logo_geo
თეა ფირცხალავა: 12 წლის 31 აგვისტოს რომში დაიბადა სულით და ხორცით მახინჯი კაცუნა - კალიგულა
- +

31 აგვისტო. 2019. 16:53

 

 

 

ისტორია რომ მეორდება, არახალია, ამიტომ გთავაზობთ სტატუსს პარალელებით...

 

„დაე, ვძულდე, ოღონდ ეშინოდეთ“-ო თქვა დღევანდელმა იუბილარმა და ნერწყვი გადაყლაპა... დედამიწის ზურგზე არ არსებობს უარყოფითი თვისება, რომელიც მას არ ახასიათებდა, ამიტომ, ვერც ანტიკური ხანის და ვერც თანამედროვე ისტორიკოსებმა ვერ „მოიგონეს“ ერთი დადებითი სიტყვაც კი, რომლითაც მის პიროვნებას, ან მის მოღვაწეობას შეამკობდნენ. ერთადერთი, რაც მის დადებით მხარედ ჩაითვალა, იყო მისი ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის მანძილზე დაგებული გზები და აგებული ხიდები... და კიდევ ერთი - კარგი მჭევრმეტყველება - თუმცა, იმ დიდ „ნიჭსაც“ სახელოვანი ადამიანების ღირსების შესალახად და „ჩასარეცხად“ იყენებდა... ყველაფერი ის, რაც აქამდე დავწერე, მრავალი მომდევნო პარალელის მხოლოდ მცირედი ნაწილია...

 

12 წლის 31 აგვისტოს რომში დაიბადა სულით და ხორცით მახინჯი კაცუნა, მრავალი ავისმომასწავებელი ლეგენდის, მითისა და ისტორიის „პერსონაჟი“, რომის მესამე იმპერატორი გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი - იგივე კალიგულა, რომელმაც სულ ოთხი წელი დაჰყო ხელისუფლებაში, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ მისი თანამედროვე სენეკა წერდა: „გეგონება, გაიუს იულიუსი იმიტომ შეჰქმნა ბუნებამ, რომ დაგვანახოს, რისი გაკეთება ძალუძს უსაზღვრო მანკიერებისა და განუსაზღვრელი ძალაუფლების ერთობას“-ო.. მე კი ინგლისელი ისტორიკოს-პოლიტიკოსის ლორდ ჯორჯ დალბერგ-აქტონის ყველასთვის ცნობილ ფრაზას შეგახსენებდით: „ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად“.

 

როგორი იყო კალიგულა? მივყვეთ მის თანამედროვეთა შეფასებებს: უზნეო, თავგუნება, ახირებული, დაგეშილი და შეშლილი (მათ შორის სისხლზე), ხაზინის უთავბოლოდ მფლანგველი, ხარბი, ექსცენტრიული, განდიდების მანიით შეპყრობილი, სხვისი ქონების წამრთმევი და მეგობრების ცოლების და ქალების მიმთვისებელი, მწამებელი, სადისტი, პატივმოყვარე, დაუნდობელი, დესპოტი, განუკითხავი სადამსჯელო ოპერაციების ორგანიზატორი და... მიუხედავად ყველაფრისა, საშინლად მშიშარა, რომელიც - პატარა მეხის გავარდნის დროსაც კი, საწოლის ქვეშ ძვრებოდა და კანკალებდა... კალიგულას კიდევ მრავალი „შეფასება“ არსებობს, მაგრამ ამასაც ვიკმარებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეფასებების კითხვისას თვალწინ დაგიდგათ ჩვენი უახლესი წარსულის ერთი „პერსონაჟი“, რომლის დახასიათებაც ზუსტად მიესადაგება ზემოთქმულს... (მაგალითად, შიშებთან დაკავშირებით - მიწაზე ფორთხვას გორში)...

 

ახლა კი მივყვეთ ისტორიულ ფაქტებს და პარალელები გავავლოთ ჩვენს უახლეს წარსულთან:

 

1) კალიგულა იყო ხელისუფალი, რომელმაც საკუთარ თავს თავადვე მიანიჭა ყველა შესაძლო უმაღლესი ტიტული, მათ შორის უმაღლესი პონტიფიკის, ანუ დედამიწაზე ქრისტეს წარმოგზავნილი სულიერისა, რაც მალევე არ იკმარა, თავი ღმერთად გამოაცხადა და მისი, როგორც ღმერთის განსადიდებლად, უზარმაზარი ტაძარი ააგებინა, სადაც საკუთარი ოქროს ქანდაკება „წამოაჭიმინა“, რათა თაყვანი ეცათ მხოლოდ მისთვის (და არა ღმერთისთვის), ხოლო ვინც იმ წესს დაარღვევდა, სიკვდილით სჯიდა...

 

„ჩვენი“ იყო ხელისუფალი, რომელმაც დაიჯერა და სხვებსაც აჯერებდა, რომ თავად იყო მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებელი, მერე, ტაძრების აგების ნაცვლად, ბაგრატის ტაძარს ეცა და ლიფტი მიუშენა, ძეგლების აშენების ნაცვლად კი აგებული ძეგლები დაანგრია და გაანადგურა. ესეც არ იკმარა და უზარმაზარი, მრავალმილიონიანი „ტაძარი-ბუნდესტაგი“ აიგო - საქართველოს მთავარი სალოცავის, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინ, რათა ის დაეჩრდილა. არ დასცალდა, თორემ ოქროს ქანდაკებასაც წამოჭიმავდა და თავს ღმერთადაც გამოაცხადებდა... თუმცა, ის ბეჩავი ისედაც ღმერთი ჰგონია მის „მრევლს“...

 

2) კალიგულამ თავს ერის მამა უწოდა...

 

„ჩვენმა“ კი თავი ილია ჭავჭავაძედ წარმოიდგინა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სახელმწიფო თავზე დაიმხო, მერე დიდი ილიას უზარმაზარი ფოტო დაიკიდა კაბინეტში და „ერის, მამულის და სარწმუნოების“ გადარჩენის ნაცვლად, სწორედ „ილიას“ სახელს ამოფარებულმა აკეთა ერისთვის სავალალო და მისი დამაქცევარი ათასი სისაძაგლე, მათ შორის მეცნიერების განადგურება.

 

3) კალიგულამ თავი რომის ტრიბუნად გამოაცხადა...

 

არც „ჩვენი“ ჩამორჩა და... ტრიბუნი და ტრიბუნა რომ ვერ გაარჩია, ტრიბუნით მორბენალ გიჟად მოგვევლინა... საცა კი შანსი მიეცემოდა, ტრიბუნას ხელს დასტაცებდა და იქ ჩნდებოდა, თუნდაც მორიგი საპირფარეშოს გახსნაზე... მის მჭერმეტყველებაზე და „ლექსთაცოდნაზე“ აღარაფერს ვიტყვი, ყველას გვახსოვს მისი „ნიჭიერება“...

 

4) კალიგულა გიჟდებოდა ფულზე და ოქროზე და მათი სიყვარულით არიგებდა თანამდებობებს და ტიტულებს. მან წარმოუდგენლად გაზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის და საიმპერატორო ხაზინის ხარჯები, აწყობდა მდიდრულ ორგიებსა და გასართობ ღონისძიებებს...

 

„ჩვენს“ ხელისუფალსაც უყვარდა ფული, ძვირფასი საათები და პატარა გოგოშკები და სწორედ მათი სიყვარულით შეამცირებინა პარლამენტარის გახდომის ასაკი, რომ მერე თავისი დილიხორი გაესწორებინა. მან მაქსიმალურად გაზარდა საქართველოს ბიუჯეტის და საკუთარი ფონდის ხარჯები და თავზე წამოიხია ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის კონსტიტუცია... ბიუჯეტის ფულით იწყობდა გასართობ ორგიებს საქართველოში და საზღვარგარეთ... იმავე ფულით „ქირაობდა“ როსკიპებს, მასაჟისტებს და ბოტოქსის ექიმებს, სასურველი ქალებისთვის ყიდულობდა ძვირფას საჩუქრებს და მთელ დუნიაზე მოიჭრა თავი - როგორც ხაზინის ქურდმა და მფლანგველმა...

 

5) კალიგულამ წამოიწყო „მასშტაბური“ მშენებლობები...

 

არც „ჩვენი“ ჩამორჩა“ და უამრავი „პოტიომკინის სოფელი“ და უხარისხო, „მალფუჭებადი“ და მალნგრევადი შენობა-ნაგებობა აგვიშენა...

 

6) კალიგულას ბავშვობიდან უყვარდა გარყვნილება და წამებისა და ორგიების სცენების ყურება. მან უმაღლეს რეგისტრში აიყვანა გარყვნილება, ბოლოს კი ყველაფერი მობეზრდა და დიდი წვეულებების დროს მისი რომელიმე „მეგობრის“ ან ცნობილი კაცის ცოლი გაჰყავდა გვერდით ოთახში, იქედან გამოსული კი იმ ქალის ქმრის თანდასწრებით ყვებოდა, რა უქნა მის ცოლს...

 

ო, ამ მხრივ კალიგულა ნამდვილად ვერ შეედრებოდა „ჩვენსას“ და მისი ტვინის ნაჟურზე ნერწყვსაც გადაყლაპავდა, რადგან „ჩვენის“ ხელისუფლებაში (ან „სამეგობროში“) ძნელად მოიძებნება „კაცი“, რომლის ცოლიც „გასინჯული“ არ ყავდა... „ჩვენსასაც“ ბავშვობიდან უყვარდა წამების, წვალების და ორგიების სცენების ყურება, რაც დიდობაშიც გაჰყვა... სწორედ იმიტომ გადააღებინა (მოგვიანებით კასრებში აღმოჩენილი) 27 ათასი ფირი, რომლებზეც წამება, ორგიები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ათასი უბედურება იყო აღბეჭდილი, რითიც ეს მართლაც „ჩვენის“ უბედური, თავის მახინჯ ვნებებს და სექსუალურ წყურვილს იკმაყოფილებდა...

 

7) კალიგულას ბრძანებით აპატიმრებდნენ და ხოცავდნენ მდიდარ ხალხს და ითვისებდნენ მათ ქონებასა და საკუთრებას. მას მუდამ თან ახლდა „მონა-მორჩილი“, რომელიც სპეციალურ რვეულში იწერდა იმ ადამიანების გვარებს, რომლებზეც დევნა უნდა გამოცხადებულიყო, ან რომლებიც უნდა ეწამებინათ ან სიკვდილით დაესაჯათ.

 

„ჩვენსას“ ხუთიანი ეწერა ასეთების ჩადენაში. კარგად გვახსოვს მისი ხელქვეითი "მონების" მიერ შექმნილი სპეცანგარიშები და იქ გადარიცხული მილიარდობით თანხა... გვახსოვს მდიდარი ადამიანების დატერორება, ქონების წართმევა და „ღამის ნოტარიუსების“ საქმენი საგმირონი... „ჩვენი“ კიდევ უფრო შორს წავიდა: მან მოაკვლევინა პრემიერ-მინისტრი და ლონდონში მცხოვრები "მეტოქე", მისი ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად ამოიწყვიტა ასობით ოჯახი, კარგად გვახსოვს ციხეში ნაწამები ოფიცრები და ზღვაში ჩაყრილი ვაჟკაცების დასახიჩრებული გვამები, დახვრეტილი "ურჩი" ჯარისკაცები და შენობებზე შემოლაგებული გვამები, რაც მთავარია, ზოგიერთი მოკლულის „დაშინებული“ მშობლები, რომ ემანდ არ გაებედათ და არაფერი ეთქვათ ხალხში, რომ ხელისუფლების „შეუბღალავი“ სახელი არ წაბილწულიყო... ლაფანყურიც გვახსოვს და ხელისუფლებისგან განწირული, გაყიდული და მოკლული ბიჭები... რომელი ერთი კალიგულა უნდა გაგვიკვირდეს ამ ამბების მომსწრეთ?! მგონი, „სატრაბახოდაც“ კი გვაქვს საქმე, რომ კალიგულას ვაჯობეთ...

 

8) ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე კალიგულას მიეწება შეშლილის და უკიდურესად სასტიკი ადამიანის სახელი. ყველა „სიკეთესთან“ ერთად, იგი იყო მმართველი, რომელმაც (ლეგენდის თანახმად) საკუთარი ცხენი სენატორის „პიედესტალზე“ აიყვანა. მასზე და მის ლეგენდარულ ინციტატზე შექმნილია უამრავი მხატვრული ნაწარმოები, ფილმი, ლექსი, ფერწერული ტილო, სიმღერა... თემა დღემდე ამოუწურავი რჩება... ჰოდა...

 

ეგრე არ უნდაო და, „ჩვენმაც“ გადააღებინა ფილმი „ძლევამოსილ“ ომში გამარჯვებაზე, რითიც საბოლოოდ მოიჭრა თავი და სამარცხვინოდ „დააპატარავა“ ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი. რაც შეეხება წიგნებს, ეგეც მოახერხა... ადგა და ერთი წიგნი თავადვე მიუძღვნა საკუთარ თავს, მეორე კი ცოლს დააწერინა და საბოლოოდ დაასამარებინა თავი... „მიხარია“, რომ ამაშიც ვაჯობეთ კალიგულას... ჰო, კინაღამ დამავიწყდა, „ჩვენსას“ ცხენები არ უყვარდა, თორემ ნაღდად წამოასკუპებდა პარლამენტში, მაგალითად, აკუნას მაგიერ...

 

და ბოლოს...

 

„ვისურვებდი, მთელ რომაელ ერს ერთი საერთო თავი ჰქონოდა, რომ მახვილის ერთი მოქნევით მომეკვეთა“-ო, თქვა კალიგულამ, რომელსაც დამსახურებულად შეარქვეს „შავი მმართველი“... ჩვენსას კი დაუმსახურებლად უწოდეს „დემოკრატიის შუქურა“...

 

ყველაფერი ისე გაგრძელდებოდა, როგორც იყო... მაგრამ...

 

კალიგულას ისევ თავისიანებმა უმუხთლეს და მოკლეს.

 

ეს მოხდა 41 წლის 24 იანვარს.

 

„ჩვენმა“ თავს უშველა და ქვეყნიდან გაბუნძულდა. მას ნამდვილად არავინ მოკლავდა, რადგან უკვე ცოცხალი ლეში იყო... იგი ისევე დაბრუნდება საქართველოში, როგორც კალიგულა რომში... და, როგორც გავრილ დერჟავინმა თქვა:

 

„Калигула! твой конь в Сенате -

Не мог сиять, сияя в злате!

Сияют добрые дела...“

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი