logo_geo
დინა მირცხულავა: მეორე დღესაც მაღალი სიცხე მისცა ბავშვს...
- +

23 აგვისტო. 2019. 20:18

 

 

მეორე დღესაც მაღალი სიცხე მისცა ბავშვს...

 

ძმრიან წინდებს, უბნის ექიმთან რეკვას და სიცხის დამწევებს აღარ ვენდე, ბავშვს თბილად ჩავაცვი და ბავშვთა უახლოეს კლინიკაში გავაქანე.

 

ზამთრის ცივი, ყინვიანი დღე იყო.

 

ისეთი აფორიაქებული ვიყავი, ქურთუკის ჩაცმა დამავიწყდა.

 

გზაში მივხვდი, რომ თხელი ჟაკეტი მეცვა. ახალი გამოგზავნილი ჰქონდა მეგობარს იტალიიდან, თეთრი იყო, წინ მძივებით გაწყობილი, ძალიან მომწონდა და ერთი სული მქონდა, ამინდები დამდგარიყო ჟაკეტის შესაფერისი.

 

ბავშვი მაშინვე გამომართვეს და მოცდა მთხოვეს.

 

იქვე ჩამოვჯექი და ჩუმად, გულში დავიწყე ლოცვა.

 

ჩემს წინ გოგონა შევნიშნე, ცხრა - ათი წლის.

 

თავი გადაეპარსათ და ღმერთო ჩემო, თეთრი ლოყებისა და თავის ფონზე თვალები მწიფე კაკაოს ფერი მოუჩანდა.

 

მივხვდი, რომ რაღაც დიდი ტკივილი აწუხებდა და დიდი ადამიანივით ითმენდა.

 

ჩემი შვილის გადამკიდეს, ვერაფრით წარმომედგინა, ბავშვი ასე ერთ ადგილას გაჩერებული.

 

დედამ რაღაც მოუტანა, არ მინდაო უთხრა და ჩემი მზერა დაიჭირა. თავიდან ბოლომდე ჩამათვალიერა და ჟაკეტის მძივებზე გაჩერდა, უყურებდა, თვალს არ აშორებდა.

 

- მოგწონს ? - ვკითხე.

 

მანიშნა, რომ მოსწონდა.

 

მაშინვე გავიხადე და მისკენ წავედი.

 

- შენი იყოს.

სიფრიფანა ხელი ძლივს გამომიწოდა.

 

- ვაი, ეს როდის ექნება კარგად - შეწუხდა დედამისი.

 

- ადექი, დამეტოლე - ბავშვს ადგომაში დავეხმარე.

 

ვერაფრით ვერ ვიტანდი, ასე ჩუმად უმოძრაოდ მყოფს, ილიკოსნაირი უნდა ყოფილიყო, უნდა დაემხო თავზე იქაურობა, ყველაფერი უნდა შეემოწმებინა იმ დაწყევლილ მოსაცდელში.

 

ორი თავით ვიყავი მაღალი, სულ რაღაც ორი თავით.

 

- მაქსიმუმ ორ წელიწადში კარგად გექნება, ნახე მე რა პატარა ვარ, შენ მაღალი გოგო გაიზრდები - მეთქი ვუთხარი და დაჯდომაში დავეხმარე.

 

- ალბათ საჭმელს არ ჭამდიო - ძლივს თქვა.

 

დედამისს თავი ფანჯრისკენ მიებრუნებინა და ჩუმად ტიროდა.

 

ექიმმა კაბინეტში დამიბარა და კიბეებისკენ წავედი.

 

(ლიფტის დღემდე მეშინია).

 

უკან მოვიხედე და დედამისი მომდევდა.

 

- მაქსიმუმ ექვს თვეს იცოცხლოსო მთვარელიძემ.

 

- მთვარელიძე ბოდავს - მეთქი ვუთხარი და ცრემლები გადავყლაპე.

- ჟაკეტს დაგიბრუნებთ მერე, ნომერი ჩამაწერინეთ.

 

- არა, აუცილებლად ჩაიცმევს, არ დამიბრუნოთ, აი, ნახავთ ჩაიცმევს - ვუთხარი და კიბეებზე ავირბინე.

 

მეორე დღეს ანალიზების პასუხი უნდა წამომეღო კლინიკიდან და უბნის ექიმისთვის მეჩვენებინა.

 

გოგონა ისევ იქ იჯდა, ისევ უძრავად, ისევ ჩუმად და ჩემი თეთრი, მძივებიანი ჟაკეტი ეცვა.

 

დედას მკლავები გადაეკეცა, ყველა ღილი ბოლომდე შეეკრა და გეგონებოდა, ანგელოზი იჯდა, თავგდაპარსული ანგელოზი თეთრ კაბაში და წუთი - წუთზე აფრინდებოდა იმ დაწყევლილი მოსაცდელიდან...

 

 

big_banner
არქივი