logo_geo
„ფირზე ვიღებ მხოლოდ იმას, რაც ვერ დავხატე, ან დასახატად უინტერესოა...“ - 1890 წლის 27 აგვისტოს მენ რეი დაიბადა
- +

28 აგვისტო. 2019. 14:43

 

„ფირზე ვიღებ მხოლოდ იმას, რაც ვერ დავხატე, ან დასახატად უინტერესოა…“

 

ეს სიტყვები დღევანდელ „უცნაურ“ იუბილარს ეკუთვნის, რომელიც ზუსტად იმავე სიტყვებს ამბობდა ფერწერაზეც (ოღონდ, პირიქით, ასინეთა, პირიქით...) და ამაზე ცალკე სტატუსში გიამბობთ...

 

1890 წლის 27 აგვისტოს ფილადელფიაში - რუსეთის იმპერიიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში - დაიბადა ძალზე საინტერესო და ბევრისთვის უცნობი ამერიკელ-ფრანგი სიურრეალისტი ფერმწერი, გრაფიკოსი, ფოტოხელოვანი და კინორეჟისორი ემანუილ რადნიცკი - იგივე მენ რეი, რომელიც ამ სახელით გაიცნო მსოფლიომ და ამ სახელითვე შეიყვანეს მე-20 საუკუნის იმ ოცი საუკეთესო ფოტოხელოვანის სიაში, რომელთაც ფოტოგრაფია ხელოვნების დარგად აქციეს.

 

თავდაპირველად მენ რეი ფერწერით იყო გატაცებული, მაგრამ ნამუშევრებს ვერ ყიდდა და ფოტოგრაფობა გადაწყვიტა. ეს მოხდა ოჯახის ნიუ-იორკში გადასვლის შემდგომ, როდესაც ალფრედ სტიგლიცი, მარსელ დიუშანი და მათი შემოქმედება გაიცნო... პირველი ფოტოაპარატიც სტიგლიცის რჩევით შეიძინა და თავდაპირველად ახლობლებსა და თავისი ნახატების დამთვალიერებლებს იღებდა... სულ ცოტა ხანში მენ რეი ნამდვილ ნოვატორ და ექსპერიმენტატორ ფოტოგრაფად იქცა, რამაც დიდება და უზარმაზარი შემოსავალი „მიჰგვარა“.

 

1920 წელს მენ რეი ნიუ-იორკიდან პარიზში გადავიდა, სადაც შაგალის და მატისის ნამუშევრები სახვითი ხელოვნების სრულყოფილებად, ხოლო ფოტოხელოვნება რეალობის უსულგულო ასახვად ითვლებოდა... ძალიან მალე მენ რეიმ შეძლო და დაამტკიცა, რომ ფოტო. როგორც ასეთი, სულაც არ წარმოადგენდა რაღაც უსულო საგანს, არამედ სავსე იყო ერთგვარი ხასიათით, გრძნობებით, მისტიკით და ემოციით და მასში ნამდვილად „იმალებოდა“ ხელოვნება, როგორც ასეთი. მენ რეი სულით ხორცამდე მხატვარი იყო, პარიზამდეც და მერეც, უბრალოდ პარიზში მან ობიექტივის მეშვეობით დაიწყო „ხატვა“....

 

ერთხელაც, პარიზის ერთ-ერთ კაფეში შემთხვევით გაიცნო ალისა პრენი, რომელიც პარიზის სახელოვნებო წრეებში კარგად ცნობილი მენატურე, მეტსახელად „მონპარნასელი კიკი“ აღმოჩნდა. კიკი იყო მოდილიანის, ბრასსაის, ხაიმ სუტინის და სხვა ფერმწერების მოდელი, ის კი არა და, თურმე თვით ჰემინგუეიც კი ამბობდა, მონპარნასელი კიკი ინგლისის დედოფალზე არანაკლები გავლენით სარგებლობსო... თუმცა, მიუხედავად ასეთი „რეკომენდაციებისა“, მსოფლიო ცნობადობა კიკის სწორედ მენ რეის ფოტოებმა შესძინეს. კიკი გახდა რეის მუზა, საყვარელი და ფოტოშედევრების, მათ შორის „ენგრის ვიოლინოს“ შექმნის „ინსტრუმენტიც“ კი.

 

სრულიად შესაძლებელია, მენ რეის სახელი ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი „ენგრის ვიოლინო“ ერთხელ მაინც უნახავს, ან თვალი მოუკრავს მაინც, რადგან მასზე ხემიანი ინსტრუმენტის ფორმის ქალის ულამაზესი სხეულია აღბეჭდილი. მენ რეი კარგად იცნობდა ენგრის ერთ-ერთ შედევრს „მობანავე ქალი“, რომელმაც მას თავისი ფოტოშედევრის შექმნის იდეა „უკარნახა“. ენგრის წამომჯდარი ქალის ზურგზე მენ რეიმ ნათლად დაინახა ვიოლინოს მოხაზულობა და „ნიშნები“ და სულ მალე - 1924 წელს მისი სიურრეალისტური ფოტო „ენგრის ვიოლინო“ შეიქმნა.

 

შეიძლება ითქვას, რომ „ენგრის ვიოლინო“ იქცა როგორც მენ რეის სავიზიტო ბარათად, ისე ფოტოხელოვნების კლასიკად, იმდენადაც კი, რომ ფოტოხელოვანს ბევრი წამხედური გამოუჩნდა და „ენგრის ვიოლინოს“ ათასი ვარიაციაც შეიქმნა, რაც დღესაც - 21-ე საუკუნეშიც - გრძელდება. სწორედ იმ ფოტოთი დაიწყო მენ რეის აღმასვლა ფოტოხელოვნების ოლიმპზე.

 

პარიზში მენ რეი დაუახლოვდა მე-20 საუკუნის სახელოვნებო ელიტას და მათ შორის იყვნენ: ჯეიმზ ჯოისი, გერტრუდა სტაინი, ერიკ სატი, მაქს ერნსტი, პოლ ელუარი, კოკო შანელი, სალვადორ დალი, პაბლოს პიკასო, ჟან კოქტო, ეზრა პაუნდი, იგორ სტრავინსკი, ივ მონტანი, ლე კორბიუზიე, სერგეი ეიზენშტეინი, კატრინ დენევი... იმავე პერიოდში მენ რეიმ დაიწყო თავისი ბოჰემური მეგობრების ფოტოფირზე აღბეჭდვა და მანვე გადაიღო კოკო შანელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო, რომელიც წინა სტატუსებში გაგაცანით (ჰორსტის ფოტოებში არ აგერიოთ)... პარალელურად დაიწყო მენ რეის თავბრუდამხვევი კარიერაც. იგი იქცა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად ფოტოგრაფად, ხოლო მის ფოტოობიექტივში მოხვედრა პრესტიჟული გახდა. მენ რეის შედევრალურ ფოტოპორტრეტებს ბეჭდავდნენ „Harper's Bazaar“, „Vogue“, „Vu“ და „Vanity Fair“.

 

ბარემ აქვე გეტყვით, რომ პარიზში გადასვლიდან ცოტა ხანში, უკვე 1923 წელს, მენ რეიმ, როგორც კინორეჟისორმა, გადაიღო რამდენიმე ავანდგარდისტული ფილმი, მათ შორის „მიბრუნება გონიერებასთან“, „შემეშვით“, „ზღვის ვარსკვლავი“, „სიზმრები, რომლებიც ფულზე იყიდება“... ამასთან იგი თავადაც მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში, მათ შორის რენე კლერის „ანტრაქტში“.

 

86 წლის მენ რეი გარდაიცვალა 1976 წელს, თავისი პარიზის სტუდიაში. იგი დაკრძალეს მონპარნასის სასაფლაოზე. საფლავის ქვაზე არის ასეთი ეპიტაფია: „მიუკერძოებელი, მაგრამ არაგულგრილი“. დღეს მენ რეის ქალიშვილი ანნა რეი განაგებს მამის სახელობის ფონდს, ფოტოკოლექციას და საავტორო უფლებებს. მანვე გამოსცა მენ რეის შემოქმედებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნი.

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220356042030942

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი