logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ისე მინდოდა მეთქვა, რა ლამაზი იყო და ვერ გავბედე... არადა, რა იყო ამაში ცუდი...
- +

17 აგვისტო. 2019. 14:13

 

 

სილამაზე...

ყველა ადამიანს, ბუნებრივია, სილამაზის საკუთარი კრიტერიუმი გააჩნია...

ზოგს ბრიჯიტ ბარდო მოწონს, ზოგს სოფი ლორენი, ზოგს ალენ დელონი, ზოგს არმენ ჯიგარხანიანი... ბევრს... მონიკა ბელუჩი.

 

მე უნდა გამოგიტყდეთ, მამაკაცებში ყველას მირჩევნია ენთონ ქუინი...

 

რაც შეეხება ქალურ სილამაზეს, ის ჩემთვის ამ სურათზე გამოსახული ქალბატონია.

 

არ ვიცი, ვის გხვდათ წილად „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერაზე დასწრების ბედნიერება...

 

მე ვიყავი... მართალია, ბეღურასავით ჩამოსკუპებული ორ რიგს შორის ჩამდგარ სკამებს შუა გადებულ ტახტის ბალიშზე, მაგრამ მაინც!!!

 

სპექტაკლის დროს, გვერდით გავიხედე და თვალში მეცა ლოჟაზე გადმოკიდებული არისტოკრატიულად თხელი და დახვეწილი ხელი...

ბუნებით როა და გენებით და არა სილამაზის სალონიდან...

 

ცოტა ღრმად ჩავიხედე ლოჟაში და დავინახე ეს შეუდარებელი ქალბატონი...

 

ანტრაქტში თვალი არ მომიშორებია...

ყველაფრით მომწონდა, შეყვარებული ვიყავი...

 

იყო ისეთი სათნო, მომღიმარე, ხალისიანი, შარმიანი და თანაც, საშუალო ასაკზე მეტი ხნის...

ბოლოს ვერ მოვითმინე და ჯემალიკოს ვკითხე: „ვინ არის-თქო?“.

 

ვიგრძენი, რომ ესიამოვნა, რომ ვკითხე. ძალიან ვგავდით გემოვნებით. - „ეს არი ვინც არიო...

დიდი ევგენი მიქელაძის მეუღლე, ქალბატონი ქეთევან ორახელაშვილიო“...

 

გავიდა სადღაც ერთი თვე...

ქალბატონი ქეთევანი ჩემს ეზოში შემობრძანდა და მეზობელ სადარბაზოში შევიდა...

 

მე გავყევი შერლოკ ჰოლმსივით და აღმოვაჩინე, რომ ხოტივარი-თუთბერიძეების სტუმარი ყოფილა...

 

თანაც, სადარბაზოში რომ შევყევი, გამიღიმა.

 

შველივით თვალები და ღიმილი ჰქონდა...

ისე მინდოდა მეთქვა, რა ლამაზი იყო და ვერ გავბედე...

არადა, რა იყო ამაში ცუდი...

 

 Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი