logo_geo
თეა ფირცხალავა: კოცნისადმი მიძღვნილი უდიდესი ხელოვანების შედევრები...
- +

22 აგვისტო. 2019. 19:43

 

„...მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში“, თქვა დიდმა შოთამ და ეს სიტყვები იმიტომ გამახსენდა, რომ ჩვენი დღევანდელი იუბილარის ანრი კარტიე-ბრესონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა „კოცნა თაიმს-სქვერზე“.

 

ყველა ნორმალური ადამიანისთვის კოცნა ან უფრო ნაზად რომ ვთქვათ - ამბორი - პანაცეაა - ყველაფრის წამალია... კოცნის დროს ადამიანი სხვა განზომილებაში გადადის, დედამიწას გარშემო უვლის, თვითონაც ტრიალებს და იმასაც ხედავს რომ დედამიწა, თურმე, მართლაც მზის ირგვლივ ბრუნავს, ყველაფერი წამებში იცვლება, მთელი სამყარო მოძრაობს და... მოკლედ, ისე გავიჭერი, რომ მთავარი დამავიწყდა... და გრძნობს, რომ მხოლოდ ორნი დგანან დედამიწაზე...

 

ზოგიერთს ჰგონია, რომ კოცნის მაგიის აღწერა ადვილია. ასე რომ ყოფილიყო მსოფლიოს უდიდესი ხელოვანები დროს არც დაკარგავდნენ ამბორის აღბეჭდვაზე.

 

დღეს, რატომღაც, მომინდა, რომ კარტიე-ბრესონის „კოცნასთან“ ერთად წარმოგიდგინოთ ამ ერთ-ერთი უინტიმურესი „აქტისადმი“ მიძღვნილი უდიდესი ხელოვანების შედევრებიც და მათ შორის იქნება ლადო გუდიაშვილი, შაგალი, ანრი ტულუზ-ლოტრეკი, გუსტავ კლიმტი, ფრანჩესკო აიეცი, პაბლო პიკასო, მაქს ერნსტი, ედვარდ მუნკი, როი ლიხტენშტენი და რენე მაგრიტი. თუ მათ ნამუშევრებს დააკვირდებით, ვერსად დაინახავთ უგულო სიყვარულს, ხვევნა-კოცნას და მტლაშა-მტლუშს, რადგან მათ ამბორში შეძლებისდაგავარადაა დაცული ზღვარი ეროტიკასა და ვულგარულობას შორის.

 

შაგალის „ფერადოვან“, მათ შორის ლურჯ, ვარდისფერ, ნაცრისფერ და მწვანე შეყვარებულებში, მხატვარი ფერების მეშვეობით გადმოსცემს სხვადასხვა ემოციას - თავშეკავებულობას, სინაზეს, მელანქოლიას და დაოკებას. ლოტრეკის შეყვარებულები სუფთა და გულწრფელი გრძნობების შესაფერის ღრუბლისფერ საბანში გახვეულან. კლიმტის „კოცნაზე“ ბევრჯერ დავწერე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მასზე აღბეჭდილია ემილია ფლოგე და თავად კლიმტი და ეს შედევრი, პრაქტიკულად, კლიმტის ერთადერთი „ავტოპორტრეტია“. აიეცის „კოცნა“, ალბათ, უფრო რომეო და ჯულიეტას ალუზიაა, ანუ გარემოებათა მსხვერპლნი ერთმანეთს ეამბორებიან. პიკასომ ათობით „კოცნა“ შეჰქმნა, რომლებზეც ძნელად თუ გაიგებ, სად არის ხელი, სად ფეხი და საერთოდ, ყველაფერი უზომო ვნებებშია გახვეულ-ჩახვეული, განსაკუთრებით კოცნის სკულპტურული ფორმით გამოსახულ შედევრებზე, მაგრამ ამასაც ვერ დავარქმევდი უგულო ხვევნა-კოცნას, პირიქით, ხელოვანის გული ხელის გულზე დევს. გერმანული სიურრეალისტის მაქს ერნსტის „კოცნა“- ეს არის ძაფებში გახლართული ცისფერი ცა და ყავისფერი დედამიწა, რაც სიყვარულის, სინაზისა და ვნების ერთ დიდ გორგოლაჭს ქმნის. აქვეა ედვარდ მუნკის „კოცნების“ მთელი ციკლი, ფანჯარასთან მდგომი შეყვარებულების ამბორი, რომლებიც „უსახონი“ არიან, რადგან მათ შესახედაობას, ასაკს და წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა აქვს იმ მომენტში, რადგან ისინი ერთ მთლიანს შეადგენენ. როი ლიხტენშტეინის „კოცნა“ ერთი შეხედვით სტატიკური გეჩვენება, სინამდვილეში კი სავსეა სიცოცხლით და სიყვარულით, ხოლო რენე მაგრიტის მართლაც და უცნაურ კოცნას ორ ქართულ სახელს მოვარგებდი“ - „სიყვარულსა მალვა უნდა“, ან სულაც „სიყვარული ბრმაა“.

 

მოკლედ, დაათვალიერეთ ეს არაჩვეულებრიგი გამოფენა და ღმერთმა არ მოგიშალოთ სიყვარული და კოცნის თუ არა, გადაკოცნის სურვილი მაინც.

 

და ამ სტატუსს დიდი ალექსანდრე ჭავჭავაძის სიტყვებით დავასრულებ:

 

„სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,

სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;

ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,

გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა“.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220312383299501

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი