logo_geo
თეა ფირცხალავა: ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ...
- +

19 აგვისტო. 2019. 12:19

 

 

სტატუსს დავარქვი „Per Aspera Ad Astra“, ანუ  და თუ რატომ, ამას ორ წამში მიხვდებით... 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა ეპოქალური მანდილოსანი, მოდის ოლიმპის „ქალღმერთი“ და შედევრალური პარფიუმერიისა და აქსესუარების შემქმნელი გაბრიელ კოკო შანელი.

 

მასზე უამრავი ნაწარმოები და ფილმია შექმნილი და მეც არაერთხელ მივუძღვენი სტატუსები, ამიტომ დღეს შევეცდები, ბევრისთვის უცნობი ისტორიები და რამდენიმე უნიკალური ფოტო გაგაცნოთ...

 

ამ სტატუსში გიამბობთ, როგორ გადაიქცა გაბრიელი კოკოდ და რა გზა გაიარა მანამ, სანამ მსოფლიოში ცნობილი შემოქმედი გახდებოდა. ყველაფერი ასე დაიწყო:

 

1900 წელს 17 წლის გაბრიელ შანელი საცხოვრებლად გადავიდა მულენის კომუნაში და პანსიონატში დასახლდა. მას ბავშვობიდანვე იტაცებდა სიმღერა და კარგი ხმაც ჰქონდა. ერთხელ, მეგობრებთან გაიხუმრა, რამე რომ იყოს, კაფეშანტან „როტონდაში“ წავიდოდი ბედის საძიებლად, მართალია, მთავარ პარტიებს არ მამღერებენ, მაგრამ ჩემს კვალს მაინც დავატყობდი იქაურობასო (ეს „როტონდა“ პარიზის კაფე „როტონდაში“ არ აგერიოთ, რომელიც ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ და ელენე ახვლედიანმა „გააცნეს“ ქართველებს).

 

მოკლედ, მეგობრებმა გაბრიელს იდეა მოუწონეს, რა სჯობს შენს სცენაზე დანახვასო, წააქეზეს... გაბრიელიც ადგა და მართლაც მივიდა „როტონდაში“... მართალია, გზაში უკვე ყოყმანობდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ კაფეშანტანის მეპატრონე მოსიე შაბასსიერი თავად ეტყოდა უარს დასში მიღებაზე, მაგრამ, ნურას უკაცრავად, დირექტორს კარგი ალღო და „ყნოსვა“ აღმოაჩნდა, ეგრევე „მოტვინა“, მომღერლად თუ არა, სტატისტად მაინც ავიყვან თამამ გოგონასო და... იმ დროს ასეთი წესი იყო, ათამდე სტატისტი გოგონა სცენის სიღრმეში იჯდა და მათი მთავარი დანიშნულება იყო, რომ სანამ კაფეშანტანის ვარსკვლავები მთავარ პარტიებს ასრულებდნენ, მათ ერთმანეთთან საუბრით ან სხვა „ხერხებით“, სალონში ყოფნის და სალონური გართობის შთაბეჭდილება უნდა შეექმნათ. მოკლედ, სტატისტი ქალები იყვნენ ე.წ. მეორე პლანის მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა სიმღერის შესრულებით ავსებდნენ ანტრაქტების „სიჩუმეს“ და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ზემოხსენებული ვარსკვლავები სცენაზე დაბრუნდებოდნენ.

 

რაღა ბევრი გავაგრძელო და 1901 წელს შედგა გაბრიელ შანელის სცენური დებიუტი სტატისტის როლში და თითქმის იმავდროულად დაიწყო მისი „Per Aspera Ad Astra“ - ანუ, ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ მსვლელობა...

 

უკვე 1901 წელსვე გაბრიელის სიმღერამ პირველი ფურორი მოახდინა და იმდენად ტრიუმფალური აღმოჩნდა, რომ მას თავისი მსმენელი საზოგადოება გაუჩნდა, რომლებიც ხშირად სწორედ მის სანახავად დადიოდნენ კაფეშანტანში. ასე თუ ისე, უბრალო სტატისტი გაბრიელ შანელი უფრო მეტ და ხანგრძლივ აპლოდისმენტებს ღებულობდა, ვიდრე

„როტონდის“ პროფესიონალი მომღერლები, არადა მისი რეპერტუარი ძალზე მოკრძალებული იყო. იგი სულ რაღაც 3-4 სიმღერას ასრულებდა, რომელთა შორის იყო სიმღერა „კო-კო-რი-კო“. ეს სიმღერა ძალზე მოდური იყო მულენის და პარიზულ კაფეშანტანებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით „ლა-საკალაშიც“ კი. სიმღერის შესრულებისას გაბრიელი ისეთ მაღალ დონეზე აკეთებდა მამლის ყივილის პაროდიას, რომ, ალბათ, ყველაზე შურიან მამალსაც გულს უხეთქავდა... გაბრიელის „კოკო-რიკოს“ ისეთი წარმატება მოჰყვა, რომ მას რამდენჯერმე იძახებდნენ ბისზე, თან "კოკო-კოკო"-ს გაიძახოდნენ და...

 

აი, სწორედ მაშინ დაერქვა გაბრიელს კოკო და ეს სახელი მომავალი მოდის "ქალღმერთის" სიმბოლო გახდა.

 

ჭკუიდან შესაშლელი წარმატების წყალობით მოსიე შაბასსიერმა კოკო არათუ დაითხოვა სამსახურიდან, არამედ ერთწლიანი კონტრაქტის დადება შესთავაზა მას და კოკომაც ხელი მოაწერა. მაგრამ... გავიდა ხანი და მიუხედავად აფიშებზე გამოჩენისა (იხ. ფოტო), კოკოს ერთფეროვნება მობეზრდა, აგიჟებდა რაღაც ფარგლებში მოქცევა, მისი ნიჭი ვერ ეგუებოდა შემოსაზღვრულ სივრცეს, ფრენას ითხოვდა... ამას დაემთხვა ისიც, რომ კოკოს განუზომელმა წარმატებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია შურიან სუპერვარსკვლავებში, რომლებმაც ათასგვარი ჭორის გავრცელება დაიწყეს, რაც სხვაგანაც, მათ შორის ჩვენს სახელოვნებო წრეებშიც, ხშირად ხდება ხოლმე... ამიტომ...

 

1908 წელს კოკო შანელმა მიატოვა „როტონდა“ და დაგეშილი შურიანების ამალა და... აფრინდა...

 

და აქ ჩემი საყვარელი პოეტის მორის ფოცხიშვილის სიტყვები გამახსენდა:

 

„ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის...

მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და... ფრრი...

სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს.

ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს.

ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის,

- ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრი...

ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,

სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს.

შავი საფანტი ირევა... თეთრი სეტერი ქრის...

მე მაინც უნდა ავფრინდე, - ავფრინდები და... ფრრი..."

კოკო შანელის შედევრები დღესაც სრულიად სამყაროს თავზე დაფრრრრრრრრიალებენ...

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220284414720304

 

 

 

 

big_banner
არქივი