logo_geo
ჯაბა ხუბუა: ლევან ბერძენიშვილის ავტოგოლები
- +

ავტორი ჯაბა ხუბუა

5 სექტემბერი. 2019. 12:19

 

კახა კალაძე ავტოგოლების გამტანი კაციაო - იქედნურობს ქართველი ლიბერალების გურუ ლევან ბერძენიშვილი.

 

ავტოგოლი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ეს ფარსაგი საქმე კალაძეზე დიდ ფეხბურთელებსაც ბევრჯერ დამართნიათ, თანაც, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრინციპულ მატჩებში, ვიდრე კალაძის შემთხვევა იყო.

 

კალაძეს საფეხბურთო ფორტუნამ ერთ თამაშში ენა ორჯერ რომ გამოუყო, ეს მოსატანიც არ არის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის უნიკალურ ისტორიასთან, რომელიც კახიმ ევროპის ჩემპიონთა თასის ორჯერ აღმართვით დაწერა.

 

ეს, რა თქმა უნდა, კარგად იცის ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც ფიზიკურ გასიებას კი მოერია, მაგრამ პოლიტიკური ბოღმით გასიებულ საკუთარ სულთან ვერა გააწყო რა, თავის გაკურდღლებულ სულთან, როგორც თვითონ წერს საბჭოთა უშიშროებისათვის გაშვანშვალებულ მონანიებაში.

 

კალაძის პასივში ორი ავტოგოლია, რომელსაც საქართველოს ბედი, არც ისე და არც ასე, არ გადაუწყვეტია და არც ქართული ფეხბურთისათვის უვნია, მაგრამ ეს ლევან ბერძენიშვილი და მისი ძმა მთელი ცხოვრება საქართველოს კარში ავტოგოლების გატანით რომ არიან დაკავებული?

 

ბერძენიშვილებმა ჯერ იქიდან დაიწყეს თავიანთი ავტოგოლობია, კრემლს პუტჩის მოსაწყობად და დამოუკიდებელი საქარველოს აკვანში ჩასაკლავად იდეოლიგიური საფუძვლის მომზადებაში რომ ეხმარებოდნენ და ჯერაც არ დაუმთავრებიათ: სააკაშვილის მიერ ათასგზის გათახსირებულნი და რუსეთის შპიონებად გამოცხადებულნი დღეს სააკაშვილის პარტიას ეტორღიალებიან. ასე გასინჯეთ, „კაგებეშნიკ“ გრიშა ვაშაძესაც კი დაუჭირეს მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ვითომ მედასავლეთე მეავტოგოლეებმა.

 

კიდევ, იცით, რა განსხვავებაა კალაძისა და ბერძენიშვილ(ებ)ის ავტოგოლებს შორის? ის ერთი გამონაკლისი შემთხვევა კალაძის საფეხბურთო კარიერასთან ერთად დამთავრდა და ამათ მიერ საქართველოს კარში ავტოგოლების გატანა არა და არ მთავრდება. ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და ბერძენიშვილ(ებ)ის ანტიქართული მავნებლობა, თუმცა, პირველში მთლად ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.

 

 

 

big_banner
არქივი