logo_geo
ბექა ქურხული: ის საქართველო, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, თავის უკანასკნელ ომში მოკვდა...
- +

27 სექტემბერი. 2019. 00:40

 

როდესაც აფხაზეთის ომის კადრებს ვუყურებ, როცა მახსენდება, ამ არაორგანიზებულ, არეულ შპანას, რომლის ყოველი ათეულიდან, ერთი პოეტი იყო, მეორე ფიზიკოსი, მესამე ნარკომანი, მეოთხე ძველი ბიჭი, მეხუთე შილდელი მოჭიდავე, მეექვსე ციხიდან გამოქცეული, მეშვიდე მეოცნებე, მერვე შეყვარებული, მეცხრე გიჟი და მეათე პარლამენტის დეპუტატი, როგორ ეჭირა ზუსტად 13 თვე და 13 დღე ფრონტის ხაზი, როგორ იგერიებდა სოხუმზე შეტევებს და 14-16 მარტს როგორ გადაუარეს მტერს, როგორ გაანადგურეს ტამიშთან დესანტად გადმოსხმული ყველაზე ელიტარული და გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო სპეციალური ქვედანაყოფი „ლეტუჩიე მიში“, როგორ ებრძოდნენ ყველას, რუსულ რეგულარულ არმიას, თავისი ავიაციითა და არტილერიით, კაზაკებსა და ადიღებს, ჩეჩნებსა და ყაბარდოელებს, ბაგრამიანის სომხურ ბატალიონს და აფხაზებს, იბრძოდნენ უიარაღოდ, მოუმზადებლად, სულელურად, უდისციპლინოდ, აბსოლუტურად მარტოები, ჩვენი თბილისელი ქურთის ბიჭების ანაბარა და მაინც როგორ მაგრად იდგნენ, თეთრი გაცვეთილი ბოტასებით და გახუნებული, სხვადასხვანაირი კამუფლაჟებით და კიდევ დიდხანს იდგებოდნენ, შევარდნაძის დედა და მისი ცნობილი ხელშეკრულებები რომ არა, როცა მახსენდება როგორ იბრძოდნენ და როგორ წავიდნენ უკანმოუბრუნებლად, ჟილკიანები და ოხრები, ტარტაროზები და მაგრები, სულ მგონია, რომ ამ ომში საქართველო კი არ დამარცხდა - მოკვდა!

 

არა, საქართველო ყოველთვის იარსებებს, განათებული შეღებილი, გამჭვირვალე პოლიციის განყოფილებებით, სარფის საბაჟოებით, სასტუმროებით, „ფანტანებით“, „მოტო-ველოთი“, ისევ დამარცხდება და ისევ იზეიმებს. მაგრამ ეს სხვა საქართველო იქნება.

 

ის საქართველო კი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, ლაღი, ნიჭიერი, რომანტიული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზე ხელაღებული საქართველო თავის უკანასკნელ ომში მოკვდა.

ომში და არა ლოგინში!

 

ბექა ქურხული

 

 

 

big_banner
არქივი