logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: დოსტების „საკრიჭინა“ და აკვანი, კოცონი და დოღი - ასე იყო აქამდე...
- +

26 აგვისტო. 2019. 23:23

 

 

დოსტების „საკრიჭინა“ და აკვანი, კოცონი და დოღი - ასე იყო აქამდე, ტრადიცია რომელიც ბახმარომ დღემდე შემოინახა და კურორტის სავიზიტო ბარათად იქცა!!!

 

ბახმარო - უნიკალური ადგილი დედამიწაზე და ისიც გურიაში!!!

 

მე მიყვარს ნისლიანი, კოცონიანი, ნაძვნარიანი, დოსტებიანი, აკნებიანი, ცხენებიანი ბახმარო, იგი ჩემი ბავშვობაა და მიხარია მისი აღორძინების დასაწყისი!

 

მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ზაფხულის საძოვრებიდან დაბრუნებული გურული მწყემსები მთაში, ერთი კონკრეტული ადგილის უნიკალურობაზე ალაპარაკდნენ და ირწმუნებოდნენ,- „სული ძლივს ევიტანეთ, მარა იმფერი ჰაერი და წყალი დაგვხვდა, უკან დოუსვენებლად ჩამევედითო“. იმ დროს ოზურგეთის მაზრაში ცნობილი ექიმი არტემ დავითიანცი მსახურობდა და 1893 წელს ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე ავადმყოფი ბახმაროზე გაუგზავნია. იქედან კი უმეტესობა გაუმჯობესებული ჯანმრთელობით დაბრუნებულა. მომდევნო წელს კი თავად ტუბერკულოზით დაავადებულ დავითიანცს საკუთარ თავზე გამოუცდია ბახმაროს წყალობა და პატარა სახლიც აუშენებია. 1894 წელს დავითიანცი ფერშლებთან ერთად ისევ ასულა ბახმაროზე. - აკვირდებოდნენ სხვადასხვა სენით შეპყრობილ მოაგარაკეთა მდგომარეობას. ეს ამ ადგილების შემსწავლელი პირველი სამეცნიერო ექსპედიციად შეიძლება მივიჩნიოთ.( ბახმაროს ერთ-ერთი მოედანი დღემდე დავითიანცის სახელს ატარებს) მალე გაჩნდა ბახმაროს ლეგენდაც, რომელსაც გურიაში დღესაც ისეთი დამაჯერებლობითა და არტისტულობით მოგიყვებიან, რომ უფრო ნამდვილი ამბავი გეგონებათ: თითქოს წარსულში თურქებს ლამაზი ქალი, სახელად მარო გაუტაცებიათ, გურულები დასდევნებიან და ამჟამინდელ ბახმაროს ცენტრში მიუმწყვდევიათ. გამტაცებლებმა ქალის ხელით ტარება რომ ვეღარ შესძლეს, იქვე მოუკლავთ და მისივე სისხლით ტანზე დაუწერიათ- „ბახ-მარო“. „ბახ“ თურქულად ნიშნავს შეხედე, ანუ შეხედეთ თქვენს მაროსო.

 

1900 წელს „ბახმაროს მომხმარებელთა საზოგადოება ჯანმრთელობა“ ჩამოყალიბებულა, რომლის მოვალეობაც აგარაკის მართვა -გამგეობა და კეთილმოწყობა ყოფილა. შექმნილა გზის, სასურსათო- საკონტროლო, ტყეებისა და საკურორტო ზონის დაცვის კომისიები, დაწყებულა მისასვლელი გზების გაჭრა და სახლების აგების ხელშეწყობის სამუშაოები. ვინმე კასიანე ქინქლაძეს პირველი სავაჭრო წერტიც გაუხსნია,“ იქვე პურსაც აცხობდა და მაწონს და რძის ქაშს ყიდდაო.1908 - 1914 წლებში ყველა დასახლებული უბნის მოედანზე წყაროს წყლები მიუყვანიათ.

 

მალე მთელ გურიას დაუჯერებია აქაური ჰავის ჯადოსნურობა და ყოველწლიურად მეტი და მეტი ადამიანი ადიოდა ბახმაროზე, ცხენებზე გადაკიდულ ხურჯინებში ჩასმული ბავშვებით, აკვნებით, ურმებზე დაკრული დასნეულებული ადამიანებით, რომლებსაც თურმე სწამდათ, „თუ ბახმარომ ვერ მომარჩინა, მართლა სასიკვდილოდ განწირული ვყოფილვარ და ბედს უნდა შევურიგდეო.“

 

1899წ. სახალხო თეატრიც აუშენებიათ, სადაც მსახიობები ალექსანდრე, ევგენი, სამსონ წუწუნავები, კოლია ბებურიშვილი და სხვები ყოფილან. პირველი წარმოდგენა იმავე წელს, სააგარაკო სეზონზე გაუმართავთ -ნაწყვეტები შილერის „ყაჩაღებიდან“ და გოგოლის „რევიზორის“ მეორე მოქმედება. 1905 წელს თეატრი დამწვარა და ახლის აგება მხოლოდ 1913 წელს მოუხერებიათ. 1913-1917 წლებში ბახმაროზე ამოდიოდა სიმებიანი ორკესტრი კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, ორკესტრში მონაწილეობდნენ; ს. ბერძენიშვილი, ვ. ოთხმეზური, ვ. ჟორჟიკაშვილი, მ. მგელაძე და სხვები.

 

1923 წელს ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. დაიწყო ბახმაროს პოპულარიზაცია, გამოდიოდა წიგნები, ეწყობოდა ფართო მასშტაბიანი სამედიცინო და სამეცნიერო ექსპედიციები. 1940 წელს დასტამბულ წიგნში „მასალები ბახმაროს ისტორიისათვის“ ვკითხულობთ:“ ბახმარო ყველაზე მაღალი კურორტია არა თუ საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ მთელს ევროპაში. ზღვის დონიდან წმინდა მორიცის სიმაღლეა 1855 მ; აროზასი-1.720მ; დავოსის-1.560მ; ბახმაროსი კი- 2050მ. დღეს ბახმარო ინტერნეტში ასე გამოიყურება:

 

ბახმარო - მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონში - ჩოხატაურში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით.

 

ბახმაროს ტერიტორია ერთგვარი ქვაბულია, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.

 

ბახმარო - მაღალმთიანი კლიმატური კურორტია მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. კურორტის განსაკუთრებული კლიმატური თავისებურებებია: ზღვის და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. ბახმარო სამკურნალო-პროფილაქტიკური თვალსაზრისით საუკეთესოა ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა: სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები, ტუბერკულოზი, სისხლნაკლებობა, ბრონქიალური ასთმა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. ზამთარში თოვლის საფარი შვიდ მეტრს აღწევს.

 

სამამულო ომის შემდებ ბახმაროს მთელი გურია მიაწყდა და გაჩაღებულა მშენებლობები, გაზაფხულზე, როცა კი თოვლი გადნებოდა, სოფელ ვაკიჯვრის მხრიდან გაჭრილი გზით მთას დატვირთული ურმებით შეუდგებოდნენ და მერე მთელ ბახმაროში ისმოდა ხუროების კაკუნი. სახლები მხოლოდ ხისგან შენდებოდა- დაბალი, ხის ბოძებზე, ყავრით გადახურული, რადგან დიდთოვლობას ადვილად არ დაენგრია. დამსვენებლები აქ ივლისის შუა რიცხვებში ამოდიოდნენ და აგვისტოს ბოლოს იშვიათად თუ ვინმე შემორჩებოდა აქაურობას.

 

არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ 1896 წელს ბახმაროზე ასამდე მოაგარაკე ასულა , 1917 წელს- 6.500, 1930 წელს- 10.000, 1939 წელს - 19.000. ხოლო 2002 წელს კი დამსვენებელთა რიცხვი 5 ათასს არ აღემატებოდა.

 

ბახმაროს მეცნიერული შესწავლა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პროფესორებმა ალ. ალადაშვილმა და ს. გოგიტიძემ ჯერ კიდევ 1922 წელს ექსპედიციის შემდეგ ჯანსახკომს წარუდგინეს მოხსენება, სადაც წერდნენ „... ფერდობებს რომ ასცილდებით, თქვენს თვალწინ იშლება თვალწარმთაცი ბუნება, გურიის, აჭარისა და იმერეთის სურათს ამთავრებს კავკასიონის ქედი და სავი ზღვა. დარწმუნებული ვარ, კარგი გზა რომ გაკეთდება, ევროპელები მხოლოდ გზის სიმშვენიერის სანახავადაც მოვლენ აქ. გზა მიდის უმდიდრეს ტყეებში და როცა ტყეებს ასცდებით, იწყება ალპური საძოვრები, ბახმარო გარშემორტყმულია ჯერ ნაძვიანი ტყით, მერე საძოვარი მთებით, რომელიც ზოგ ადგილას თოვლითაა დაფენილი. საერთოდ, მთელი ზაფხულის განმავლობაში თოვლი მთებზე არ დნება, ეს მთები იფარავს ბახმაროს ქარებისაგან და, ამიტომაც, აქ ისეთი ჰაერის მიმდინარეობაა, როგორც ზღვის პირას. ჩემის აზრით, ზღვის გავლენით არის ასეთ სიმაღლეზე ასეთი ნაზი ჰაერი. ზოგი ავადმყოფი, რომელიც სხვა უფრო დაბალ კურორტებზე ვერ სძლებს, ბახმაროზე თავს მშვენივრად გრძნობს. ბახმაროს უფრო მეტი შესწავლა უნდა, აქ ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც არაჩვეულებრივ პირობებთან...“

 

1932 წლის ნოემბრიდან 1933 წლის ნოემბრამდე ბახმაროზე ექსპედიცი მოეწყო პროფესორ გავრილენკოს ხელმძღვანელობით, რომლის მიზანიც იყო გამოერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა , ბახმაროს საკურორტო დანიშნულებით ზამთარში გამოყენება. გარდა ამისა ჩაატარა ცდები ქირურგიული ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებზე, რაზედაც გასაოცარი შედეგები მიიღო და წერდა: “ ერთი თვის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფს გამოჯანსაღების ნიშნები დაეტყო. მსივანა ჯირკვლებმა კლება დაიწყო. სამი თვის შემდეგ, ავადმყოფთა უმრავლესობა სრულიად განიკურნა, ერთ-ერთს კი, რომელსაც 11 წელი მკურნალობდნენ სხვადასხვა კლინიკებში, სრულიად გაუქრა წყლულები და აგრეთვე ჯირკვლები მთელს ტანზე.“

 

ბახმაროს სასწაულებზე სხვებიც ბევრს ყვებოდნენ, მაგრამ ვინაიდან საკურორტო სეზონი აქ მხოლოდ ერთი თვე გრძელდებოდა, არცერთი ხელისუფლების დროს მის კეთილმოწყობაზე არავინ ზრუნავდა. თითქმის რვა ათეული წლის წინ არსებობდა ბახმაროს განვითარების გეგმა, სადაც ეწერა, რომ, ბახმაროს ჰავის უნიკალური სამკურნალო თვისებების გათვალისწინებით, საჭიროა იგი გამოყენებული იქნეს ზამთარ-ზაფხულ საექიმოდ, რისთვისაც საჭიროა აშენდეს სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, მოეწყოს საკანალიზაციო ქსელი, ელექტრო სადგური... მხოლოდ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ნაბეღლავიდან მოასფალტებული გზის დაგება მოხერხდა და ამით ამოიწურა მის უნიკალურობაზე ზრუნვა. არც მოძველებული და მორყეული პოლიკლინიკის შენობის განახლება უფიქრია ვინმეს და არც დასასვენებელი თუ გასართობი ობიექტის მშენებლობაზე. გასული საუკუნის ბოლოს ბახმაროს ცენტრში ქველმოქმედებმა ფერიცვალების სახელობის ხის ეკლესია ააგეს, შეძლებულებმა კეთილმოწყობილი დასასვენებელი კოტეჯებიც ჩაიდგეს აქა-იქ, მაგრამ ამით კურორტის იერსახეს ვერაფერი დაეტყო.

 

საქართველოს ექს პრეზიდენტმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თავის წიგნში „ჩემი არჩევანი“ თითქოს მოუბოდიშა ბახმაროს, როცა დაწერა : „ახალგაზრდობაში მძიმე მუშაობის მერე მე დაავადმყოფდი ჭლექით. პენიცილინი იყო ოქროს ფასი, ოქრო კი არ იყო. მაგრამ სამაგიეროდ იყვნენ მეგობრები და ბრწყინვალე ბუნება ,რამაც გამკურნა მე ამ სენიდან. რამდენიმე თვე გავატარე მე მაღალმთიან გარემოში, სადაც არის ულამაზესი მთები, შეუდარებელი ზღვის ჰაერი, მობიბინე ალპური ბალახები და წიწვოვანი ტყეები. ვფიქრობ, რომ ვალი ბახმაროს სანახევროდ მაინც ვერ დავუბრუნე.“

 

. 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი იმართება. ამ ტრადიციას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ზაფხულობით, ბარიდან საძოვრებზე ამოსული გურული, აჭარელი, მეგრელი და იმერელი მეჯოგეები ერთმანეთს ცხენების ჯირითში ეჯიბრებოდნენ. წლების მანძილზე ამ ტრადიციამ მასშტაბები შეიძინა და სრულიად სახალხო დღესასწაულად იქცა.

 

( ამ ინფორმაციას ვაგროვებდი წლების მანძილზე სხვადასხვა გამოცემებიდან,... თუ გამოიყენებთ, ნუ დაივიწყებთ, აღნიშნოთ ეს)

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი