logo_geo
ესპანური თემიდის ვერდიქტი: კაუდილიო ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან უნდა გაიტანონ
- +

28 სექტემბერი. 2019. 22:14

 

ესპანეთში დიდი ხანია მიმდინარეობს დისკუსია დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს შესახებ, რომლის ნეშტი ამჟამად „დაღუპულთა ველზე“ მდებარე მავზოლეუმშია დაკრძალული.

 

როცა 2018 წლის ივნისში ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სოციალისტური პარტიის ლიდერი პედრო სანჩესი იქნა არჩეული, მან წინადადება წამოაყენა, რომ კაუდილიოს („წინამძღოლს“, „მეთაურს“ - ასე უწოდებდნენ ესპანეთში ფრანსისკო ფრანკოს, იტალიელი დუჩესა და გერმანული ფიურერის ანალოგიურად) ნეშტის ადგილი იქ არ უნდა ყოფილიყო, სადაც თავისუფლებისმოყვარე და დიქტატურასთან ბრძოლაში დაღუპული ესპანელები განისვენებენ. იგი მოსახლეობას დაპირდა, რომ მიცემულ სიტყვას შეასრულებდა.

 

პედრო სანჩესი ცდილობდა, რომ ჩანაფიქრი 11 ნოემბრამდე, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე განახორციელებინა. გუშინ მისი მიზანი შესრულდა, ყოველ შემთხვევაში, იურიდიული თვალსაზრისით მაინც: ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი ექსგუმაციას და მავზოლეუმიდან გამოსვენებას ექვემდებარება. ესპანური თემიდის დადგენილებით, ყოფილი დიქტატორის ახალი სამუდამო განსასვენებელი მადრიდის ჩრდილოეთით მდებარე ელ-პარდოს სასაფლაოზე იქნება, სადაც მისი ცოლი და ფრანკისტული რეჟიმის კიდევ რამდენიმე ფუნქციონერია დასაფლავებული. სხვათა შორის, იქვეა დომინიკის რესპუბლიკის სასტიკი მმართველის რაფაელ ტრუხილიოს საფლავიც.

 

სასამართლომ უარყო კაუდილიოს შთამომავალთა აპელაცია, რომლებიც ითხოვდნენ, რომ ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმში დაეტოვებინათ, ან უკიდურეს შემთხვევაში, მადრიდში მდებარე ალმუდენის ტაძარში არსებულ ოჯახურ განსასვენებელში დაეკრძალათ.

 

სასამართლომ ფრანკოს შვილიშვილების საჩივარი იმიტომ არ დააკმაყოფილა, რომ თუ მათი დიდი პაპის ნეშტს ალმუდენში დაკრძალავდნენ, ეს ხელისუფლებისათვის ახალი თავის ტკივილი იქნებოდა - ალმუდენის ტაძარი ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და მრავალ ტურისტს იზიდავს.

 

ესპანეთში ბევრი მიიჩნევს, რომ მავზოლეუმიდან ფრანკოს ნეშტის გამოტანა ცოტაა და მას საერთოდ სახელმწიფო მოღვაწის სტატუსი უნდა გაუუქმდეს. „ფრანსისკო ფრანკო და მისი მსგავსი ფაშისტი, ნაცისტი დიქტატორები არ იმსახურებენ საყოველთაო აღიარებას. მათი ადგილი „დაღუპულთა ველზე“ არ არის, მათ ყველა წოდება უნდა წაერთვათ“, - აცხადებს პაბლო მაიორალი, რომელმაც ფრანკოს მმართველობის დროს რამდენიმე წელი საპყრობილეში გაატარა პოლიტიკური ბრალდებით.

 

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა როცა თავისი დაპირების განხორციელება დაიწყო, იგი მოულოდნელ ბარიერს შეეჯახა: 2018 წლის დეკემბერში ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა სოციალისტური მთავრობის წარმომადგენლებს მავზოლეუმში დაშვება აუკრძალეს - „თქვენი შესვლა უფლის ნებას ეწინააღმდეგებაო“, თუმცა მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ აკრძალვა გაეუქმებინათ. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ფრანკიზმის პერიოდში ესპანეთის ეკლესია მხარს ხელისუფლებას უჭირდა.

 

როგორც ცნობილია, გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ და მისმა მომხრეებმა 1936 წელს, ესპანეთის პარლამენტის არჩევნებში მემარცხენე ძალების („რესპუბლიკელების“) გამარჯვების შემდეგ, ამბოხება მოაწყეს. ამბოხებულებს მხარს უჭერდა და ეხმარებოდა ფაშისტური გერმანია, „რესპუბლიკელებს“ კი - საბჭოთა კავშირი. სხვათა შორის, სწორედ იმ ხანებში, 1937 წელს საქართველოში ბასკეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩამოვიდა და რამდენიმე მატჩი ითამაშა თბილისის „დინამოს“ გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის კანონიერ ხელისუფლებას საბჭოთა კავშირი და მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება ეხმარებოდა (ინტერბრიგადების და მოხალისეების სახით), რესპუბლიკური მთავრობა დამარცხდა. ფრანკისტების გამარჯვების შემდეგ საქართველოში ბევრმა ესპანელმა ლტოლვილმა ჰპოვა თავშესაფარი...

 

მოგვიანებით, 1940-50-იან წლებში ფრანკიზმმა თანდათან ევოლუცია განიცადა. გენერალისიმუს ფრანსისკო ფრანკოს ინიციატივით (ეროვნული შერიგების მიზნით) დაიწყო მემორიალის - „დაღუპულთა ველის“ მშენებლობა მადრიდიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე გვადარამის მთებში, სამოქალაქო ომში დაღუპულთა - როგორც ფალანგისტების (ფრანკოს მომხრეების), ასევე რესპუბლიკელების - ხსოვნის საპატივსაცემოდ. მშენებლობა 1959 წელს დასრულდა.

 

კაუდილიო 1975 წელს გარდაიცვალა, მისი სიკვდილის შემდეგ ესპანეთში დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა და კონსტიტუციური მონარქია დამყარდა.

 

ფრანსისკო ფრანკო ამჟამად დაკრძალულია „სამოქალაქო ომში დაღუპულთა ველზე“, სადაც 1936-39 წლების სამოქალაქო ომში ფრანკისტებისა და რესპუბლიკელების მომხრე ათი ათასობით დაღუპულის საფლავია. თავის დროზე ეს მემორიალი ეროვნული შერიგების სიმბოლო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

 

ესპანური საზოგადოება დღემდე ვერ მივიდა ეროვნულ თანხმობამდე ფრანსისკო ფრანკოს ფიგურასთან მიმართებით. მისი მომხრეების აზრით, კაუდილიო ღირსია ისეთივე პატივისცემისა, როგორითაც ნაპოლეონ ბონაპარტი სარგებლობს.

 

 

სიმონ კილაძე

 

 

big_banner
არქივი