logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ხუთასი წელიც რომ ვიცოცხლო, „ნაციონალებს“ და მათ „ასკოლკებს“ ყოველთვის ვეტყვი არას, იმიტომ, რომ...
- +

6 სექტემბერი. 2019. 21:45

 

ვინც დღემდე ისევ ხილვებშია, რომ აქ, ამ ქვეყანაში შეიძლება ისევ მიშა მოვიდეს და მბრძანებელი გახდეს, ვინც დღესაც ხელებს პარჭყავს და კითხვებს სვამს, ვისაც ჰყოფნის თავხედობა სამართლიანობაზე ილაპარაკოს და ვინმეს პასუხი მოსთხოვოს, იმათ გასაგონად მინდა, ვთქვა - ხუთასი წელიც რომ ვიცოცხლო, „ნაციონალებს“ და მათ „ასკოლკებს“ ყოველთვის ვეტყვი არას, იმიტომ, რომ კოშმარივით მახსოვს:

 

ტელედაჭერები, გავეშებული პრეზიდენტის განცხადება - ყველანი ციხეში, დეკემბრის თოვლიან დღეს ფოთიდან უკრაინაში თავშესაფრის საძიებლად გაპარებული კაკო...

 

უძილო ღამეები, ფორიაქი, მარტოობა, გაურკვევლობა, შიში...

 

ვაკოს დაუსრულებელი კითხვები - მამა სადა?

 

მერე ჩემი ძმის დაბარებები პროკურატურაში, სრულიად უდანაშაულოსთვის ბრალის წაყენება, სახლის დაყადაღება, ნერვიულობაზე მხედველობადაკარგული დედა, ლამის კაპიკ-კაპიკ შეგროვებული საპროცესო გარიგების თანხა, უმუშევრად დარჩენილი სამი მცირეწლოვანი შვილის მამა, უნუგეშობა, თან როცა ყველა გემალება, ყველას საკუთარი გასჭირვებია...

 

მერე ჩემი ოჯახის ტრაგედია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნაც. ხელისუფლების „ხელშეწყობით“ დატრიალდა.

 

მერე სამსახურიდან ჩემი დათხოვნა (ნაც. დოქსოპულომ, რომელმაც ჩემს კითხვას, თუ რატომ მიშვებდა, ასე უპასუხა - იმიტომო!)

 

ჩურჩულით ამოთქმული და ხშირად შიშით ვერთქმული სათქმელი, დაუსრულებელი განსაცდელები, უპასუხო კითხვები, მახსოვს ნაცკოორდინატორი, რომელმაც რის ვაივაგლახით შეძენილი კაპიტალური ავტოსადგომის დანგრევა დაიწყო, ვკითხე - ლამაზი შენობაა, ხედს არ აფუჭებს, არავის არაფერს უშლის და რატომ მინგრევთ-თქო? პასუხი მოკლე იყო - ნერვებს გვიშლისო და ზუსტად ერთ საათში მტვრად აქცია იქაურობა!

 

მახსოვს 7 ნოემბერი, 26 მაისი, თავგაჩეხილები, ასფალტზე ტყვეებივით დაყრილი ქართველები, დასისხლულები შეურაცხყოფილები, ვერგაქცეულები, მახსოვს ცოცხები და შემზარავი ხმები...

 

მახსოვს 2008 წელი, მახსოვს გორში უპატრონოდ, ყვითელი ავტობუსის მძღოლის ამარა მიტოვებულ რეზერვისტები, ცეცხლმოკიდებულ ქალაქში ბიჭების მოსაძებნად ვიღაცის სარდაფებში ძრომიალი...

 

მახსოვს დაუჩოქებელი, დახვრეტილი ბიჭები და მედლებჩამოკიდებული ცოცხლები!

 

მახსოვს მოდელირებული ქრონიკა და მახსოვს საპიარო სიუჟეტები, ყველაფერი მახსოვს და ჩემი ხმა ყოველთვის იმის წინააღმდეგ იქნება, რაც იყო, რაც აღარ მინდა განმეორდეს!

 

ნუღა გვეჩრებით, ისედაც დარდის და ტკივილის ბურთი გვაქვს ყელში გაჩრილი და უნდა უნდა დასრულდეთ რადგან ეს, რაც ახლა დავწერე, ზღვაში წვეთია და მხოლოდ ჩემს თავს არ ყოფილა, თქვენ, „გაკეთებულის“ მიუხედავად ერთ დიდ განსაცდელად მოევლინეთ ქვეყანს და ნუ გაიკვირვებთ, პასუხს რომ მოგთხოვენ!

 

რომ არა „ოცნების“ კოჰაბიტაცია კი არა და, დოყლაპიობა, ნანაცარი კაცები (და ქალები) როგორ უნდა ბედავდნენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას, სამართლიანობაზე განცხადებების გაკეთებას, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად „ხვანცალს“. ახლა ციხე ზოგიერთისთვის სამოთხეა, აი, იმ ციხის და თქვენგან განწირული ადამიანების გეშინოდეთ, ამ წუთისოფლიდან გასვლის მერე პასუხს რომ მოგთხოვენ იქაურ სამსჯავროზე...

 

P.S… და მთავარი, ლამის გამომრჩა. მახსოვს სასოწარკვეთილმა მამაოს დავურეკე და ყველა ამ განსაცდელზე დავიწყე მოყოლა, მამაომ გამაჩუმა და მითხრა - კარგი, არ გინდა, იქნებ გვისმენენო და მივხვდი, ჩემს სულიერებასაც საყრდენი ეყანყალებოდა…

 

და დღეს, ამას რომ ვწერ და თქვენც, პატივცემულო ნანაცარო ობიექტებო, ადამიანებს ტელეეკრანებიდან თუ პარლამენტის ტრიბუნებიდან ლამის აფურთხებთ და ათასი უშვერი სიტყვებით „ამკობთ” დიახ, ამ ხელისუფლების ლოიალობის ბრალია და უუხ, ერთი მიშა რას მოგიხდებოდათ, დაგასხიპავდათ მაგ უნამუსო თავებს…

 

და ერთიც - მე ახლა, ამ ერთხელაც უნდა დავიჯერო - ყველაფერი კარგად იქნება! მეტი გამოსავალი არაა, მეტი გზა არა, არც მეტი დროა და არც სხვა სამშობლო არ გამაჩნია! კი, რუსეთი ოკუპანტია!

 

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

big_banner
არქივი