logo_geo
თეა ფირცხალავა: 1922 წლის 28 აგვისტოს საქართველოს ისტორიის საუკეთესო მცოდნე მოღვაწე ქალი - მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა
- +

28 აგვისტო. 2019. 17:04

 

 

 

„დაუშვებელია ახალგაზრდა თაობების აღზრდა სხვა ერების ახალგაზრდობის მიმართ მტრული განწყობით...“

 

1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში დაიბადა ღვაწლმოსილი ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მრავალი პრესტიჟული, მათ შორის ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, რომლის შესახებაც იმდენია დაწერილი, რომ ახალს ვერაფერს დავამატებ, მხოლოდ გავიმეორებ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა საქართველოს ისტორიის საუკეთესო მცოდნე მოღვაწე ქალი, რომელიც დღენიადაგ იცავდა ქვეყნის ინტერესებს და, რაც ყველა მოკვდავი ქალისთვის უმთავრესი „შესაქებარია“, იყო ულამაზესი ქალბატონი, რომელსაც თავისი ხიბლი ასაკშიც კი ჰქონდა შენარჩუნებული, ხოლო მისი ყურება და მოსმენა, ნებისმიერ ადამიანს აღავსებდა ოპტიმიზმით და სამშობლოს და სიცოცხლის სიყვარულით.

 

ქალბატონი მარიკას კალამს ეკუთვნის საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მრავალი ფუნდამენტური შრომა და მონოგრაფია.

 

დღეს კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ამონარიდს ქალბატონი მარიკას მოგონებებიდან, რომელშიც იგი იხსენებს ივანე ჯავახიშვილს და მის მოღვაწეობას თბილისის უნივერსიტეტის ქართული სამართლის ისტორიის კათედრაზე - 1939 წელს, როდესაც სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც კი სიამოვნებით ესწრებოდნენ მის ლექციებს:

 

„...სტუდენტებს მაშინ სამართლის ისტორიისა არაფერი გაგვეგებოდა, მაგრამ საინტერესო ლექციები იყო და გატრუნულები ვუსმენდით ბატონ ივანეს... მას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ლექციის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მისთვის დაესვათ შეკითხვები... ერთხელაც მიუვიდა ფურცელი, რომელზეც ეწერა: „ერის ჩამოყალიბების შესახებ სტალინური მოძღვრების თანახმად, ქართველი ერი XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა. თქვენ საიდან იწყებთ ქართველი ერის ისტორიას?“

 

ბატონმა ივანემ... ფურცელი წვრილ-წვრილად დაკეცა, დახია და სამელნის ჩასადებში ჩაყარა, მოჰკიდა „პორტფელს“ ხელი და გავიდა. გაოგნებულები გამოვედით იმით, თუ რატომ არ გასცა პასუხი... მერე და მერე მივხვდი, რომ ეს ყველაზე მართებული ქმედება იყო – ჯავახიშვილმა ამ შეკითხვის ავტორი პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა.“

 

95 წლის მარიამ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 2018 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

P.S. სტალინზე გამახსენდა... განა სულ ახლო წარსულში არ გვყავდა ერთი ბედოვლათი „ბელადი“, რომლისთვისაც საქართველოს ისტორიის ათვლა ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან - 2003 წლიდან დაიწყო?!

 

ასე რომ... ისტორია მეორდება...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი