logo_geo
„არსებობს მხოლოდ ორი დრო - დრო მუშაობის და დრო სიყვარულის... სხვა დანარჩენზე დრო აღარ რჩება...“
- +

19 აგვისტო. 2019. 19:33

 

„არსებობს მხოლოდ ორი დრო - დრო მუშაობის და დრო სიყვარულის... სხვა დანარჩენზე დრო აღარ რჩება...“

 

კოკო შანელი ცნობილი „შრომაჰოლიკი“ იყო, დღე-ღამეში 12-14 საათი მუშაობდა და კოლეგებისგანაც იმავეს ითხოვდა.

 

ეს იმიტომ გავიხსენე, რომ...

 

1920 წელს კოკო შანელმა დიმიტრი რომანოვი გაიცნო, რომელიც რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის კუზენი იყო, მაგრამ მისი ტიტული ვერ აღემატებოდა კოკოს „ტიტულს“, რომელიც იმ დროს უკვე იყო სრულიად საქალეთის და მოდების სამყაროს იმპერატრიცა. დიმიტრი რომანოვს კოკოს მიმართ გაწეულ ბევრ „სიკეთეს“ მიაწერენ, არადა მისი ყველაზე დიდი დამსახურება იყო კოკო შანელის და ერნესტ ბოს შეხვედრის ორგანიზება, როდესაც კოკომ ერნესტ ბოს ქალის ხელოვნური სურნელის, ანუ ქალის სურნელიანი პარფიუმის შექმნა სთხოვა. ერნესტმა მართლაც უმაღლეს დონეზე შეასრულა კოკოს სურვილი და მათი თანამშრომლობის შედეგად 1920 წელს შეიქმნა მარადიული სურნელი და პარფიუმერიის დედოფალი „Chanel №5“, რომელსაც, როგორც ამბობენ, რუსული არომატი დაჰკრავს, რადგან მისი ავტორი - ერნესტ ბო - იყო ფრანგული წარმომავლობის რუსეთში დაბადებული ქიმიკოსი, რომელიც რომანოვების საიმპერატორო სახლის პარფიუმერი იყო.

 

„Chanel No 5“-ის შექმნა ირიბად უკავშირდება უდიდეს კომპოზიტორს იგორ სტრავინსკისაც, რადგან 1920 წელს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც იგი ახალ ბალეტზე მუშაობდა, ხოლო კოკო სამარადისო სუნამოს და რევოლუციური არომატის შექმნის იდეით იყო „შეპყრობილი“, კომპოზიტორის მრავალრიცხოვანი ოჯახი ქ. გარშში, კოკო შანელის ვილლა „ბელ რესპიროში“ გადასახლდა. კოკო შანელმა არ მიატოვა განსაცდელში მყოფი სტრავინსკების ოჯახი და გულმხურვალედ შეიფარა ისინი. შეუძლებელია, ამ ორ, უზომოდ მშრომელ ადამიანს, გვერდიგვერდ ეცხოვრათ და მათ შორის უდიდესი გრძნობა არ გაჩენილიყო. ფაქტია, რომ "სხვა" თუ არაფერი, ეს ორი შემოქმედი ერთმანეთის იმპულსად იქცა. ამბობენ, რომ კოკოს სახლი სავსე იყო ვნებით და თანაც იმდენად გადამდებით, რომ ჰაერშიც კი იგრძნობოდა მისი კვალი... იწერება, რომ კოკოს და იგორს შორის ცალმხრივი გრძნობა იყო, ანუ... იგორს ძალიან უყვარდა კოკო, ქალი კი დიდ პატივს სცემდა გენიოს კაცს...

 

ეჰ, რას გაუგებ ლეგენდარულ ადამიანებს და მათზე შექმნილ მითებს?!

 

კოკოს მეცენატობა ამით არ დამთავრებულა. იგი მუდმივად ეხმარებოდა სტრავინსკების ოჯახს და მთელი ცხოვრების მანძილზე იყო მაესტროს სპონსორი, მაშინაც კი, როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა და აშშ-ში გადასული მაესტრო ვერა დე ბოსსეზე დაქორწინდა და არა კოკო შანელზე...

 

კოკო არასოდეს გათხოვილა.

 

1971 წელს 88 წლის ზენიტში მყოფი კოკო შანელი გულის შეტევით გარდაიცვალა, სასტუმრო „რიცში“. იგი დაკრძალეს ქ. ლოზანაში, შვეიცარიაში და მისი საფლავის ქვაზე გამოსახულია ხუთი ლომი.

 

საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ კოკო და იგორ სტრავინსკი ერთსა და იმავე წელს, 3 თვის სხვაობით გარდაიცვალნენ. კოკოს საწოლის გვერდით, სასთუმალთან, მუდამ ხედავდნენ ხატს, რომელიც მას იგორ სტრავინსკიმ აჩუქა.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220284649206166

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი