logo_geo
1862 წლის 22 აგვისტოს ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი აშილ-კლოდ დებიუსი დაიბადა
- +

22 აგვისტო. 2019. 18:31

 

„Когда луна сверкнет во мгле ночной

Своим серпом, блистательным и нежным,

Моя душа стремится в мир иной,

Пленяясь всем далеким, всем безбрежным...“

 

პოეტ-სიმბოლისტმა კონსტანტინ ბალმონტმა ეს სონეტი ჩვენს დღევანდელ იმპრესიონისტ იუბილარს და მის ფანტასტიურ საფორტეპიანო პიესას „მთვარის ნათელს“ მიუძღვნა, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების სიმბოლოდ ითვლება...

 

1862 წლის 22 აგვისტოს დაიბადა ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი აშილ-კლოდ დებიუსი, რომელიც მუსიკალური იმპრესიონიზმის საუკეთესო წარმომადგენელია, არადა თავად ასე ხსნიდა „მიკერებულ“ წოდებას, ვცდილობ ახალი რეალიების მოძიებას, ამას კი სხვები იმპრესიონიზმს უწოდებენო.

 

1880-იან წლებში კლოდ დებიუსი იყო რუსი მეცენატი ქალბატონის ნადეჟდა ფონ მეკკის ოჯახის მუსიკის მასწავლებელი და მის მამულში ცხოვრობდა. სწორედ იქ გაიცნო დებიუსიმ უდიდესი რუსი კომპოზიტორები ჩაიკოვსკი, ბოროდინი, მუსორგსკი და ბალაკირევი. მალე კლოდს თავდავიწყებით შეუყვარდა ფონ მეკკის ქალიშვილი სონია, მერე ხელიც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, სოციალური „შეუფერებლობის“ გამო. უარის შემდეგ კლოდ დებიუსი პარიზში გაემგზავრა და შემოქმედებით ბოჰემაში „ჩაეფლო“. სწორედ იქ დაუახლოვდა იგი პოეტ-სიმბოლისტებს, მათ შორის ვერლენს, ბოდლერს და მალარმეს, რამაც საბოლოოდ შეუწყო ხელი მისი გემოვნებისა და ესთეტიკის ჩამოყალიბებას. მათი პოეზიით შთაგონებულმა დებიუსიმ დაწერა რამდენიმე რომანსი, მათ შორის ყველაზე ცნობილი „მანდოლინა“. სიმბოლიზმის გავლენა ყველაზე კარგად აისახა დებიუსის ერთადერთ ოპერაში „პელეასი და მელისანდე“, რომელიც მან მეტერლინკის დრამის მიხედვით დაწერა.

 

კლოდ დებიუსის შემოქმედება მრავალფეროვანია: 3 ბალეტი, კამერული და საფორტეპიანო მუსიკა, უამრავი სონატა, ნოკტიურნი და თუნდაც „ბოშური ცეკვა“, რომელსაც მეც ვუკრავდი მუსიკალურ სასწავლებელში. მასვე ეკუთვნის მრავალი საფორტეპიანო შედევრი, მათ შორის პირველი სიმფონიური ნაწარმოები „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“, რომელიც სტეფან მალარმეს იმავე სახელწოდების ეკლოგას (პასტორალისმაგვარი ლექსის) გავლენით დაიწერა. 1912 წელს პარიზში დაიდგა დებიუსის იგივე სახელწოდების ერთაქტიანი ბალეტი, რომლის ქორეოგრაფი და მთავარი პარტიის შემსრულებელი იყო ბალეტის უდიდესი არტისტი ვაცლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენოგრაფი ლეგენდარული ლეონ ბაქსტი. მალარმე, თურმე, ძალზე კმაყოფილი დარჩა თავისი ლექსის მუსიკალური ვარიანტით, მოსმენილმა ყველა მოლოდინს გადააჭარბაო, შეაქო დიდი კომპოზიტორი. აქვე გეტყვით, რომ 2007 წელს იმავე სახელწოდების ბალეტში, რომელიც ანდრის ლიეპამ დადგა, მთავარ პარტიას ასრულებდა ბალეტის მეფე ნიკა ცისკარიძე.

 

1918 წელს 55 წლის აშილ-კლოდ დებიუსი სიმსივნით გარდაიცვალა და უკვე 1922 წელს გამოვიდა მასზე დაწერილი ერიკ სატის სტატია. სატი, სანამ სახელოვანი კომპოზიტორი და პიანისტი გახდებოდა, პარიზის მონმარტრის ერთ-ერთი კაფე-შანტანის ექსცენტრიული ტაპიორი იყო და დებიუსიმაც იქ გაიცნო. ჰოდა, კიდევ კარგი, რომ კომპოზიტორი უკვე ცოცხალი აღარ იყო, თორემ სატის სტატიის შემდეგ იქვე მოკვდებოდა.

 

„...Я слушаю, как говорит молчанье.

Людей родных мне далеко страданье,

Чужда мне вся земля с борьбой своей,

Я - облачко, я - ветерка дыханье.“

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220312075091796

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი