logo_geo
გრიგოლ ფერაძე - 120
- +

6 სექტემბერი. 2019. 19:58

 

31 აგვისტო, ახალი სტილით, წმ. გრიგოლ ფერაძის დაბადების დღეა, იგი 120 წლის შესრულდებოდა. საქართველოს ეკლესია ამ თარიღს აღნიშნავს 13 სექტემბერს, წელს კი 11-13 სექტემბერს თბილისსა და ბაკურციხეში მის სახელზე ტარდება საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ და კონფერენციის მონაწილენი ამ დღეს ეწვევიან მის მშობლიურ სოფელს - ბაკურციხეს.

 

 

3 წლის წინ საქართველოში მის სახელზე ერთადერთი ხელშესახები „ძეგლი“ იყო მისი მშობლების სახლის ნანგრევები ბაკურციხის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში (იხ. ფოტო 1).  დღეს მისი დაბადების დღეს, წმ. გრიგოლ ფერაძის კავშირი (საზოგადოება) წელგამართული ხვდება ამ თარიღს, რადგანაც უკვე ბევრი რამ გაკეთდა მის სიცოცხლეში აუსრულებელი ოცნების ხორცშესასხმელად - ღირსეულად დაბრუნებულიყო სამშობლოში.                      

 

მინდა, საზოგადოებას სიხარულით და მადლიერებით ვაუწყო, რომ ამ საქმეში ნიშანდობლივია ოთხი ილიას დამსახურება.               

 

 

 

პირველია - ილია მეორე - მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სწორედ მისი მოწადინეობით მოხდა 1995 წელს გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა.                             

 

მეორეა - ილია დარჩიაშვილი - ამჟამად საქართველოს ელჩი პოლონეთში - მაშინ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, მისი შემწეობით მოხდა ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის აშენება.                                                                                        

 

მესამე - ილია ფერაძე - წმ. გრიგოლ ფერაძის კავშირის (საზოგადოების) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი აქტიურობით დაიდგა თსუ-ში გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა და ბაკურციხეში გაიხსნა წმინდანის სახლ-მუზეუმი.   

 

 

 

 

მეოთხე ილია - არქიმანდრიტი ილია მარგველაშვილია - მისი მეცადინეობით, ტაბახმელის თავზე, ქართველი იუნკრების მემორიალის სიახლოვეს, სადაც სხვებთან ერთად იბრძოდა გრიგოლ ფერაძე და მისი ორი ძმა, 1921 წელს საქართველოში შემოჭრილი კომუნისტური ურდოების წინააღმდეგ, დაბა ჩერონში გრიგოლ ფერაძის სახელზე შენდება დიდებული ტაძარი!

 

       

საქართველო ვალშია გრიგოლ ფერაძის წინაშე! და პირველი ეკლესიის მშენებლობა მის სახელზე სამშობლოში, დამაგვირგვინებელი მოვლენაა მისთვის პატივის მისაგებად. 

 

ახალგაზრდა, ენერგიით სავსე არქიმანდრიტ ილია მარგველაშვილის და მისი მხარდამჭერების მოწადინეობით, დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს უბრალო ტაძარი არ იქნება, არამედ აქ იქნება გრიგოლ ფერაძის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრი. უკვე არის ბიბლიოთეკა, ბავშვთა ოთახი, კელიები, სატრაპეზო... გრიგოლ ფერაძის კავშირს დიდი იმედი აქვს, რომ თავად წმინდანის შეწევნით, ტაძარი მალე დასრულდება და მადლობას სწირავს ყველას, ვინც მხარში უდგას არქიმანდრიტ ილია მარგველაშვილს ამ დიდებული საქმის დაგვირგვინებაში - ღირსეულად დავაბრუნოთ წმინდანი მის მშობლიურ მიწაზე, რომელსაც ბედის უკუღმართობით სიცოცხლეში არ ეღირსა ამ ოცნების ასრულება და რომლის ხანმოკლე ცხოვრების ყოველი დღე ემიგრაციაში სამშობლოს ეძღვნებოდა, რომელმაც დაგვიტოვა 70-ზე მეტი მნიშვნელოვანი  ნაშრომი სხვადასხვა ენებზე, გამოქვეყნებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ბოლოს, შეასრულა ქრისტიანი ადამიანისათვის უმაღლესი საქციელი - საკუთარი სიცოცხლე, 43 წლის ასაკში, მსხვერპლად გაიღო მოყვასისათვის.

 

წმიდა გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი, დოქტორი რომანოზ ფერაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი