logo_geo
„ბედნიერება იმ სახლში შესვლას ამჯობინებს, სადაც კარგი განწყობა სუფევს“...
- +

9 სექტემბერი. 2019. 16:16

 

 

დღეს ცოტა უცნაურად დავიწყებ თხრობას...

 

წარმოიდგინეთ, დიდი ბრიტანეთის ელიტარული ლიცეუმი, რომელშიც ლექციას რუსულ ლიტერატურაზე კითხულობს ნობელის პრემიაზე 4-ჯერ წარდგენილი ვლადიმერ ნაბოკოვი (მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პრემიას ბლოკავდა ნობელის კომიტეტის წარმომადგენელი შვედეთიდან, რომანი „ლოლიტას“ „ამორალურობის“ გამო),...

 

ნაბოკოვი თხოვს სტუდენტებს, შუქის გამორთვას და ფარდებს ხურავს...

სრული სიბნელეა...

 

მერე კი ამბობს - „გოგოლი“! - ინთება ერთი ნათურა აუდიტორიის ბოლოს...

„ჩეხოვი“! - აუდიტორიის ჭერზე ჩნდება ვარსკვლავი...

„დოსტოევსკი!“ - და აუდიტორიაში შუქს ანთებს...

აკეთებს პაუზას, მიდის ფარდებთან, ხსნის მათ და

როცა აუდიტორია ივსება მზის სხივებით, ამბობს -

„ლევ ტოლსტოი“...

 

სწორედ ამ დღეს, 1828 წლის 9 სექტემბერს, ტულის გუბერნიის დაბა იასნაია პოლიანაში დაიბადა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე უდიდესი რომანისტი, განმანათლებელი, პუბლიცისტი, აკადემიკოსი სიტყვის დახვეწილობის დარგში, სევასტოპოლის ბრძოლის მონაწილე, ისიც 4-ჯერ ნობელის პრემიის ნომინანტი (შემდგომ ნომინაციაზეებზე უარი განაცხადა), გრაფი ლევ ტოლსტოი...

 

სხვათაშორის, უნდა ხმამაღლა და სიამაყით განვაცხადო, რომ ლევ ტოლსტოის დეიდა (ვინც ის გაზარდა) და ჩემი დედიკოს ბებია (დედის დედა) მოგვარეები იყვნენ… ორივე ავსტრიულ გვარს - ფონ ოსტენ-საკენს ატარებდნენ…

 

იქნებ იმიტომაც, გენეტიკურად, ისევე როგორც ლევ ტოლსტოის, მეც მის ნაწარმოებებში ყველაზე უფრო ... პიერ ბეზუხოვი მიყვარს...

 

გუშინ პირველად წავიკითხე მისი ციტატა -

„ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ ჩვენ შევეჩვიეთ ჩავთვალოთ ადამიანი კეთილად, ბოროტად, სულელად, ჭკვიანად... მაგრამ ადამიანი ცხოვრებასავით მიედინება და იცვლება - ამაშია მისი სიდიადე...ამიტომაც, ადამიანი არასდროს არ უნდა გაასამართლო. შენ მას გუშინ გაკიცხავ და ის კი დღეს უკვე სულ სხვა ადამიანია“...

 

დიდხანს ვეძებდი ამ პოსტზე დასადებ ფოტოებს და რატომღაც ეს შევარჩიე..

 

უბრალოდ, გული გამითბო...

 

ლევ ტოლსტოის ბავშვობიდან უყვარდა ცხენები...

 

თუ გაიხსენებთ, მის ნაწარმოებს, მათში აუცილებლად მონაწილეობს ცხენი...

მაგალითად, „ანა კარენინაში“, ვრონსკის საყვარელი და საამაყო ფრუ-ფრუ, რომელიც პატრონმა დოღს შესწირა...

 

ტოლსტოის ისე აქვს აღწერილი ეს მომენტი, რომ წინასწარ ხვდები, რომ ვრონსკი ანასაც გაიმეტებდა...

 

ან მისი შესანიშნავი „ხოლსტომერი“ (ერთი ცხენის ისტორია)...

ასე ვფიქრობ, ცოტა ავტობიოგრაფიული...

 

ლევ ტოლსტოის ცხენებისადმი განსაკუთრებით სათუთი დამოკიდებულება ჰქონდა...

ბოლოს, 80 წელს რომ გადააბიჯა, ყავდა შავი, ნახევრად არაბული ჯიშის ცხენი, დელირი...

ტოლსტოის ანდერძის მიხედვით, პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ის მის გვერდით დაასაფლავეს...

 

ანტონ ჩეხოვი ამბობდა, რომ მას ტოლსტოი უყვარდა ისე, როგორც არც ერთი ადამიანი არ ყვარებია და როდესაც ლიტერატურაში არსებობს ტოლსტოი, ბედნიერებაა იყო მწერალი, რადგანაც იმ შემთხვევაშიც, თუ გააცნობიერებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ შეგიქმნია, არ გეშინია, რადგანაც იცი, რომ ამას შენს მაგივრად ტოლსტოი გააკეთებს…

 

საოცრად დახვეწილი და ამავე დროს ვაჟკაცური ალექსანდრე ბლოკი თვლიდა, რომ ტოლსტოი არის თანამედროვე ევროპის უდიდესი და ერთადერთი გენიოსი, რუსეთის უმაღლესი სიამაყე, ადამიანი, რომლის სახელიც კი არის სურნელის მომგვრელი, უდიდესი სიწმინდითა და სისუფთავით შემკობილი პიროვნება…

 

საფრანგეთის აკადემიის ნამდვილი წევრის, ანდრე მორუას აზრით, შექსპირის შემდეგ თუკი ვინმეს ახლოს დაყენება შესაძლებელია, ეს მხოლოდ ლევ ტოლსტოი შეიძლება იყოს…

 

გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, თომას მანი აცხადებდა, რომ მსოფლიოში ერთადერთი შემოქმედი არსებობს და ეს არის ტოლსტოი, რომელშიც ესოდენ ძლიერად არის გამოხატული ჰომეროსის ეპიკური საწყისი…

 

ინდოელი ფილოსოფოსი და საზოგადოებრივი მოღვაწე, მაჰათმა განდის შეფასებით კი, ტოლსტოი იყო თავისი დროის ყველაზე პატიოსანი ადამიანი, რომელიც არასდროს არ ცდილობდა დაემალა ან შეელამაზებინა სიმართლე, რომელსაც არ ეშინოდა არც სასულიერო და არც საერო ხელისუფლების… ის თავის მოძღვრებას ამტკიცებდა საქმეებით და ნებისმიერ მსხვერპლზე მიდიოდა ჭეშმარიტების მისაღწევად…

 

ტოლსტოიზე შეიძლება წერო დაუსრულებლად...

საოცარი კაცი იყო...

 

საკუთარი წმინდა გიორგის ჯვარი დაუთმო უბრალო ჯარისკაცს, რადგანაც საკუთარ პატივმოყვარეობაზე მაღლა დააყენა ჯარისკაცის კეთილდღეობა…

 

იცოდა უანგარო მეგობრობაც და არასდროს ცხოვრებაში არ უღალატია არც საკუთარი პრინციპებისთვის და არც ადამიანებისთვის, ვინც მას ენდობოდა…

 

აბსოლუტურად გულწრფელად სურდა ცოლად მოეყვანა გლეხის ქალი აქსინია ბაზიკინა, რომელიც შეუყვარდა…

 

ის იასნაია პოლიანაში მასწავლებლადაც მუშაობდა, ხოლო შიმშილობის წლებში, მისი პირადი მონაწილეობით გაიხსნა 187 სასადილო, რომელშიც უფასოდ იკვებებოდა 10 ათასამდე ადამიანი…

 

ლევ ტოლსტოი იყო ვეგეტარიანელი და ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც ყველა ადამიანი შეწყვეტდა ხორცის ჭამას...

 

არ უყვარდა თავისი „ომი და მშვიდობა“ და მიაჩნდა, რომ გაცილებით უკეთესი ნაწარმოებები შეუქმნია...

 

კიდევ არ უყვარდა ძაღლების ყეფა და... ალუბალი...

 

თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს...

 

თავისებური მიდგომა ჰქონდა რელიგიისადმი...

 

„მე არ მინდა ვიყო ქრისტიანი. ასევე არ ვურჩევ არავის და არ მინდა რომ იყვნენ ბრაჰმანისტები, ბუდისტები, კონფუციონისტები, მუჰამედის მიმდევრები და სხვა… თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს საკუთარ რწმენაში ის, რაც ყველასთვის არის საერთო, ხელი ჩასჭიდოს მას და უარი თქვას საკუთარზე, ყველასგან განსხვავებულზე. ღმერთი იქ არის, სადაც სიყვარულია“…

 

სავარაუდოდ, საკამათია, მაგრამ საოცრად ტოლერანტული...

 

1910 წლის 28 ოქტომბერს, 88 წლის ლევ ტოლსტოიმ წერილი მისწერა მეუღლეს, რომელშიც აუწყა იმის შესახებ, რომ სახლიდან წასვლას აპირებდა… წერილი რომ წავიკითხე, გული გამიჩერდა…

 

კაცი სასიკვდილოდ მიდის და რამხელა სინათლეს და სიკეთეს ტოვებს… არანაირი წყენა, ღვარძლი და დადანაშაულება…

 

„ერთი წუთითაც არ იფიქრო, რომ მე წავედი იმიტომ, რომ აღარ მიყვარხარ... უბრალოდ, სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია. მშვიდობით, საყვარელო სონია, უფალი იყოს შენი მფარველი. ცხოვრება სულ არ ყოფილა ხუმრობა და საკუთარი ნებით მისი დატოვების უფლება არავის არა გვაქვს ისევე, როგორც მისი დროის ხანგრძლივობით გაზომვის... შესაძლებელია, ის თვეები, რომელიც დაგვრჩენია, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მთელი გასული ცხოვრება და ამიტომაც ისინი კარგად უნდა გავატაროთ“...

 

და ის დაადგა გზას მარადისობისკენ… არავითარი მარშრუტი და გეგმა არ ჰქონია… მან თავისი ბოლო მოგზაურობა დაიწყო სადგური შჩოკინოდან და დაასრულა სადგურ ასტაპოვოზე…

 

ამბობენ, რომ ეკლესიის მსახური, ბერი ვარსონოფი სპეციალურად ჩავიდა ასტაპოვოში იმისთვის, რომ მიეღო ლევ ტოლსტოის მონანიება, მაგრამ ის არ მიუშვეს მომაკვდავ მწერალთან…

 

ლევ ტოლსტოის ბოლო სიტყვები იყო: „მე მიყვარს ბევრი რამ… მე მიყვარს ყველა“…

 

მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები იყო დიდი მწერლის და დიდი ადამიანის მთავარი მონანიება, თუკი მას საერთოდ მონანიება სჭირდებოდა…

 

ერთხელ ლევ ტოლსტოიმ განაცხადა -

„ბედნიერება იმ სახლში შესვლას ამჯობინებს, სადაც კარგი განწყობა სუფევს“...

 

ამიტომაც,

გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და კარგ განწყობიან დღეს!

big_banner
არქივი