logo_geo
თეა ფირცხალავა: არ მიკვირს ამ საოცარ ქალბატონზე მოარული მითები და ლეგენდები, რადგან თავად კოკო იყო მითიც და ლეგენდაც
- +

19 აგვისტო. 2019. 13:46

 

და ბოლოს... დღეს კოკო შანელის დაბადების დღეა და სანამ თხრობას გავაგრძელებდე, გეტყვით, რომ არ მიკვირს ამ საოცარ ქალბატონზე მოარული მითები და ლეგენდები, რადგან თავად კოკო იყო მითიც და ლეგენდაც. დღეს შევეცდები ბევრისთვის უცნობი რამდენიმე ფაქტი გაგაცნოთ. დავიწყებ იმით, რომ კოკო შანელის გავლენის და „ძალაუფლების“ ქვეშ მრავალი გამოჩენილი ადამიანი მოექცა და მათ შორის იყვნენ თვით გერმანული სამხედრო დაზვერვის შეფი ვალტერ შელენბერგი, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, ვესტმინსტერის ჰერცოგი და ა.შ.

 

შელენბერგთან დაკავშირებული ისტორია ბევრმა არ იცის და დღეს სწორედ ამაზე გიამბობთ.

 

1940 წელს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს კოკო შანელის ერთადერთი დისშვილი ანდრე. მის დასახსნელად კოკო იძულებული გახდა, მიემართა თავისი ნაცნობი გერმანელი დიპლომატისთვის ბარონ ჰანს გიუნტერ ფონ დინკლაგესთვის, რომელიც არ ახმაურებდა, რომ მშვიდობიან დროს, ყველასთვის საიდუმლოდ, ვერმახტის პოლკოვნიკი იყო და თვით საიდუმლო დაზვერვის შეფის - ვალტერ შელენბერგიის სამსახურში იდგა. ბარონს ხელგაშლილი ცხოვრება და ქალები უყვარდა, რისთვისაც იმავე ქალებმა მეტსახელად „შპატცი“, ანუ „ბეღურა“ შეარქვეს. კოკოს თხოვნის შემდეგ, ბარონმა მართლაც იხსნა მისი დისშვილი და როგორც იტყვიან, ხელმა ხელი დაბანა... „ბეღურამ“, რომელიც უზომოდ მომხიბვლელი, განათლებული და კოკოზე 13 წლით უმცროსი იყო, ადვილად დაახვია თავბრუ მშვენიერ ქალბატონს და მასაც თავდავიწყებით შეუყვარდა გამოცდილი ბარონი ბეღურა...

 

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც შელენბერგს სურდა, რომ ვინმე გავლენიანი პიროვნების მეშვეობით უინსტონ ჩერჩილი სეპარატულ მშვიდობაზე ანგლო-ამერიკული საიდუმლო მოლაპარაკებების აუცილებლობაში დაერწმუნებინა. შელენბერგმა უკვე იცოდა კოკოსა და ბარონის სასიყვარულო ურთიერთობაზე და ფლობდა ინფორმაციას კოკოს ყოფილ მოდელზეც - ვერა ბეითზე, რომელიც დედოფალ ელისაბედის მონათესავე საგვარეულოდან იყო და ჩერჩილს ძალიან უყვარდა. ცნობილი იყო ისიც, რომ ჩერჩილი ახლოს იცნობდა კოკოსაც და არაერთხელ ჰქონდა მასთან შეხვედრა (იხ. ფოტოები). ამიტომ გადაწყდა, რომ ჩერჩილთან შეხვედრა უნდა მომხდარიყო კოკო შანელის მეშვეობით... ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო „მოდური ქუდი“, რომელიც პირადად შელენბერგმა შეიმუშავა.

 

მოკლედ, მალე კოკო და ვერა ბეითი გაემგზავრნენ მადრიდში, რათა გერმანელების „გზავნილი“ გადაეცათ დიდი ბრიტანეთის ელჩისთვის ესპანეთში სერ სემიუელ ჰოორისთვის. წერილი მართლაც გადასცეს ელჩს, რომელიც შეჰპირდა, რომ მას პირადად ჩერჩილს გადასცემდა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, კოკომ ვერ გაითვალისწინა ერთი ფაქტი, რომ ინგლისელი არისტოკრატი და მისი ყოფილი მოდელი შეიძლებოდა ყოფილიყო MI 6-ის, ანუ ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის „აგენტი“... ეს მართლაც ასე იყო და წერილის ამბავი მეორე დღესვე დეტალურად იცოდა ბრიტანულმა დაზვერვამ. ოპერაცია „მოდური ქუდი“ მარცხით დასრულდა და ამას თან დაერთო ჩერჩილის ავადმყოფობაც...

 

კოკო შანელი ადვილად არ ეგუებოდა დამარცხებას, ამიტომ... 1944 წლის დამდეგს იგი პირდაპირ ბერლინში გაემგზავრა და უშუალოდ შელენბერგს შეხვდა... არავინ იცის, რაზე ისაუბრეს „მეგობრებმა“... თავად კოკოს განმარტებით, შელენბერგთან მისი შეხვედრის ერთადერთი მიზანი იყო მსოფლიო ომის სწრაფი დასრულება, რისთვისაც მან ყველა არსებული და არარსებული გავლენა გამოიყენა.

 

1945 წელს, პარიზის გათავისუფლების შემდეგ, კოკო შანელი მოექცა საფრანგეთს დაზვერვის მხედველობის არეალში. იგი დაიბარეს და ბარონ ფონ დინკლაგესთან მის კავშირზე კითხვები დაუსვეს... იმ დროს საფრანგეთის დაზვერვამ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა კოკოსა და ვალტერ შელენბერგის შეხვედრაზე, რაც ქვეყნის ღალატად ჩაითვლებოდა...

 

და აქ ავანსცენაზე კვლავ გამოჩნდა კოკოს ძველი მეგობარი და თაყვანისმცემელი უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც მართლაც იხსნა განსაცდელში ჩავარდნილი კოკო... სხვათა შორის, ჩერჩილის მემუარებში არის ასეთი ჩანაწერი: „...ჩამოვიდა ცნობილი კოკო და მე მოვიხიბლე მისით. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, მომხიბვლელი და ძლიერი ქალბატონი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ“.

 

ამის შემდეგ კოკო შანელი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც თვალს ადევნებდა შელენბერგის სასამართლო პროცესს.

 

1949 წელს ვალტერ შელენბერგს 6 წელი მიუსაჯეს. დაკითხვისას, რასაკვირველია, მას ერთი სიტყვაც არ დაუძრავს კოკოსთან ურთიერთობაზე. 1951 წელს შელენბერგი ციხიდან გაუშვეს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო და ისიც შვეიცარიაში დასახლდა, თან კოკო შანელის სახლთან ახლოს... 1952 წელს შელენბერგი გარდაიცვალა. კოკო შანელმა კი 88 წლამდე იცოცხლა და მისი რეპუტაცია მაინც ვერაფერმა შელახა.

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220284856531349

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი