logo_geo
31 აგვისტოს ნანი ჩიქვინიძის დაბადების დღეა
- +

30 აგვისტო. 2019. 23:33

 

 

მსახიობის პორტრეტი რეჟისორულ ინტერიერში

(გამოქვეყნებულია ჟურნალ „ცისკარში“ - #2, 2019)

 

ხვალ ნანი ჩიქვინიძე იუბილარია. „ცისკრის“ მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა ამირან გომართელმა მთხოვა, იუბილე რედაქციის სახელითაც მივულოცო. ამ თხოვნას სიამოვნებით ვასრულებ. ვუსურვებთ მსახიობს ახალ შემოქმედებითს წარმატებებს და „ყველა სიკეთეს, რაც არსებობს დედამიწაზე“...

 

***

ნანი ჩიქვინიძე.

აი, ვინ მოდის ბავშვობიდან!

რამდენი გული შეურხევიათ მისგან განსახიერებულ ბავშვებს?!

მახსოვს, რა დამემართა, პირველად რომ „მაგდანას ლურჯა" ვნახე.

„დედი, აი, აქ იწვა ჩვენი ლურჯა"...

გამაოცა თამაშის ბუნებრიობამ.

როცა წლების შემდეგ ისევ ვნახე, ახლა უკვე სულ სხვა რამემ მომნუსხა: როგორ შეეძლო ამ პატარა არსებას, ესოდენ ღრმა განცდით გამოეხატა დიდი იმედი, გაუბედავი ჩურჩულით წარმოთქმული ერთი ფრაზა რომ იტევდა: „დედი, გიგო პაპა მოვიდა"...

ადვილად მიხვდებოდით, რომ ეს სასამართლოს ეპიზოდია.

***

ახლა - „სხვისი შვილები?!"

ბოთლებს რომ აბარებენ, დეიდა ნატოსთვის საჩუქრის საყიდლად?!

პირდაპირი მნიშვნელობით, ყელგამოწვდილი რომ ეხვეწება:„მიიღე რა, ძია, მიიღე რა, ძია"

***

რომელ ბავშვს არ უოცნებია მსახიობობაზე?!

ნანი ჩიქვინიძეს ოცნებაც აღარ დასჭირდებოდა.

მხოლოდ იმას თუ ინატრებდა, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში რომ მოხვედრილიყო...

არსებობს ერთი მართლაც უნიკალური ფოტო:

შუაში ზის თუმანიშვილი, აქეთ - იქით კი - ნანა ჩიქვინიძე და მარინა ჯანაშია.

დიდრონი, მეტყველი თვალებით.

თითქოს, სარკეა დიდი მაესტრო.

ესენი კი(ერთიც და მეორეც), ამ „სარკეში", თითქოს, საკუთარ ორეულებს შესცქერიან.

ალბათ, ასეთი ჩანაფიქრიც ჰქონდა დიდ მაესტროს.

მაესტროებს რას გაუგებ?!

იმ ფოტოზე უკვე ილანდებოდა ორი ბედნიერი და წარმატებული შეგირდი.

***

წლების შემდეგ, თემურ ჩხეიძე მეტყვის: ვერაფრით ვაკავშირებ ნანას, უკვე ჩემს მეუღლეს, „მაგდანას ლურჯასა" და „სხვისი შვილების" პერსონაჟებთან. ისინი იქ დარჩნენ, ხელშეუხებელნი"...

ამ ადვილად გასაგებ ნათქვამში იშვიათი სისუფთავე და სიწმინდეა.

სისუფთავე და სიწმინდე კი ის თვისებებია, ნანა ჩიქვინიძეს ბავშვობიდან დღემდე რომ მოჰყვება - ამ პატარა პერსონაჟებთან ერთად, „ბავშვობის დავიწყების უფლებას რომ არ აძლევენ.“

თემურ ჩხეიძის მეუღლეობა, რა თქმა უნდა, დიდი იღბალია, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად მომგებიანია ეს მსახიობისთვის.

ერთხელ ჰკითხეს: „როგორი მეუღლეა თემურ ჩხეიძე?“

პასუხი: „როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, რთულია, მაგრამ ბევრი კარგი თვისება აქვს და ეს ამ სირთულეს ანეიტრალებს.“

კიდევ კარგი, იმას ხვდებიან, რომ ასეთი შეკითხვა არ უნდა დაუსვან: „როგორი რეჟისორია თემურ ჩხეიძე?“

„ნანასთვის როლს მხოლოდ მაშინ ვიმეტებ, თუ ამ როლში ახლო - მახლო სხვა მსახიობს ვერ დავინახავ." - ა, ბატონო თქვენი თემურ ჩხეიძე!.

თვითონ მსახიობი დიდსულოვანი დანდობით ამბობს: „რამდენი როლი ხომ მათამაშა“...

დავით კლდიაშვილი გაგახსენდება: „ამაზედაც გმადლობ, უფალო!“

სამაგიეროდ, ცხოვრება თემურ ჩხეიძის გვერდით ცოტაა?!

ასეთ რეჟისორთან რამდენიმე შეხვედრაც კი გამდიდრებს და რაღაცას გასწავლის, მუდამ მის გვერდით ყოფნა, რა თქმა უნდა, მთელი სკოლა და აკადემია იქნება...

***

მაინც გამოუჩნდნენ ოპონენტები „ჯაყოს ხიზნების" დამდგმელს:

კი, მაგრამ სად ნანი და სად მარგოო?!

ნანას უსაზღვრო პატიოსნებასა და ერთგულებას გულისხმობდნენ.

თემურ ჩხეიძემ, ფსიქოლოგიური თეატრის რეჟისორმა, ისინი ადვილად მოიგერია: სწორედ ეგ მაინტერესებდა - ნანას ბუნების არტისტი როგორ მოახერხებდა მარგოდ გადაქცევასო...

შესანიშნავად მოახერხა და ეს სახე მის უდავო მიღწევად აღიარეს.

რა ბუნებრივი იყო ურმის სცენა, მაგრამ უფრო დიდ ეფექტს ამის შემდეგ მარგოს სახეცვლილების დამაჯერებელი ჩვენება იწვევდა.

რა მრავლისმთქმელი იყო საქანელაში მოკალათებული მარგოს ირონიული ღიმილი?!

რა იშვიათი გულწრფელობით გამოხატავდა მსახიობი თეიმურაზის მიმართ გაორებულ დამოკიდებულებას - გაღიზიანებასა და თანაგრძნობას.

ერთხელ ნანა ფაჩუაშვილმა, ვიდეოვერსიაში იმავე როლის ასევე ბრწყინვალედ შემსრულებელმა, ხუმრობით უსაყვედურა რეჟისორს, საკუთარი მეუღლე უფრო დაინდე და უხერხული სცენები აარიდეო. ქალბატონმა ნანამ, ცხადია, კარგად იცის სცენური ნაწარმოებისა და სატელევიზიო სპექტაკლის თავისებურებანი, მაგრამ აქ მაინც იყო სიმართლის მარცვალი. ოღონდ, ვფიქრობ, მარგო რეჟისორმა კი არა, თვითონ ნანი ჩიქვინიძემ „დაინდო.“

მსახიობს კარგად ესმოდა, რომ მარგო არა უბრალოდ პერსონაჟი იყო, არამედ მეტად მნიშვნელოვანი სიმბოლური სახე. თეატრის სცენა კი ამის ხაზგასმის მეტ შესაძლებლობას ქმნიდა.

აქ ესეც არის აღსანიშნავი:

მსახიობს ხშირად აიგივებენ წარმატებულ როლთან, გამორჩეული ოსტატობით შექმნილ სახესთან - დადებითთან თუ უარყოფითთან.

თემურ ჩხეიძის „ექსპერიმენტი“ და თვითონ ნანა ჩიქვინიძის პიროვნება ამგვარ გაიგივებას ძირშივე გამორიცხავდა.

***

საბედნიეროდ, ნანა ჩიქვინიძე სხვა დიდებულმა რეჟისორმაც დაინახა და უფრო მეტი საინტერესო სახე შეაქმნევინა.

ერთმანეთის მიყოლებით ითამაშა მედეა კუჭუხიძის სპექტაკლებში: „პრემიერა", „პროვინციული ამბავი", „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე"...

ეს ნამდვილი „ოქროს ხანაა" ნანა ჩიქვინიძის შემოქმედებითს ბიოგრაფიაში.

შეიძლება, ითქვას: ლალი როსებას პიესები იმიტომ დაიწერა, რომ მედეა კუჭუხიძეს დაედგა, პერსონაჟები კი ნანი ჩიქვინიძეს განესახიერებინა.

ესეც აუცილებლად უნდა ითქვას: ამ სპექტაკლებში, გამოჩენილი მსახიობები თამაშობდნენ: ელენე ყიფშიძე, გურანდა გაბუნია, ზანდა იოსელიანი, ნინო ჩხეიძე, იაკობ ტრიპოლსკი, ირაკლი უჩანეიშვილი, გიზო სიხარულიძე, კოტე მახარაძე... „პროვინციულ ამბავში“ შექმნა ოთარ მეღვინეთუხუცესმა სრულიად განსხვავებული, მკვეთრად სახასიათო სახე. ადვილი წარმოსადგენია, რა ბედნიერებას განიცდიდა მაყურებელი, რომელიც დიდ ტრაგიკოსს ერთ საღამოს ოტელოდ გარდასახულს ხედავდა, მეორე დღეს კი - პროვინციელი მსახიობის ლეო ვანელის თითქმის კომედიურ როლში.

****

„პრემიერაში“ნანი ჩიქვინიძე მსახიობობაზე მეოცნებე გოგონას თამაშობდა. ის სოფლიდან ჩამოდიოდა ქალაქში, ბიძასთან და დეიდასთან. დეიდა ყოფილი მსახიობი იყო, ბიძა - მოქმედი რეჟისორი. თავიდან ისე გამოიყურებოდა, რომ მის მსახიობობაზე ფიქრიც კი საკუთარ დეიდასაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა( „რას ამბობ, ქალო, რასაი ჰგამს?!“)...

მაგრამ როცა ლამაზად ჩააცმევდნენ და მორცხვობასაც დაძლევდა, რეჟისორი ბიძის წინაშე ისეთ ცეცხლს დაანთებდა, რომ ელენე ყიფშიძის პერსონაჟი აღტაცებით წამოიძახებდა: „ჯიში! ჯიში მაინც ჯიშია!“ამ ყველაფერს დაახლოებით „პიგმალიონის“ ეფექტი ჰქონდა - იების გამყიდველი გოგონა ნამდვილ არისტოკრატად რომ გადაიქცევა...

„პროვინციულ ამბავში“ უკვე მსახიობს თამაშობდა. ნანა ჩიქვინიძის პერსონაჟი(ზიზი) ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა უფროს დასთან(გურანდა გაბუნია), ვისი მეუღლეც(ოთარ მეღვინეთუხუცესი) დაუფარავად აცხადებდა: „ამ საქათმეში ორი მამალი ბევრია.“

წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. წვეთ - წვეთობით ივსებოდა მისთვის შედგმული სათლი და ზიზის სულში ზნეობრივი ჯანყიც თანდათან მწიფდებოდა.

***

როცა საყვარელ როლებზე ეკითხებიან(ასეთ ტრაფარეტულ შეკითხვებს მსახიობებს ყველა დროში უსვამდნენ), სწორედ ამ ორს ასახელებს - მარგოს და ზიზის.

ეს ბუნებრივია, რადგან სხვად ქცევა ამ ორ როლში ყველაზე სრულყოფილად შეძლო.

მარგო კიდევ ჰო, დასაწყისში მაინც ენათესავებოდა, მაგრამ ზიზი?! ის ხომ სრული ანტიპოდი იყო და მაინც როგორ თანაუგრძნობდა და ეხმარებოდა?!

 

***

თუ მარჯანიშვილის თეატრის სხვენს ესტუმრებით და „სასიყვარულო ბარათებს“ ნახავთ, ნანი ჩიქვინიძე დღესაც მოგხიბლავთ სხვად ქცევის ხელოვნებით.

სხვათა შორის, ეს სპექტაკლიც თემურ ჩხეიძის დადგმულია.

ამ როლშიც დაინახა და, საბედნიეროდ, იმ დროს ირგვლივ სხვა ვერავინ შენიშნა.

სხვათა შორის, ამ სპექტაკლს უკვე 25 წელია, წარმოადგენენ ნანი ჩიქვინიძე და გია ბურჯანაძე და მათ თამაშს ოსტატობის ზრდა უფრო ეტყობა, ვიდრე წლების მატება.

***

ბავშვობაში თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე იყვნენ მისი რეჟისორები.

თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის შეგირდი იყო.

ბედი თემურ ჩხეიძეს დაუკავშირა.

საუკეთესო სპექტაკლებში მანაც ათამაშა და მედეა კუჭუხიძემაც...

ჯვარი სწერია და შემთხვევით არ ეძახიან ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულს.

***

ამას წინათ დიმიტრი ხვთისიაშვილმა მითხრა, რამდენსამე თვეში ნანა ჩიქვინიძეს საიუბილეო თარიღი აქვსო.

თვითონ, თურმე, არ მალავს, მაგრამ აქ მაინც არ გავამხელ.

კიდეც რომ დავწერო, ისეთ ფორმაშია, შეცდომა გეგონებათ და სულ მცირე ათ წელს მაინც გამოაკლებთ.

უბრალოდ, ახალი როლები და წარმატებები ვუსურვოთ.

 

იოსებ ჭუმბურიძე

 

 

big_banner
არქივი