

На чужие берега...“

 

და ბოლოს დამაგვირგვინებელი სიტყვები:

 

"Лежать и мне в земле сырой!

Напев унывный надо мной...

В долине ветер разнесет;

Другой певец по ней пройдет.

И уж не я, а будет он

В раздумье петь вечерний звон!

 

და აქ გაისმის: ბომ, ბომ, ბომ, ბომ...

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი