logo_geo
თეა ფირცხალავა: თუ ვინმეს აქვს უფლება თავისი ფილმებითა და სახელოვანი წინაპრებით იამაყოს, ერთ-ერთი სწორედ...
- +

23 აგვისტო. 2019. 21:30

 

 

„პირადად მე, გული მწყდება, რომ ცენზურა აღარ არსებობს. ცენზურა არასოდეს წარმოადგენდა შედევრის შექმნის ბარიერს... მაგალითად, სერვანტესმა შედევრები ინკვიზიციის დროს შექმნა, ჩეხოვი კი პროზაში ასახავდა ყველაფერს, რასაც პიესებში ვერ წერდა - ცენზურის გამო. თქვენ გგონიათ, რომ შედევრები მაინცდამაინც თავისუფლების დროს იქმნება? სულაც არა. შედევრებს ქმნიან შეზღუდვები. შემოქმედებითი თვალსაზრისით, თავისუფლება ხელოვანს არაფერს აძლევს. ერთი დამანახეთ ის გენიოსები, რომელთაც ცენზურა ახრჩობს და ამიტომ ვერ ქმნიან. ასეთები ბუნებაში არ არსებობენ.“

 

ეს სადავოდ გენიალური სიტყვები ჩვენს დღევანდელ, მართლაც და გენიალურ იუბილარს ეკუთვნის.

 

1937 წლის 20 აგვისტოს მოსკოვში დაიბადა თეატრისა და კინოს უდიდესი საბჭოთა, რუსი და ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი, რუსეთის სახალხო არტისტი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კინოპრემიისა და ჯილდოს მფლობელი, კინოაკადემია „ნიკას“ პრეზიდენტი ანდრეი მიხალკოვ-კანჩალოვსკი.

 

თუ ვინმეს აქვს უფლება თავისი ფილმებით და სახელოვანი წინაპრებით იამაყოს, ერთ-ერთი სწორედ ანდრეი კანჩალოვსკია. მისი საგვარეულო ხის ზოგიერთ წარმომადგენელს შეგახსენებთ: რომანოვი, ოდოევსკი, პუშკინი, ტოლსტოი... უფრო აქეთ, ბაბუები დედის მხრიდან: დიდი რუსი მხატვრები ვასილი სურიკოვი და პიოტრ კანჩალოვსკი, მამა - დიდი რუსი პოეტი და რუსეთის ჰიმნის ავტორი - სერგეი მიხალკოვი, დედა - პოეტესსა ნატალია კანჩალოვსკაია, ძმა - უდიდესი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი... მგონი საკმარისზე მეტია ერთი კაცისთვის...

 

ახლა ორიოდ სიტყვით შევეხები ანდრეი კანჩალოვსკის შემოქმედებას. პირველ რიგში გეტყვით, რომ მისი ფილმები შედის აშშ-ის მრავალი უნივერსიტეტისა და „МХАТ“-ის სარეჟისორო ფაკულტეტების სავალდებულო პროგრამაში და ესაა ფილმები, რომლებმაც მსოფლიოს უდიდეს რეჟისორებზე იქონიეს გავლენა, მათ შორის ისეთ გიგანტებზე, როგორიცაა სტივენ სპილბერგი და ვიმ ვანდერსი.

 

გავიხსენოთ ანდრეი კანჩალოვსკის ფილმები, რომელთა დიდი უმრავლესობა ნამდვილი შედევრებია: „პირველი მასწავლებელი“, „აზნაურთა ბუდე“, „ძია ვანია“, „რომანსი შეყვარებულებზე“, „სიბირიადა“, "ტანგო და კეში“, „სულელთა სახლი“, „ლომი ზამთარში“, „ფოსტალიონ ალექსეი ტრიაპიცინის თეთრი ღამეები“, აგრეთვე ფილმების ციკლი გენიალურ ადამიანებზე, მათ შორის სერგეი რახმანინოვზე, იგორ სტრავინსკიზე, დიმიტრი შოსტაკოვიჩზე, ბოლოსწინა შედევრი „სამოთხე“, რომელმაც ვერცხლის ლომი მიიღო ვენეციის კინოფესტივალზე და ბოლო ფილმი „ცოდვა“, რომელიც მიქელანჯელოს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გვიამბობს... ამაზე უკვე მქონდა სტატუსი და აღარ დავუბრუნდები...

 

ძვირფასო ანდრეი, გილოცავთ იუბილეს და უპირველეს ყოვლისა გისურვებთ, რომ თქვენი ქალიშვილი მარია მალე გამოჯანმრთელდეს... ამასთან გისურვებთ ჯანმრთელობას, კიდევ მრავალი შედევრის შექმნას და ულევ სიხარულს - თქვენს უნიჭიერეს იულიასთან ერთად.

 

 

big_banner
არქივი