logo_geo
დინა მირცხულავა: კარებს უკან ვიყავი ატუზული და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი მამას, ომიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნებულს...
- +

16 აგვისტო. 2019. 00:03

 

 

კარებს უკან ვიყავი ატუზული და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი მამას, ომიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნებულს...

სკამზე გადაფენილ სამხედრო "ბუშლატას" ჯერ კიდევ ომის სუნი ასდიოდა.

მამიდაჩემი მჭადს აცხობდა, ნედლი სიმინდის მჭადს, სხვანაირი სუნი აქვს იმ მჭადს და ახლაც მახსოვს ის სუნი.

გურიაში, მამიდასთან გამოგვხიზნა მამამ და თვითონ სოხუმის დაცემამდე ფეხი არ გამოუდგამს.

წვიმდა იმ დღეს.

წვიმის, ომისა და მჭადის სუნი არ უხდება ერთმანეთს.

იჯდა მამა მაგიდასთან თავდახრილი და იმ წუთის მოსულ მეგობარს იქაურ ამბავს უყვებოდა.

ვიდექი მეც კარსუკან და არ ვსუნთქავდი, რომ წვიმის ხმაურს ჩემიც არ მიმატებოდა და მამას სიტყვები ხმაურში არ დამკარგვოდა.

- ყველა მომაკვდავს აქვს უფლება, რომ იცოდეს, რისთვის კვდება, რითი კვდება და რატომ? - მეგობარი ჩუმად ლაპარაკობდა.

- ბავშვი იყო, ბიჭო, შემეცოდა - ამოიგმინა მამაჩემმა.

- ჰო, ბავშვებს ფილმებში ნანახი ომის სცენები ეგონათ ნამდვილი ომი.

- ჰო, შენ კიდევ ნუ მეფილოსოფოსები აქ...

მე ვერ ვხედავდი, მაგრამ მამას ამ დროს ალბათ სიმწრის ოფლი ჩამოსდიოდა თმებიდან.

- რეზინის ტყვიაა მეთქი, გესმის ?! რეზინისაა და არ მოკვდები - თქო, გაიგე, ბიჭო ?! რეზინის ტყვია ვუთხარი, ვინ ისვრის, ბიჭო, ომში რეზინის ტყვიებს ?! რა ბავშვი იყო, გესმის ?! დამიჯერა ! დასწყევლოს ღმერთმა, დამიჯერა...

- და იმედი აჩუქე - სხვათაშორისად ჩაილაპარაკა მეგობარმა.

- თვალი გაახილა, ძალა მიეცა, თავქვეშ შევუყავი ხელი, ჭრილობა მოვუსინჯე... ღმერთო, დროზე გაათავე - მეთქი ჩუმად ვთქვი გულში, დამენანა ბავშვი ტკივილისთვის... ამომხედა, ცალი თვალით, მეორე თვალი სისხლიანი ჰქონდა და ვერ ახელდა... მკითხა - მართლა, რეზინისაო ?.... უჰ, კი აბა რაა, რისი გეშინია, უბრალოდ თავი გაქვს გატეხილი და მალე ექიმი მოვა - მეთქი... რამდენ ნაკერს დამადებენო, მკითხა... ვაჰჰ, რად არ მოვკვდი მაშინ ?! მაქსიმუმ შვიდი მეთქი.

არ მომატყუოო - მთხოვა. არა, სინდისს გეფიცები - მეთქი. შვილი დაიფიცეო...დავუფიცე... თვალები დახუჭა და მეუბნება - მგონი, მეძინება და ექიმი, რომ მოვა, გამაღვიძეო...

მამაჩემის სლუკუნი მესმოდა, სუნთქვაშეკრულმა ვეღარ გავძელი და წვიმის ხმაურს ჩემი სუნთქვაც შეემეტა, მაგრამ მამაჩემის ტირილი იმ ხმაურშიც მესმოდა.

- ყველას აქვს უფლება, იცოდეს, რითი კვდება - ისევ წაიფილოსოფოსა მეგობარმა.

- კარგი რაა, მორჩიი, რეზინის ტყვიით და ეგაა, ეგრე უნდოდა და დაიჯერა - მამაჩემი თითქმის ყვიროდა მაგიდასთან.

მერე ჭიქებში ღვინის ჩამოსხმის ხმა გავიგე.

ღვინო იატაკზეც დაიქცა, ეს მამაჩემი იყო, მამას აქვს ასეთი წესი - დალევამდე მიცვალებულს გადაუქცევს ხოლმე.

მერე ისიც გავიგე, მამა ღვინის ყლუპებსა და ცრემლებს როგორ ერთად ყლაპავდა და ის ხმა წვიმისა და ჩემის სუნთქვის ხმას შეერია...

ღვინის სუნმა კი მჭადისა და "ბუშლატის" სუნი გადაფარა და მთელი ოთახი ღვინის სუნით გაიბიდნა...

 

 

big_banner
არქივი