logo_geo
„მიყვარს ფოტოგრაფირება, რადგან სიცოცხლე მიყვარს...“ - 1906 წლის 14 აგვისტოს ჰორსტ ბორმანი დაიბადა
- +

14 აგვისტო. 2019. 19:53

 

„მიყვარს ფოტოგრაფირება, რადგან სიცოცხლე მიყვარს...“

 

1906 წლის 14 აგვისტოს დაიბადა ამ სიტყვების ავტორი, წარმოშობით გერმანელი და სულით პარიზელი უცნობილესი ამერიკელი ფოტოგრაფი ჰორსტ ბორმანი, რომელსაც სრულიად მსოფლიო და ფოტოხელოვნების მოყვარულნი ჰორსტ პ. ჰორსტის სახელით იცნობენ. იგი ხელოვნების ისტორიაში შევიდა, როგორც მე-20 საუკუნის უდიდესი ხელოვანი, რომელსაც „მოდური ფოტოგრაფიის ღმერთი“ უწოდეს.

 

ჰორსტ პ. ჰორსტი დამსახურებულად ითვლება ფეშნ-ფოტოგრაფიის ფუძემდებლად. 60-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე იგი იქცა ლეგენდარულ ფიგურად, ხოლო მისი ნამუშევრები - ელეგანტურობის, სტილისა და ნატიფი გემოვნების სიმბოლოდ.

 

ჰორსტის ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო 1932 წელს, პარიზში და ეს ფაქტი ფართოდ გააშუქა „The New Yorker“-მა, რის შემდეგაც ჰორსტის სახელი მსოფლიომ გაიცნო. იმავე წელს მან შექმნა ბეტტი დეივისის, ლუკინო ვისკონტის, ელზა სკიაპარელლის და სხვა მრავალი გამოჩენილი ადამიანის, მათ შორის პრინცესა ნატალი პეილის (იგივე ნატალია პალეის) და საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარინას პორტრეტები. ამ ორი დიდებული ქალბატონიდან პირველი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის შვილიშვილი, მეორე კი იმავე იმპერატორის შვილთაშვილი იყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი უდიდესი გერტრუდ სტაინის პორტრეტს, რომელიც მაშინაა გადაღებული, როდესაც იგი ცნობილ ფეშნ-ილუსტრატორს - კარლ ერიქსონს პოზირებდა.

 

1937 წელს ჰორსტმა დაიქირავა სტუდია ნიუ-იორკში და მალევე გაიცნო კოკო შანელი, რომელსაც გემოვნებიანმა ფოტოხელოვანმა „ყველას და ყოველივეს დედოფალი“ უწოდა. იგი 30 წლის მანძილზე იღებდა კოკოს შექმნილ საოცარ შედევრებს და მის ფანტასტიურ მოდელებს. პარალელურად, ჰორსტი თანამშრომლობდა სხვა მოდელიერებთანაც, მათ შორის განუმეორებელ ელიზა სკიაპარელლისთან.... ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რისთვისაც ჰორსტს ზემოხსენებული ტიტული „მოდის ფოტოგრაფი“ უწოდეს.

 

1943 წელს ჰორსტმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო, ეროვნულ არმიაში ჩაეწერა და სამხედრო ფოტოგრაფიც გახდა. ამასთან, ჰორსტი დაუმეგობრდა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს და მისი და აშშ-ის სხვა პრეზიდენტებისა და მრავალი პირველი ლედის, მათ შორის ჟაკლინ კენედის პორტრეტები შექმნა... 60-იან წლებში, „Vogue“-ის რედაქტორის რჩევით, ჰორსტმა დაიწყო ელიტის წარმომადგენელთა ექსკლუზიური ფოტოების შექმნა, რომელთა შორის იყვნენ გლორია გინესი, ბარონესა პალინა როტშილდი, ჰერცოგი და ჰერცოგინია უინდზორები, ოსკარ დე ლა რენტა, ენდი უორჰოლი, ივ სენ-ლორანი, ემილიო პუჩჩი, პალომა პიკასო, სალვადორ დალი... ჰორსტს განსაკუთრებით უყვარდა ქალების გადაღება და მის სტუდიაში ხშირად ხედავდნენ ულამაზეს მარლენ დიტრიხს, გრეტა გარბოს, ვივიენ ლის, ჯოან კროუფორდს, რომლებიც სიამოვნებით „ხვდებოდნენ“ დიდი ფოტოგრაფის ობიექტივში. ჰორსტის ფოტოები იბეჭდებოდა „Vogue“-ში „Harpers“-ში, „Quee“-ში, „House and Garden“-ში და ა.შ. ჰორსტი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში შესულს მხედველობა სერიოზულად დაუქვეითდა.

 

თანამედროვე პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის ჰორსტის ფოტოები დღესაც კი ოქროს სტანდარტად და ეტალონად მიიჩნევა, ხოლო მისი მრავალი ფოტოს ფასი 10 ათასი აშშ დოლარიდან იწყება...

 

93 წლის ლეგენდარული ჰორსტ პ. ჰორსტი გარდაიცვალა 1999 წელს.

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220240604465075

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი