logo_geo
კონტრაბანდა, ოფშორული კომპანიები და რუსი ბიზნესპარტნიორები - „ასტრა პარკის" მფლობელის სკანდალური დოსიე
- +

28 აგვისტო. 2019. 01:06

 

 

ა, ბატონო, რასაც ვამბობდი ხომ ვიყავი მართალი? კონტრაბანდა, ოფშორული კომპანიები და რუსი ბიზნესპარტნიორები - „ასტრა პარკის" მფლობელის სკანდალური დოსიე.

 

ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ შესაძლოა, დიღომში, „ასტრა პარკის“ ტერიტორიაზე განთავსდეს. „ასტრა პარკის“ შენობა, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე იცლება, შესაბამისად, გასართობი ცენტრი სხვა მისამართზე გადავა. ეს ინფორმაცია უშუალოდ შპს „ასტრა პარკმა“ გაავრცელა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს-ს წარმომადგენლები იჯარით ეძებენ ახალ ფართს, სადაც ისინი სექტემბრიდან გადავლენ. მეტიც, ამის შესახებ „ასტრა პარკი" საკუთარ მომხმარებლებს უკვე აფრთხილებს. „ჰოთნიუსი“ დაინტერესდა, რატომ უნდა განთავსდეს ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია მაინც და მაინც „ასტრა პარკის“ ტერიტორიაზე და როგორ, ან რა ნიშნით შეარჩია „მთავარი არხისთვის“ გვარამიამ ეს შენობა? ძიების პროცესში, საკმაოდ საინტერესო და სკანდალურ ფაქტებს გადავაწყდით.

 

ვინ არის თამაზ შაფათავა?

 

„ასტრა დიღომის“ დამფუძნებელი თამაზ შაფათავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. „როსსტატის“ (რუსეთის სტატისტიკის სამსახური) ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, თამაზ შაფათავა რუსეთში ორ კომპანიას ფლობს - „სერვისსტროიპროექტსა“ (სამშენებლო კომპანია) და „ტაქსი ბლიუზს“ (ტაქსების კომპანია), თუმცა „როსსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობითვე ირკვევა, რომ „ტაქსი ბლიუზი“ ამჟამად ლიკვიდაციის პროცესშია. 2016 წლამდე, თამაზ შაფათავა რუსეთში ორ სხვა კომპანიასაც ფლობდა: „სტროილენდს“ _ სამშენებლო სექტორში და ტაქსების კომპანია „ავტო-იუგს“ (ტაქსების კომპანია), თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ეს ორივე კომპანია უკვე ლიკვიდირებულია.

 

რეალურად, თამაზ შაფათავა მხოლოდ „სერვისსტროიპროექტის“ დამფუძნებლად ითვლება. ამ კომპანიაში ის 30%-იან წილს ფლობს, 70%-ის მფლობელი კი მისი რუსი პარტნიორი, ვადიმ ბორისის ძე შიშკოვია. სხვათა შორის, უკვე ლიკვიდირებულ კომპანია „სტროილენდშიც“ შაფათავას პარტნიორი სწორედ შიშკოვი იყო.

 

საქართველოში თამაზ შაფათავას ინტერესი შპს „ასტრა დიღომში“ იკვეთება. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულს უცხოური ავტომობილების ოფიციალური იმპორტი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, „ასტრა დიღომის“ 100%-იანი წილის მფლობელი და ამავე კომპანიის დირექტორი თამაზ შაფათავაა. მისი ინტერესი შპს „ასტრა პარკშიც“ ჩანს, უფრო ზუსტად, „ასტრა პარკის“ 32%-იან წილს ფლობს „ასტრა დიღომი“, ხოლო ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ შაფათავაა. „ასტრა დიღომისა“ და „ასტრა პარკის“ გარდა, შაფათავას ინტერესი შპს „ეი ენდ ჯეი ენერჯიშიც“ ჩანს. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „ასტრა პარკის“ 100%-იანი წილის მფლობელი ერთ-ერთ ოფშორულ ზონაში, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ეი ენდ ჯეი ენერჯია“, ხოლო კომპანიის დირექტორად თამაზ შაფათავაა მითითებული.

 

თუ უფრო დავკონკრეტდებით, 2010-2011 წლებში, შპს „ასტრა პარკის“ პარტნიორებს შორის წილები ასე იყო გადანაწილებული: გიორგი პაპაშვილი - 2.50%; ვიქტორ თოდაძე - 2.50%; ნოდარ ჯავახიშვილი - 0.003%; შპს „ასტრა დიღომი“ - 32.99%; ჯორჯ თ ალასანია, აშშ - 31% და ნიკოლას ნოდარ ყიფშიძე, აშშ - 31%. 2011 წლიდან, შპს „ასტრა პარკის“ სამეწარმეო რეესტრში ჩანაწერი იცვლება და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ეი ენდ ჯეი ენერჯი“ გვევლინება.

 

„ასტრა დიღომის“ სკანდალური ფაქტები

 

როგორც აღვნიშნეთ, თამაზ შაფათავამ შპს „ასტრა დიღომი“ 90-იანი წლების მიწურულს დააფუძნა. ეს იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც ძვირადღირებული უცხოური ავტომობილები ოფიციალურად შემოჰყავდა ქვეყანაში. სხვათა შორის, ავტომობილების დიაგნოსტირება, შეკეთება-შეღებვა და ავტონაწილების შესყიდვაც ამავე კომპანიაში იყო შესაძლებელი. მოკლედ, 90-იანი წლების ბოლოს, თამაზ შაფათავა BMW-ს ოფიციალური დისტრიბუტორი იყო საქართველოში. სწორედ ამ პერიოდში, შაფათავასა და „ასტრა დიღომის“ სხვა პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დაახლოებით, 2000 წელს, „ასტრა დიღომი“ სერიოზულ სკანდალში გაეხვა. სიტუაცია იმდენად სერიოზული იყო, რომ უშიშროების მაშინდელმა მინისტრმა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ შაფათავა კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრა.

 

ყველაფერი „ასტრა დიღომის“ პარტნიორებს - გია კიკაბიძესა და თამაზ შაფათავას შორის უთანხმოებით დაიწყო, კონფლიქტის მიზეზად კი შაფათავას მიერ პირობის შეუსრულებლობა დასახელდა. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, თამაზ შაფათავა შპს „ასტრა დიღომის“ პარტნიორი ინვესტორის სტატუსით გახდა, მაგრამ კიკაბიძის მტკიცებით, მას ამ კომპანიაში ერთი თეთრის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებია. უშიშროების სამინისტროს მოთხოვნით, „ასტრა დიღომში“ კონტროლის პალატა (ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, _ ავტ.) შევიდა. რევაზ შავიშვილის (კონტროლის პალატის მაშინდელი ხელმძღვანელი _ ავტ.) უწყებამ კომპანიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მოძრაობის კანონიერება შეამოწმა. შემოწმების შედეგად, კონტროლის პალატამ შაფათავას მიერ 134 126 აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციის შესახებ აღებული ლიცენზია უკანონოდ მიიჩნია. ცხადია, შემოწმების მასალა უშიშროების სამინისტროს გადასცეს, უწყებამ კი კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე, კონკრეტულად კონტრაბანდის ბრალდებით, შაფათავა დააპატიმრა.

 

შპს „ასტრა დიღომის“ პარტნიორებს შორის შექმნილი უთანხმოებითა და კომპანიაში არსებული შიდა დაპირისპირებით, ამავე ბაზარზე არსებულმა კონკურენტმა კომპანია „ომეგამ“ ისარგებლა. თამბაქოსა და მედიაბიზნესის გარდა, იმ პერიოდში, ზაზა ოქუაშვილი უცხოური ავტომობილების იმპორტითაც დაინტერესდა. შესაბამისად, „ომეგას“ სახით, „ასტრა დიღომს“ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. მას შემდეგ, რაც კონტრაბანდის ბრალდებით, უშიშროების სამინისტრომ შაფათავა დააკავა, BMW-ს კონტრაქტი სწორედ „ომეგამ“ ანუ ზაზა ოქუაშვილმა მოიპოვა.

 

დაახლოებით, ორი წლის შემდეგ, თამაზ შაფათავა გაათავისუფლეს, მაგრამ მან ყოფილი პარტნიორების - გია კიკაბიძისა და მარინე ჯინჭარაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შაფათავა ყოფილ პარტნიორებს მისი კუთვნილი ქონების მითვისებაში სდებდა ბრალს. სასამართლო პროცესი საკმაოდ დიდხანს, თითქმის მთელი წელი გაიწელა, მაგრამ საბოლოოდ, შაფათავამ „ასტრა დიღომში“ საკუთარი სტატუს-კვოს აღდგენა მაინც მოახერხა.

 

დაახლოებით, 2005-2006 წლებში, შპს „ასტრა დიღომი“ სხვა ბიზნესითაც დაინტერესდა, რასაც 2007 წელს, შპს „ასტრა პარკის“ დაფუძნება მოჰყვა. „ასტრა პარკი“ ერთადერთი გასართობი ცენტრია საქართველოში, სადაც ერთდროულად თავმოყრილია სხვადასხვა გასართობი ობიექტი, მათ შორის კარტინგ-ცენტრი, სათამაშო აპარატები, საბილიარდე, ტირი, კონოთეატრი, ბარი და სათამაშოების მაღაზია. „ასტრა პარკს“ თამაზ შაფათავა ხელმძღვანელობდა, რომელიც პროფესიონალი ავტომრბოლელია.

 

ამ პერიოდში, საქართველოს საავტომობილო ფედერაციას პროფესიონალი ავტომრბოლელი შალვა ოგბაიძე ხელმძღვანელობდა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ოგბაიძეს დიდად არ სწყალობდა და მათ შორის „შავმა კატამ“ ჯერ კიდევ 2004 წელს გაირბინა. „ვერსიასთან“ და სხვა მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში, შალვა ოგბაიძე დეტალურად იხსენებდა იმ დროს, როდესაც სააკაშვილისა და მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მითითებით, საავტომობილო ფედერაციას ჩამოაშორეს. ერთ-ერთი ეპიზოდი რუსთავის ავტოდრომის, ყოფილი „დოსააფის“ ტერიტორიას ეხებოდა. თავის დროზე ოგბაიძემ პირადად სთხოვა სააკაშვილს, რომ ეს ტერიტორია ფედერაციას გადასცემოდა, თუმცა ექსპრეზიდენტმა ეს თემა დაამუხრუჭა. ამის შემდეგ, ოგბაიძეს ვანო მერაბიშვილი იბარებს სამინისტროში და რუსთავის ყოფილი ავტოდრომის რეკონსტრუქციის დიდ მაკეტს აჩვენებს, თან უხსნის, რომ იქ მომსახურების სააგენტო უნდა აშენებულიყო, რაც მოგვიანებით აშენდა კიდეც. მოგვიანებითვე, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, გთავაზობთ მცირე ამონარიდს შალვა ოგბაიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „ვერსიაში“ 2012 წელს გამოქვეყნდა:

 

„2007 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა, ეს ავტოდრომი ჩვენ გადმოგვეცა... 2008 წლის გაზაფხულზე, მირეკავს გია გალდავა - სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე და მეუბნება: იქნებ, მოიცალო, მოხვიდე, გელოდება დავით ნამგალაური, მე და თემურ ალასანიას შვილი, ნიკა ალასანიაო. მივედი, იქ დამხვდა თამაზ შაფათავა - „ასტრა დიღომის“ მფლობელი, დავით მჭედლიშვილი და კახა გეწაძე. საუბარში, რომელიც ასე წარიმართა, გეწაძე არ ჩარეულა: კარგი იქნება, თუ გადადგები ფედერაციის პრეზიდენტობიდან და თუ ავირჩევთ ამ ახალგაზრდა ბიჭსო, მაჩვენებენ ნიკა ალასანიას...“

 

ეს ამბავი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გავიხსენეთ, შალვა ოგბაიძეს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომა სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად კი მოსთხოვა, მაგრამ შეხვედრაზე, სადაც ბატონი შალვა დაიბარეს, რატომღაც „ასტრა დიღომის“ მფლობელი თამაზ შაფათავა და სააკაშვილის ბიძაშვილი - ნიკა ალასანიაც დაახვედრეს. „ჰოთნიუსის“ ინფორმაციით, შაფათავა-ალასანიას ბიზნეს-ტანდემი, ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სწორედ საავტომობილო ფედერაციის ხელში ჩაგდებისა და ამ სფეროდან ოგბაიძის ჩამოშორების კონტექსტში შედგა...

 

თემურ ალასანიას ინტერესი „ასტრა პარკში“?

 

ეს სკანდალური ფაქტები, რომლებმაც „სტარტი“ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან აიღო, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაგრძელდა და ახლაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გრძელდება, შემთხვევით არ გაგვიხსენებია. ძველი სკანდალების შეხსენებით, ნელ-ნელა ვუახლოვდებით მთავარ სათქმელს - რატომ და რა მიზეზით უნდა განთავსდეს ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ მაინც და მაინც „ასტრა პარკის“ ტერიტორიაზე? პასუხი მარტივია - იმიტომ, რომ „ასტრა პარკის“ სულისჩამდგმელის, თამაზ შაფათავას ბიზნესპარტნიორი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაა, თუმცა ნიკა ალასანიაც რომ შაფათავას პარტნიორი იყო, ეს უკვე განვიხილეთ.

 

ჩვენი მთავარი კითხვის პასუხს კი საჯარო რეესტრის ოფიციალურ ჩანაწერებში, კერძოდ შპს „ასტრა პარკის“ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მივაკვლიეთ. საერთოდაც, ეს სტატია სწორედ ამით დავიწყეთ, მაგრამ მეტი თვალსაჩინოებისთვის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2010-2011 წლებში (საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე, კომპანიების უფრო ადრინდელი ჩანაწერები არ გვხვდება), შპს „ასტრა პარკის“ პარტნიორებს შორის, წილები ასე იყო გადანაწილებული: გიორგი პაპაშვილი - 2.50%; ვიქტორ თოდაძე - 2.50%; ნოდარ ჯავახიშვილი - 0.003%; შპს „ასტრა დიღომი“ - 32.99%; ჯორჯ თ ალასანია, აშშ - 31% და ნიკოლას ნოდარ ყიფშიძე, აშშ - 31%.

 

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ოფიციალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მხოლოდ ვვარაუდობთ, რომ სამეწარმეო რეესტრში მითითებული ჯორჯ თ ალასანია, რომელიც „ასტრა პარკის“ 31%-იან წილს ფლობს, შესაძლოა, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია იყოს. თუ დავუშვებთ, რომ ეს ასეა, გასაკვირი აღარაა, თუ რატომ, რა მიზეზით, ან რა ნიშნით შეარჩიეს მაინც და მაინც „ასტრა პარკის“ ტერიტორია, სადაც ნიკა გვარამიამ თავისი ახალი, „მთავარი არხი“ უნდა განათავსოს.

 

ავტორი: მაია მიშელაძე

 

 

big_banner
არქივი