logo_geo
1930 წლის 7 სექტემბერს ლევ ბაიახჩევი დაიბადა
- +

7 სექტემბერი. 2019. 20:06

 

სწორედ ამ დღეს, 1930 წლის 7 სექტემბერს დაიბადა საოცარი კაცი და შემოქმედი, ყველა და თითოეული უჯრედით თბილისელი, ქალაქით ბოლომდე გაჟღენთილი. ლამაზი, ნიჭიერი, არაორდინალური მხატვარი, ლევ ბაიახჩევი...

 

ახლა სასაცილო რაღაცას გეტყვით, - რატომღაც, ბავშვობაში, ბაიახჩევი მეგონა წარმოქმნილი სიტყვა ბახჩიდან, მერე გავიგე, რომ ლევის დედა იყო გვარად ბელაია და ეს კარგი კაცი ჩემთვის სულ ასე დარჩა - ბახჩიანი და სუფთა (ანუ თეთრი)... პირველად გამაოცა მისმა ნახატმა

„ჩემი აივანი“...

უცებ ისე მომინდა იმ ნახატში შესვლა და იმ მზის სხივებით გათბობა, რომ ლექსი წამოვიდა თავისთავად...

 

აივანს ვხედავ უნაზესს...

იცით, რომ არ ვარ თავხედი...

ბაიახჩევის სურათზე

ფეხისწვერებზე გავედი...

 

არ აჭრიალდეს ფიცარი...

მზემ არ დაკარგოს ნარინჯი...

წინასწარ გამოვიცანი და

ისე დავდგი ნაბიჯი...

 

უნდა იარო ნელ-ნელა

ბაიახჩევის ზონაში...

შენც უნდა გახდე პეპელა

ამხელა ატმოსფეროში...

 

ადესის სუნი მაბრუებს...

სურს, მომაცილოს ამ ჩეროს...

მხატვარი მე არ მატყუებს...

უბრალოდ... ბაიახჩევობს...

 

მერე დამაინტერესა და სხვა ნახატებიც ვნახე და მივხვდი, რომ ჩემია...

განსაკუთრებით ქალბატონების პორტრეტები მომწონს...

ყველას ხასიათია გადმოტანილი ტილოზე...

მე, მაგალითად, მართალია არავის ჩამოუხევია კალთები, მაგრამ ვიფიქრებდი, სანამ ჩემი პორტრეტის დახატვას ვანდობდი...

ცოტა შემეშინდებოდა ასე ბოლომდე გახსნის...

 

ძალიან მიყვარს ბაიახჩევის ძველი თბილისი...

ეტყობა, რომ თავად არის დაბადებული თბილისურ ეზოში, სხვანაირად ასე ვერ იგრძნობდა ამ სიფაქიზეს, რომელიც ჩვენს ეზოებს დაყვება განსაკუთრებულ სიძველეში... კიბეების ჭრიალში, თავბრუდამხვევ დახვეულ, კაცმა არ იცის რისთვის , სახურავამდე მიმწვდარ კიბეებში, განსაკუთრებულ სურნელში, სხვანაირ ურთიერთობებში...

 

ლევ ბაიახჩევის სურათებში ჭარბობს ლურჯი ფერი...

ის იძახდა - „მე ვერ წარმომიდგენია უფერო სამყარო... ფერი - ეს სიცოცხლეა. მე ძველებურად მიყვარს ლურჯი და ცისფერი ფერების ნიუანსები. მათგან მილიონობით ვარიაციის შექმნაა შესაძლებელი..,“

 

ხომ გახსოვთ, ნიკოლოზ ბარათაშვილის

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,

პირველად ქმნილსა ფერს

და არ ამ ქვეყნიერს,

სიყრმიდგან ვეტრფოდი...

 

ერთხელ, შესანიშნავი ელიჩკა ახვლედიანის სახელოსნოში ლევ ბაიახჩევის ნამუშევრების გამოფენა ჩატარდა და იქ შემოიარა სვიატოსლავ რიხტერმა, თავის მეგობრებთან ერთად...

 

ის იმდენად გაოგნებულა სურათების მძლავრი ენერგეტიკით და მათი ჟღერადობით, რომ მიუჯდა როიალს და მთელი საღამო უკრავდა...

 

ხოდა, მე ჩემს თავზე უფრო რიხგერს ვენდობი.

 

ასევე ვენდობი ჩემი მშობლების და ერთდროულად ჩემს მეგობარს, 2 მეტრიან ცისფერთვალება ფიზიკოსს, შესანიშნავ პიროვნებას, ნოშრევან თავხელიძეს, რომელიც ბევრს მიყვებოდა თავის მეგობარ ლევ ბაიახჩევზე და იმაზე, თუ რა კარგი და მართალი ადამიანია...

„თავის სურათებს გავსო“...

 

ხომ იცით, კაცი რომ მომწონს და მიყვარს, მაინტერესებს, როგორი სიყვარული შეუძლია მას...

ამის წინ წავიკითხე ჟურნალისტ ეკატერინე მიქარიძის ინტერვიუ ბატონი ლევის მეუღლესთან, ქალბატონ ელენესთან...

მისი განცხადებით, ის ჯერ კიდევ მე-10 კლასში სწავლობდა, როდესაც ბოშამ უმკითხავა, რომ მისი ქმრის სახელი იქნება ლევ, ეყოლება 2 შვილი და იცხოვრებს შორს ლენინგრადიდან...

როდესაც ბაიახჩევი თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი იყო, ის გააგზავნეს ლენინგრადში და ჩავიდა თუ არა, სასეირნოდ გავიდა ქალაქში...~

 

ქალბატონ ლენას ახსოვს ის დღე დეტალებში... იყო 21 სექტემბერი... ლევი 24 წლის იყო, ლენა -18-ის...

 

აქ პატარა ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ...

გამახსენდა ანა ახმატოვას გადასარევი ლექსი...

მართალია, არ ვიცი, 21 სექტემბერი იყო თუ არა ორშაბათი, მაგრამ მაინც...

 

Двадцать первое. Ночь. Понедельник.

Очертанья столицы во мгле.

Сочинил же какой-то бездельник,

Что бывает любовь на земле.

 

არა და „ბივაეტ“.

 

ვუბრუნდები 21 სექტემბერს... იმ დღეს ლენა სტუმრად წასვლას აპირებდა და მეგობართან ერთად გადაწყვიტა საპარიკმახეროში მისვლა...

მერე ვერასდროს ვერ ხსნიდა, რამ დაატოვებინა საპარიკმახერო და რა ძალამ წაიყვანა სახლის მიმართულებით...

 

დგას, თურმე ავტობუსების გაჩერებაზე და 15 წუთი უაზროდ ელოდება... ამ დროს გაჩერებაზე გამოჩნდა 2 ახალგაზრდა... ორივე ლამაზები იყვნენ, ერთი კი განსაკუთრებით, ცისფერთვალება...

 

ცისფერთვალებამ ლენას უყიდა ბილეთი და გადააწოდა...

ლენას შეეშინდა და ავტობუსი დატოვა... ბიჭების გაეკიდნენ...

გარეთ სიბნელეა, 9 საათია...

რა თქმა უნდა, ისინი ლენას დაეწივნენ და სთხოვეს ლენინგრადში ექსკურსიის ჩატარება...

 

მეორე დღის 12 საათზე, „ექსკურსიაზე“ მოვიდა მხოლოდ ერთი მათგანი, ლევ ბაიახჩევი...

ლევი და ლენა მთელი დღე სეირნობდნენ, მერე წავიდნენ კინოში... უკანა გზაზე, საუბრობდნენ ხელოვნებაზე, კითხულობდნენ მაიაკოვსკის...

მერე ღობით გადაძვრნენ ზაფხულის ბაღში და იქ ლევმა პირველად აკოცა...

მერე სახლამდე მიაცილა და ლენას დედა პირველივე დანახვით მიხვდა, რომ ეს სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზრდებოდა...

 

ლევი დაბრუნდა თბილისში და ყოველდღე წერდა ლენას წერილებს...

მაგრამ თბილისში დაბრუნდა გვიან და გარიცხეს სამხატვრო აკადემიიდან...

 

ის შესულა რექტორთან და მან კითხა დაგვიანების მიზეზი... ლევმა უპასუხა, რომ ლენინგრადში ერთ გოგოს შეხვდა... რექტორმა კითხა - „შეგიყვარდა?“... ლევმა დაუდასტურა... რექტორმა გამოიძახა მდივანი და გასცა ბრძანება - „აღადგინეთ!“...

თუ ვინმემ იცით, ვინ იყო იმ დროს რექტორი, მე ვერ მოვნახე, მიმწერეთ, რა...

 

ასე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც გაგრძელდა ბოლომდე, სანამ ლევ ბაიახჩევი მოულოდნელად არ გარდაიცვალა... ის მხოლოდ 61 წლის იყო...

 

დარჩა მისი უსაზღვრო სიყვარულით გაჟღენთილი ტილოები...

ყავს ორი შესანიშნავი შვილი, ორივე მხატვარია...

 

დინასტია გრძელდება და ეს მთავარია!

 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლევ ბაიახჩევის ნახატებივით ჩამთბარ დღეს!

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი