logo_geo
1872 წლის 31 აგვისტოს პრიმა-ბალერინა მატილდა ქშესინსკაია დაიბადა
- +

31 აგვისტო. 2019. 18:01

 

1872 წლის 31 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგთან ახლოს დაიბადა პოლონური წარმომავლობის ისტორიული ქალბატონი მატილდა ქშესინსკაია, რომელიც 19 წლისა იყო, როდესაც სანქტ–პეტერბურგის მარიინსკის თეატრის პირველი პრიმა–ბალერინა გახდა, ხოლო მარიუს პეტიპამ „რუსული ბალეტის პირველი ვარსკვლავი“ უწოდა.

 

მატილდა ქშესინსკაია, როგორც ალღოიანი ქალი, ცხოვრების დასაწყისშივე მიხვდა, რომ წარჩინებულ მამაკაცებს მოხიბლავდა არა სილამაზით, რომლითაც ნამდვილად არ გამოირჩეოდა, არამედ ნიჭით, ენერგიით, სიკაშკაშით, გამომწვევი სიცილით და, რაც მთავარია, გაბრწყინებული თვალებით, რომლებშიც ეშმაკურად იცუღლუტებდნენ პატარა ეშმაკუნები... ასეც მოხდა...

 

მატილდა ქშესინსკაია, როგორც პრიმა-ბალერინა, ცეკვავდა ყველა წამყვან პარტიას, მათ შორის „მაკნატუნაში“. „გედების ტბაში“, „დონ კიხოტში“... იგი ბრწყინავდა პარიზის, მილანის, ვარშავის და სხვა დიდი ქალაქების სცენებზე, ხოლო საიმპერატორო თეატრის დატოვების შემდეგ, მართავდა დამოუკიდებელ კონცერტებს, ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და უზარმაზარ დღიურ ჰონორარებსაც იღებდა. მისი „კოზირი“ იყო მთავარი პარტია „ესმერალდაში“, რომლითაც არა მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლები, არამედ სრულიად სამყარო მოხიბლა.

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მატილდა ქშესინსკაიას 99-წლიანი ცხოვრება წააგავდა არა უბრალო ლეგენდას, არამედ მრავალტომიან რომანს, ხოლო მის სახელსა და ცხოვრებაზე შექმნილი მითები და „ავტორთა“ ფანტაზია ისეთ რეგისტრში ავიდა, რომ ეს მართლაც და ლეგენდარული ქალბატონი ნამდვილად იქცა არაერთი მრავალტომიანი რომანის გმირად. სიცოცხლის ბოლოს მატილდა ქშესინსკაიამ თავადაც დაწერა მოგონებები და ისიც ლეგენდით დაიწყო, რომელშიც დეტალურად აღწერა მისი წინაპრების - პოლონელი გრაფების კრასინსკების ცხოვრება... აქვე გეტყვით, რომ კრასინსკის გვარს ატარებდა მისი ერთადერთი ვაჟი ვლადიმირი, ცნობილი ვოვოჩკაც... ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

მატილდა ქშესინსკაია იყო რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ II-ის პირველი სიყვარული, თუმცა, ამბობენ, რომ ქალმა მანამდეც და მერეც, ადვილად დაიპყრო სამეფო ოჯახის სხვა წევრების გულებიც და ამაზე დაუფარავად წერდა საკუთარ დღიურებში, რომელშიც მისივე ხელით დახატული რუსეთის იმპერატორის პორტრეტიც აღმოაჩინეს.

 

1906 წლამდე მატილდა სანქტ-პეტერბურგში, იმ სახლში ცხოვრობდა, რომელიც ნიკოლოზ II-მ, მისმა ნიკიმ უყიდა. ნიკის დაქორწინების შემდეგ ისინი ცივილიზებულად დაშორდნენ და მატილდას დიდი თავადი ანდრეი რომანოვი შეუყვარდა, რომლისგანაც აკრძალული სიყვარულის ნაყოფი - პატარა ვოვოჩკა დაიბადა. ანდრეიმ მატილდას უზარმაზარი ორსართულიანი ვილა აუშენა და მასზე დაქორწინებაც უნდოდა, მაგრამ მშობლებმა ამის ნება არ დართეს. ახალი სახლი საოცარ ადგილზე აიგო: მის წინ იდგა პეტრე-პავლეს ტაძარი, გვერდით მეჩეთი, ხოლო მდ. ნევის მეორე მხარეს - ზამთრის სასახლე მოჩანდა.

 

თუ მატილდას ფოტოებს გადავხედავთ, არაფრის მოფიქრება დაგვჭირდება, რადგან მათზე კარგადაა აღბეჭდილი ამ „პატარა“ ქალის მდიდრული ცხოვრება, შემოქმედება და ფუფუნება.

 

სრული ბედნიერება ხანმოკლეაო, უთქვამს მავანს და ეს ცუდი ნათქვამი მატილდაზეც გავრცელდა... 1917 წელს მას ურჩიეს, რომ ვაჟთან ერთად დაეტოვებინა სანქტ-პეტერბურგი და მდიდრული სასახლე, რადგან ჰაერი „ცუდის“ მომასწავებელს იტყობინებოდა. ჭკვიანი ქალი ასეც მოიქცა, ერთ საკვოიაჟში ჩაალაგა, რაც ჩაეტია, მდიდრული „გუდა-ნაბადი“ აიკრა და სამუდამოდ დატოვა სახლიც, ქონებაც და ქალაქიც... და რა შერჩა წარსულიდან? რა და მხოლოდ სასიამოვნოდ მოსაგონარი ამბები, კარგი წვეულებები და „ჭამა-სმა“, დროსტარება და დიდი სიყვარული, რაც ვერავინ წაართვა... მხოლოდ სიყვარულია მარადიული...

 

მატილდა პარიზში გადავიდა, სადაც 1912 წლიდან ჰქონდა ვილა. მის პეტერბურგის სახლში კი რიგრიგობით მუშაობდნენ ლენინი, ზინოვიევი, სტალინი და სხვა ლიდერები. მატილდა ქშესინსკაიას ცნობილი აივნიდან ლენინი სიტყვით მიმართავდა ხოლმე ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს. მოგვიანებით იმავე სახლში ჩასახლდა კალინინი, შემდეგ იქ გაიხსნა ჯერ კიროვის სახელობის, მერე კი რევოლუციის მუზეუმი. 1991 წლიდან კი მატილდა ქშესინსკაიას სახლში ფუნქციონირებს რუსეთის პოლიტიკური ისტორიის მუზეუმი. შენობა ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის.

 

მოკლედ, მატილდა პარიზში დასახლდა, მერე ოფიციალურად დაქორწინდა ვოვოჩკას მამაზე, დიდ თავად ანდრეი რომანოვზე, რომლის მშობლებიც უკვე გარდაცვლილნი იყვნენ და მატილდამ ოფიციალურად მიიღო სამემკვიდრეო გვარი - რომანოვსკაია-კრასინსკაია. პარიზში მატილდამ ყველაფერი გააკეთა რუსული აკადემიური ცეკვის ტრადიციების შესანარჩუნებლად. მან შექმნა საკუთარი საბალეტო სკოლა, სადაც ერთდროულად სწავლობდა 150 მოწაფე. მატილდა სიცოცხლის ბოლომდე შრომობდა იმ სკოლაში.

 

ძლიერ მატილდას ერთი სუსტი წერტილი ჰქონდა - რულეტის თამაში უყვარდა და ყველამ იცოდა, რომ ფსონს ყოველთვის მისთვის საბედნიერო ციფრზე - 17-ზე დებდა. ამიტომაც შეარქვეს მეტსახელად „მადამ-17“.

 

1936 წელს 64 წლის მატილდა ქშესინსკაია გამოვიდა „კოვენტ-გარდენის“ სცენაზე და იცეკვა ლეგენდარული „რუსული ცეკვა“, რისთვისაც უდიდესი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

 

1941 წელს გესტაპომ დააპატიმრა მატილდას ვაჟი ვოვა კრასინსკი და ბრალად წაუყენა მონაწილეობა წინააღმდეგობის მოძრაობაში. მატილდამ სრულიად სამყარო ფეხზე დააყენა, მთელი ნაცნობობა ჩართო და, დღიურების თანახმად, თვით გრუპენეფიურერ ჰენრიხ მიულერსაც შეხვდა. საბოლოო ჯამში ვოვოჩკა გაათავისუფლეს.

 

1958 წელს პარიზში გასტროლებით ჩავიდა დიდი თეატრი და როგორც თვითმხილველები ამბობენ, მატილდა დარბაზშივე ატირდა, იმის განცდით, რომ რუსული ბალეტი მსოფლიოში შეუდარებელი იყო.

 

99 წლის მატილდა ქშესინსკაია გარდაიცვალა 1971 წელს. პარიზში. იგი დაკრძალეს სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე, მეუღლის, დიდი თავადის ანდრეი რომანოვის გვერდით. 1974 წელს მათ შეუერთდათ ერთადერთი ვაჟი ვოვა კრასინსკი,

 

2017 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ალექსეი უჩიტელის ფილმი „მატილდა", რამაც კვლავ გააღვივა ინტერესი მატილდა ქშესინსკაიასა და მისი დღიურების მიმართ. ფილმს დიდი რეზონანსი მოჰყვა და რუსეთში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მისი აკრძალვა მოითხოვა. მოკლედ, 2019 წლის მონაცემებით ფილმმა მილიარდნახევარი რუბლის ზარალი ნახა და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე წამგებიანი ფილმი რუსული კინემატოგრაფიის ისტორიაში.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220387504657488

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი