logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ფრიდა კალო და დიეგო რივერა - მათი სიყვარული მართლა სასწაული იყო...
- +

2 სექტემბერი. 2019. 23:54

 

სიყვარულო, სიყვარულო, რა ხარო...

 

მათ წყვილს ეძახდნენ - „სპილოს და მტრედის დუეტს“...

 

ექსპრესიული მხატვარი ფრიდა კალო... და  ექსცენტრული მონუმენტალისტი დიეგო რივერა...

 

მათი სიყვარული მართლა სასწაული იყო...

 

სასწაული კიდევ არასდროს არ ექვემდებარება წესებს და კანონებს...

 

მინიატურულმა, წარბგადაკრულმა ფრიდამ, რომელმაც 6 წლის ასაკში გადაიტანა პოლიემილიტი და დაკოჭლდა, ხოლო 18 წლის ასაკში მოხვდა ავტოკატასტროფაში და ფაქტიურად თავიდან ააწყეს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უძრავად იწვა და არაადამიანურ ტკივილს იტანდა, დაინახა თუ არა უზარმაზარი, თმააჩეჩილი, მაგრამ საოცრად ხიბლიანი და ქარიზმატული დიეგო, მამის ხელით გაუგზავნა საკუთარი ნახატები...

 

დიეგომ გადახედა და განაცხადა - „ეს გოგონა (მათ შორის ასაკში განსხვავება 21 წელი იყო), დაბადებიდან მხატვარია და საოცრებაა“...

 

ფრიდასთან შეხვედრამდე, დიეგოს უკვე ორი გახმაურებული რომანი და 3 შვილი ჰყავდა...

 

როდესაც ფრიდას მამამ შეატყო, რომ დიეგოსა და ფრიდას შორის გრძნობები გაჩნდა, პირდაპირ განუცხადა - „ჩემი ქალიშვილი ძალიან ავად არის და მისი მდგომარეობა მომავალში მხოლოდ გაუარესდება. დაფიქრდით და თუ მაინც არ გადაიფიქრებთ მასზე ქორწინებას, მე უფლებას დაგრთავთ“...

 

რივერამ არ გადაიფიქრა...

 

ფრიდას დედა ამ კავშირს ვერ შეეგუა და ქორწილს არ დასწრებია...

 

სამაგიეროდ, ქორწილში დიეგოს ყოფილი ცოლი მივიდა, აიწია მექსიკური კაბა და გამოაცხადა - „შეხედეთ, რა ქალი გამცვალა ამ კაცმა ხეიბარშიო“!

 

არა და, დიეგომ მართლაც დაინახა ფრიდაში ის, რასაც სავარაუდოდ, სხვა ვერ დაინახავდა...

 

ხომ გესმით, როცა მართლა ძალიან გიყვარს...

 

ვერავის ვერ აუხსნი, რისთვის.

 

რივერას ფრიდასადმი დაწერილ ერთ-ერთ წერილში ამოვიკითხე - „ არ არსებობს არაფერი შენი ხელების შესადარი... არ გაჩენილა არაფერი, რასაც შენის მწვანე, ოქროსფრად დამწუხრებულ თვალებს შევადარებდი... შენ ჩემი ღამის სარკე, ჩემი გულის ელვა და ჭექა-ქუხილი!“...

 

ამავე დროს, დიეგო მუდმივად ღალატობდა ფრიდას. ფრიდამაც ჯინაზე თავად ლევ ტროცკისთან უღალატა, რომელიც 1937 წელს, რუსეთიდან გაქცევის შემდეგ, მათ სტუმრობდა...

 

როდესაც დიეგომ ფრიდას და ტროცკის რომანის შესახებ გაიგო, გააგდო რევოლუციონერი სახლიდან და რომანი გააბა ფრიდად უმცროს დასთან, კრისტინასთან...

 

ფრიდამ ეს ვეღარ გადაიტანა და 1939 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში...

 

მალე მას უღალატეს თირკმელებმა და ქუჩაში გრძნობა დაკარგა...

 

როდესაც გონზე მოვიდა, სან-ფრანსისკოს საავადმყოფოში, მის საწოლთან იჯდა დიეგო რივერა და ბოდიშს უხდიდა...

 

1940 წელს მათ ხელახლა იქორწინეს...

 

ცოტა ხანში, ფრიდას ფეხი მოკვეთეს...

დიეგო დღე და ღამე იჯდა მის საწოლთან...

მოუწყო მას პერსონალური გამოფენა, რომელზეც ფრიდა საწოლში მწოლიარე შეიყვანეს...

 

1954 წლის 12 ივლისს, 47 წლის ფრიდამ საჩუქრად გადასცა დიეგოს მათი ქორწინების 25 წლისთავისადმი ნაყიდი ბეჭედი...

 

თარიღამდე რჩებოდა 10 დღე...

დიეგოს გაუკვირდა - „დღეს რატომო?“

ფრიდამ უპასუხა - „რომ არ დავიგვიანოო“...

მეორე დილით, 13 ივლისს ის გარდაიცვალა...

 

დიეგო გარდაიცვალა 3 წლის შემდეგ, სიმსივნისგან...

 

გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დიეგოს გადასცეს ფრიდას წერილი, რომელიც მან სიკვდილის წინ დაუწერა... იცით, რა ეწერა ამ წერილში?

 

„ქაღალდზე, მზის ჩაბნელებაში, ყველა სტრიქონში, ჩემი სულის ყველა ლილიაში, ჩემს სიგიჟეში, სიზმრებში, საწერი კალმის კიდეზე მელნის წვეთივით ჩამოკიდებულია დიეგო“...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი