logo_geo
1884 წლის 15 აგვისტოს ქართველი პოეტი და მწერალი ისაკ ჩოჩია დაიბადა
- +

15 აგვისტო. 2019. 19:43

 

დღეს ერთ-ერთ გენიალურ ქართველ პოეტს შეგახსენებთ...

 

„მზეს არ ახსოვს შობის წამი, მზეს სიკვდილი არა სჯერა,

მან სიცოცხლე უკვდავების სიმთა ჟღერით ააძგერა!“

 

1884 წლის 15 აგვისტოს სოფელ საჩოჩიეს ერთ-ერთი უღატაკესი გლეხის ოჯახში დაიბადა მომავალი სახელოვანი ქართველი პოეტი და მწერალი ისაკ ჩოჩია, რომელიც ქართული ლიტერატურის ისტორიაში ალექსანდრე აბაშელის ფსევდონომით და პირველ ქართველ ფანტასტად შევიდა. იგი მიეკუთვნებოდა მწერლების იმ თაობას, რომელიც მიუხედავად ოქტომბრის რევოლუციით გამოწვეული „შიშის“ და „აურზაურისა“, მაინც განიცდიდა „საშინელი“ ბირჟუაზიის ზეგავლენას და საკუთარ ნაწარმოებებში ღიად თუ არა, შეფარულად მაინც გამოხატავდა ტრფობასა და ლტოლვას სიმბოლისტური და დეკადენტური მიმართულებებისადმი.

 

ალექსანდრე აბაშელი 6 წლისა იყო, როდესაც დედამ წერა-კითხვა ასწავლა. ამის შემდეგ ბიჭუნამ აბაშის ორკლასიანი სასწავლებელი დაასრულა და სოფელში დაბრუნებული „ფოჩტის“ მოხელედ მუშაობდა. 16 წლისას დედა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ფოთში გადავიდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. რა აღარ გადახდა თავს, სად არ იმუშავა და იმოგზაურა, თუნდაც ბათუმსა და აბაშაში, ოღონდ კი ლუკმაპური ეშოვნა და ობოლი დედმამიშვილები გამოეკვება. ამასობაში 1905 წლის რევოლუციაც მოახლოვდა და ალექსანდრე აქტიურ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. რევოლუციის დამარცხების შემდგომ, 1906 წელს, იგი დააპატიმრეს და სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს... ეს ის ქალაქია, რომელშიც პოლიტიკური ნიშნით გადასახლებული მრავალი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის იოსებ სტალინი.

 

1906 წელს ალექსანდრე გადასახლებიდან თბილისში ჩავიდა და მუშაობა დაიწყო „კავკაზისა“ და „ნოვაია რეჩის“ რედაქციებში, სადაც აქვეყნებდა რუსულ ენაზე დაწერილ ლექსებს. 1910 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ქართული ლექსი „შავი აჩრდილი“, ხოლო 1913 წელს გამოიცა ლექსების პირველი კრებული „მზის სიცილი“, რომლის ძირითადი თემა იყო მზის კულტი... პოეტი არაერთ ნაწარმოებში უმღერდა მზის სიდიადეს... ის კი არადა, ბესარიონ ჟღენტი ალ აბაშელს „მზის მომღერალს უწოდებდა.

 

„დროს წაართვა ძლევის კვერთხი

და დათრგუნა მით სიკვდილი!

ნეტავ იმას, ვისაც ესმის

აღმაფრენი მზის სიცილი.“

 

საინტერესო ფაქტია, რომ 1911 წელს ალ. აბაშელმა მონაწილეობა მიიღო კონკურსში საუკეთესო ქართული ლექსის გამოსავლენად. კონკურსის წევრები იყვნენ: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, კიტა აბაშიხე და იაკობ ნიკოლაძე. კონკურსში ალ. აბაშელი „სატურნის“ ფსევდონიმით მონაწილეობდა და მისმა ლექსმა „მზე“ გამარჯვება და ფულადი პრემიაც დაიმსახურა. მხოლოდ 6 თვის შემდეგ გაირკვა, რომ "სატურნი“ სწორედ ალ. აბაშელი იყო. პრემია პოეტს თვით დიდმა აკაკიმ გადასცა, რომელსაც აბაშელმა რამდენიმე ლექსი უძღვნა, ხოლო 1915 წელს, საჩხერეში აკაკის დაკრძალვის დღეს, საკუთარი ლექსით გამოეთხოვა დიდ პოეტს:

 

„დგას საქართველო ოქროს თასივით,

შენი ლექსების ნექტარით სავსე...“

 

1920-იანი წლებიდან ალ. აბაშელის შემოქმედებაში გაჩნდა ზემოხსენებული ბურჟუაზიულ-დეკადენტური მოტივები, რაც რუსული სიმბოლისტური პოეზიის გავლენით მოხდა. მის ლექსებს უკვე დაჰკრავდა მისტიურობის ელფერი, ხოლო პესიმიზმი და სინამდვილისგან გაქცევის მცდელობა ლაიტმოტივად გასდევდა მთელ მის იმდროინდელ შემოქმედებას. ვგიჟდები, ისე მომწონს ალ. აბაშელის ლექსში - „განთიადის მოლოდინში“ გაბნეული ალიტერაციები:

 

„გამაგრდი გულო! მსურს გავაბნიო

მთით მონაბერი შავბნელი ნისლი!

სსსსს... სისინებს სიო,

შშშშშ... შრიალებს ნისლი...“ ან

„ნისლის ნაკვთი ნარნარ ნიავს

ჩამქრალ ჩრდილად ჩაჰკვდომია,

ბუჩქნარ-ბაღში ბროლ-ბილილას

მწვანე მოლი მოჰფენია...“

 

1930 წელს აბაშელმა დაწერა პირველი ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა „ქალი სარკეში“, ხოლო 1959 წელს გამოქვეყნდა მისი „ატმის ყვავილი“. ალექსანდრე აბაშელმა ასევე დაწერა რომანი „ირმა“, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა.

 

ალექსანდრე აბაშელმა მრავალმხრივ საინტერესო გზა განვლო და 70 წლის ასაკში გარდაიცვალა - 1954 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე - ეკატერინა ბრაილოვსკაია.

 

და ამ სტატუსს კვლავ მისი სიტყვებით დავასრულებ:

 

„მშვიდობით ჩემო საყვარელო მელანქოლია,

შენზე უტკბესი მეგობარი მე არ მყოლია.“

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220248927193138

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი