logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: 1960 წლის 8 სექტემბერს მშვენიერი და გულამდე ჩვენიანი ია ნინიძე დაიბადა!
- +

8 სექტემბერი. 2019. 15:15

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

(ცოტა დაგვიანებით, უინტერნეტობის გამო)

 

„ანა-ბანა, ანა-ბანა,

„წერომ“ ია მოგვიყვანა...

ანა-ბანა, ანა-ბანა,

ვის ჰყავს ია ჩვენისთანა!

 

სწორედ ამ დღეს, 1960 წლის 8 სექტემბერს დაიბადა მშვენიერი და გულამდე ჩვენიანი, ია ნინიძე, რომელიც მართლა გაზაფხულის იას გავს...

 

ზუსტად ვგრძნობ ხოლმე, როდის შეიძლება ქალბატონის ასაკის გამხელა და როდის არა...

 

ამ შემთხვევაში - შეიძლება, რადგანაც ია არც ერთ ასაკში არ კარგავს ხიბლს...

 

ყოველთვის საოცრად ლამაზია, ჰაეროვანი და კეთილმსურველი...

 

გასაკვირად პოზიტიური ადამიანია ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რაც სამწუხაროდ, გადაიტანა...

 

შესანიშნავად წრფელი ღიმილი აქვს...

ადამიანი ისე ლამაზად რომ იღიმება, რომ შუქი შემოაქვს და გათბობს...

 

ადამიანი ისე ლამაზად რომ სევდიანობს, შენ რომ არ გაწუხებს... და უბრალოდ ღრუბელს ეფარება...

 

ესე იგი მზიანი ადამიანია!

 

ყველას გვახსოვს, რომ იას დებიუტი შედგა გია დანელის ფილმში „არ იდარდო“...

 

როდესაც ის როლისთვის პირადად შეარჩია ბატონმა გიამ პიონერთა სასახლის საბალეტო სტუდიაში...

 

მოსულა ჯინსებიანი და ჯადოსნურ პრინცესებს რომ გადახედა, იაზე შეაჩერა მზერა და „ის პატარა გოგო მინდაო“...

 

ია ბატონ გიორგის - ნათლიმამას ეძახდა...

 

საინტერესოა, რომ მოულოდნელად, იამ კინოში თამაში არ ისურვა...

 

იმდენად უყვარდა ბალეტი, რომ გაკვეთილების გაცდენა არ უნდოდა...

 

მოკლედ, ძლივს დაითანხმეს...

სწორედ მაშინ, ფილმის ოპერატორმა განაცხადა - „პატარა ოდრი ჰეპბერნს გავსო“...

 

ჩვენ ეს ცოტა მოგვიანებით შევამჩნიეთ...

 

ხომ იცით, ოპერატორის პროფესიონალური ხედვა სულ სხვაა...

 

იას მეორე როლისთვის შერჩევა ფილმში „ვერის უბნის მელოდიები“, ასევე მოულოდნელად მოხდა...

 

ბალერინული გრაციის მიუხედავად, ის ძალიან ცელქი იყო და ერთხელ, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კიბით კი არ ჩამოდიოდა ნაზი ნარნარით, როგორც ბალერინებს ჩვევიათ და ეკადრებათ, არამედ მოაჯირზე მოსრიალებდა „ხულიგნურად“, ხოდა ხელში ჩაუვარდა გიორგი შენგელაიას მომავალი ფილმის „ვერის უბნის მელოდიები“, მეორე რეჟისორს, ქალბატონ რიმას...

 

თქვენც დამეთანხმებით, იას და მაია კანკავას დუეტი იყო არაჩვეულებრივი!

 

ძალიან უშუალოები იყვნენ, ნიჭიერები და მათი „გაპრანჭვის“ მომენტებიც ისეთი ბავშვურად გულწრფელი იყო...

 

ამ ფილმს მოყვა მიუზიკლი „ცის მერცხლები“, სადაც ია პარტნიორობას უწევდა ანდრეი მირონოვს, ლუდმილა გურჩენკის და ალექსანდრე შირვინდტს...

 

სხვათაშორის, თავიდან, მაიორ ალფრედ შატო-ჟიბიუსის როლზე დაამტკიცეს ვლადიმერ ვისოცკი, მაგრამ არ ეცალა და როლი ა.შირვინდტს შეხვდა...

 

ია იხსენებს, რომ როდესაც ანდრეი მირონოვმა ის პირველად დაინახა, ხუმრობით განაცხადა - „შეხედეთ ერთი, რა პატარაა და გაჩხიკინებული! მასთან რომაის გაბმაზე საუბარიც კი ზედმეტიაო!“...

 

გადაღებების დროს, ის უვლიდა იას, რომელიც კადრს მიღმა მას „ბიძია ანდრეის“ ეძახდა, დაყავდა სასადილოში და ფუნთუშებს აჭმევდა.

 

სწორედ ამ ფილმში ყველამ დაინახა, რომ ია მართლაც ძალიან-ძალიან ჰგავდა ოდრის...

 

საბჭოთა პრესაში მას „კინემატოგრაფიაში უეცრად შემოჭრილი მერცხალი ეწოდეს“...

 

მერე იყო თენგიზ აბულაძის ფილმი - მოვლენა - „მონანიება“...

 

სწორედ ამ ფილმში დავინახე ცოტა უფროსი, დახვეწილი და სერიოზული ია და გამიხარდა, რომ ადამიანი როცა იზრდება, თურმე, არ კარგავს მთავარ თვისებებს და რჩება ისევე ელეგანტური, ისევე თვალწარმტაცი, ისევე გულწრფელი ...

 

ია იხსენებს, რომ სწორედ თენგიზ აბულაძემ აღმოაჩინა „ის მისი ორი თვალი და ის სიღრმე“, რომელიც მასში მიმალული იყო...

 

მე დღეს არ მინდა საუბარი იმაზე, რამ ატკინა გული იას, რა სირთულეების გადატანამ მოუწია ცხოვრებაში...

 

ერთი ვიცი, ეს სრულიად დაუმსახურებელი იყო და უსამართლო...

 

ნამდვილად კარგი გოგოა, რომელიც იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს...

 

უზომოდ ნიჭიერია...

 

წარმოიდგინეთ, ქართველ ქალბატონს რომ ათამაშებენ ცნობილ ВГИК-ში რუსული თეატრის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან და „ლაკმუსურ“ როლს - ნინა ზარეჩნაიას ა.ჩეხოვის „თოლიაში“, რომელსაც თავის დროზე ასრულებდნენ ვერა კომისარჟრვსკაია, მარია როქსანოვა, ალისა კოონენი, ხოლო 1979 წელს ამ საპატიო ჩამონათვალს დაემატა მაია პლისეცკაიაც, შჩედრინის ბალეტით „თოლია“...

 

ეს ნიშნავს იმას, რომ „პაწია“ ქართულ აქცენტს ვერავინ ვერ ამჩნევს დიდი ქართული ნიჭის უკან...

 

ან კი, სწორედ ეს ქართული ნიუანსი და ემოციები განსაკუთრებულ პეწს და სითბოს ანიჭებენ რუსულ კულტურას...

 

ამიტომაც, თამარ წერეთლის და ნანი ბრეგვაძის შესრულებით რუსულ რომანსებს სულ სხვანაირი, ქართულად დახვეწილი ხიბლი სდევს...

 

სხვათაშორის, ამას რუსები ამბობენ, მე მხოლოდ ვიმეორებ.

 

ისევე, როგორც ყოველთვის ვიმეორებ - ჩვენ ტკივილამდე ნიჭიერები ვართ, მაგრამ ნიჭს გაფრთხილება ჭირდება... პეპელასავით უნდა მოუარო და... იასავით...

 

მინდა, დაბადების დღე მივულოცოთ ჩვენს საყვარელ და ძვირფას ია ნინიძეს, თავისი შესანიშნავი შვილებით და შვილიშვილებით (ერთი შვილის და ერთი შვილიშვილის ფოტო მოვიტაცე).

 

ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც გვერდში დაუდგა და მხარში ამოუდგა... მართლა მიყვარს ეს გოგო და დღეს უკვე შემდგარი მშვენიერი ქალბატონი...

 

თქვენ კი, გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ია ნინიძესავით, ცაში აფრენილ მერცხლიან დღეს!!!

 

https://www.facebook.com/lela.anjaparidze/posts/2371074216307646

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი