logo_geo
1946 წლის 5 სექტემბერს ფრედი მერკური დაიბადა
- +

5 სექტემბერი. 2019. 14:21

 

 

სწორედ ამ დღეს, 1946 წლის 5 სექტემბერს, ინდოეთის ოკეანეს კუნძულ ზანზიბარას ქვის ქალაქში დაიბადა ფარუჰ ბალსარა, რომელსაც ყველა ვიცნობთ, როგორც სპარსული წარმოშობის, სიმღერების ავტორსა და როკ-ჯგუფი „Queen“-ის ვოკალისტს... სხვათაშორის სახელი ფარუჰი ნიშნავს - მშვენიერს...

 

2002 წელს ფრედიმ 100 უდიდესი ბრიტანელის რეიტინგში, 58-ე ადგილი დაიკავა; 2008 წელს ჟურნალმა „Rolling Stone“ მას ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტების სიაში მე-18 ადგილი გამოუყო...

 

გამოცემა „Allmusic“-მა კი დაახასიათა, როგორც ერთერთი უდიდესი როკ-მომღერალი და მუსიკის მთელ ისტორიაში ერთერთი უძლიერესი ხმის მფლობელი...

 

სავარაუდოდ მაპატიებთ, მაგრამ დღეს ფრედის ბიოგრაფიული დეტალების გაშლა არ მინდა...

 

უფრო მეტად მსურს ის ცოტა სხვა მხრიდან წარმოგიდგინოთ...

 

ამიტომ უბრალოდ, შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს მისი ცხოვრებიდან და მის საინტერესო გამონათქვამებს...

 

ბევრმა არ იცის, რომ მომღერალს ჰქონდა ბაკალავრის ხარისხი ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში და სწორედ ეს ცოდნა გამოიყენა მან მომავალში, ჯგუფი „Queen“-ის ემბლემის შექმნისას.

 

ერთხელ განაცხადა, - „მართალი გითხრათ, სერიოზულად ვფიქრობდი, რომ გავხდებოდი ფერმწერი და ილუსტრატორი, მაგრამ რა კარგია, რომ გადავიფიქრე!“

 

ფრედი ყოველთვის იძახდა, რიმ „იმ საქმეში, რომელსაც ემსახურები, უნდა იყო პირველი და როცა გახდები ყველაზე უკეთესი, მეორე ადგილს ვეღარ აიტან“...

 

ჩემი აზრით, მან სწორედ ამიტომ არჩია მუსიკა...

ნამდვილად იცოდა, რომ აქ პირველი იქნებოდა...

 

ერთხელ მან თქვა - „მე არ მჯერა ასტროლოგიის, მე მჯერა მხოლოდ საკუთარი ქარიზმის“...

ქარიზმა კი ჰქონდა ქარიზმული.

თანაც უხდებოდა და არავის არ აღიზიანებდა...

 

ერთხელ, ლონდონის სასტუმროში აბაზანას იღებდა და უცებ იგრძნო, რომ შიგნიდან აწვება მუსიკა წყალივით ამოხეთქვას ცდილობს...

 

მუზა რომ არ დაეკარგა, სასწრაფოდ გადაურეკა სასტუმროს ადმინისტრატორს და თხოვა, მისთვის აბაზანაში როიალი შემოეგორათ...

 

რის შედეგადაც შეიქმნა მისი ჰიტი „Crazy Little Thing Called Love“...

 

ფრედი იყო ძალიან სპორტული... ვარჯიშობდა კრივში, თამაშობდა ჰოკეის, დარბოდა მოკლე დისტანციებზე, 10 წლის ასაკში მოიგო სკოლის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში...

 

საერთოდ, ძალიან მოძრავი იყო და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა...

 

სერიოზულად იყო დაინტერესებული ფილატელიით და მისი მარკების საკმაოდ მდიდარი კოლექცია დღესაც გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში...

 

უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით კი კატები... მის სახლში 10 კატაზე ნაკლები არასდროს არ ცხოვრობდა...

 

სხვათაშორის, თავისი პირველი სოლო ალბომი კატებს მიუძღვნა... უფრო მეტიც, გასტროლებიდან ტელეფონით ესაუბრებოდა...

 

ფრედი ყოველთვის იმეორებდა, რომ არ მოსწონს საკუთარი კბილები, მაგრამ ცოცხალი თავით არ მიდიოდა სტომატოლოგთან...

 

რატომღაც ეგონა, რომ ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევდა მისი ხმის შეცვლას...

 

1979 წელს ფრედიმ აისრულა თავისი დიდი ხნის ოცნება და გამოვიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ბალეტთან ერთად. ამ წარმოდგენისთვის შეარჩია შესანიშნავი სიმღერა „Bohemian Rhapsody“...

 

1980 წელს მერკურიმ შეიცვალა იმიჯი - მოკლედ შეიჭრა თმა და მოიზარდა ულვაშები...

 

1983 წელს ფრედი დაესწრო ვერდის ოპერა „მეჯლისი-მასკარადს“, სადაც პირველად მოუსმინა განუმეორებელ მონტსერატ კაბალიეს და მისმა ხმამ ფრედიზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა...

 

მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გავა დრო და ამ ესპანელ ქალბატონთან ერთად შეასრულებდა „ბარსელონას“ და რომ კაბალიე მისი ნამდვილი და გულწრფელი მეგობარი გახდებოდა...

 

1985 წლის 3 ივლისი გახდა განსაკუთრებული დღე „Queen“-ისთვის და ფრედისთვის... ამ დღეს შედგა გრანდიოზული კონცერტი უემბლის სტადიონზე, რომელსაც დაესწრო 75 ათასი მაყურებელი და გამოდიოდნენ ელტონ ჯონი, პოლ მაკარტნი, დევიდ ბოუი, სტინგი, „Black Sabbath“, „U2“ და „Queen“, რომლის გამოსვლა ერთერთ საუკეთესოდ აღიარეს...

 

კონცერტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა, რომელზეც იყო გამოსახული მერკური და რომელმაც, ბუნებრივია, მის კოლექციაში საპატიო ადგილი დაიკავა...

 

გასაკვირია, მაგრამ სწორედ მაშინ, ფრედიმ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამძიმებს მისი სცენური სახე და რომ ძალიან ძნელია მართლაც დიდ წარმატებას რომ მიაღწევ, დაუმტკიცო იმ ხალხს, ვინც გვერდით გყავს, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ...

 

ფრედის ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავდა...

ერთერთი იყო პრინცესა დი... ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და „ხულიგნობდნენ“ კიდევაც...

 

დიანა იცვამდა მამაკაცის ტანსაცმელს და ფრედისთან ერთად გეი-კაფეებში დადიოდა...

 

ფრედი თვლიდა, რომ მისი საუკეთესო სიმღერა იყო „Somebody to Love“.

ძალიან უყვარდა ყვითელი ფერი და საერთოდ არ კითხულობდა წიგნებს...

 

1991 წელს მან მიიღო გადაწყვეტილება და სახალხოდ გამოაცხადა, რომ დაავადებულია შიდსით...

 

მან უარი განაცხადა მკურნალობაზე დ იღებდა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს, როდესაც ტკივილი მართლაც გაუსაძლისი ხდებოდა...

 

გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე, მერკური შეხვდა თავის მენეჯერს, ჯიმ ბიჩს იმის მოსალაპარაკებლად, თუ რა ბედი ეწევა მის მუსიკალურ მემკვიდრეობას...

 

ფრედიმ განაცხადა - „რაც გინდათ, ის უქენით ჩემს გამოსახულებას, მუსიკას... თუ გინდა რემიქსები შეჰქმენით, - სულერთია. მთავარია, რომ მე „იქ“ არ მოვიწყინო“...

 

1991 წლის 24 ნოემბერს, ფრედი მერკური გარდაიცვალა, 45 წლის ასაკში...

 

ჯგუფი „Queen“-ის მონაწილემ, როჯერ ტეილორმა თქვა - „არავინ არ იცნობდა ფრედის. ცხოვრებაში ის იყო მორცხვი, ფაქიზი და კეთილშობილი. ის სინამდვილეში სულ არ ჰგავდა ფრედის სცენაზე“...

 

სხვათაშორის, მე ამას ყოველთვის ვგრძნობდი... ვიცოდი, რომ მისი ეპატაჟის უკან, რომელიც თავდაცვისთვის სჭირდებოდა, დიდი გულწრფელობა და უზარმაზარი გულია...

 

სხვა შემთხვევაში ასეთ სიმღერებს უბრალოდ ვერ დაწერ და ასე ვერ იმღერებ...

 

ბოლოს მინდა დავასრულო ფრედის სიტყვებით -

 

„მე არა მაქვს იმედი, რომ ვიცოცხლებ სიბერემდე და არც არანაირი სურვილი არა მაქვს 70 წლის ასაკს მივაღწიო. ეს ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. მე მოვკვდები გაცილებით ადრე და დავიწყებ ახალ ცხოვრებას სულ სხვა ადგილას, სადაც გავაშენებ ბროწეულის ხეებს“...

 

ეს რომ წავიკითხე, გარეთ გავედი, აივანზე და ჩემს ბროწეულს ჩავეხუტე...

რა იცი, იქნებ აქაური და იქაური ბროწეულები ურთიერთობენ...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი