logo_geo
დავით ჭელიძე: ზვარაკად შეწირული მინისტრი... ეს მძიმე ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, 1921 წელს მოხდა...
- +

15 ოქტომბერი. 2019. 13:56

 

 

 

ეს მძიმე ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, 1921 წელს მოხდა. მაშინ ჩვენი წერილის გმირი 48 წლისა იყო...

 

ზვარაკად შეწირული მინისტრი

 

პარმენ (ნიკოლოზ) ჭიჭინაძე გოდოგანში დაიბადა, იმდროინდელ ქუთაისის მაზრაში. იმერეთის მთავარი ქალაქის კერძო პოლიკლინიკაში მუშაობდა ექიმ-თერაპევტად. კარგი მკურნალი იყო, მთელ ქუთაისში სახელი ჰქონდა გავარდნილი და შემოსავალსაც რიგიანი ეთქმოდა.

 

შეუჩნდა ჭია ამ ჩვენს პარმენს და სხვა თანამოაზრეებთან ერთად მეფის რეჟიმს აუჯანყდა. XX საუკუნე ახალი დამდგარი იყო, როცა რევოლუციონერის იარლიყით ცოლშვილიანად როსტოვში გადაასახლეს.

 

რუსეთში ამბულატორიაში დაიწყო მუშაობა და მალე რიგები დაუდგა. ახლა იქაც გაუვარდა სახელი, როგორც კარგ და გულისხმიერ მკურნალს, რომელიც თბილად მიგიღებდა, მოგისმენდა, უტყუარ დიაგნოზს დაგისვამდა და გიმკურნალებდა. სანამ ფეხზე არ დაგაყენებდა, ყურადღებას არ მოგაკლებდა. ხშირად შინაც მოგაკითხავდა, კიდევ ერთხელ გაგსინჯავდა, დაგამშვიდებდა და ამ გადასახლებულ კაცსაც საკმაოდ კარგი შემოსავალი გაუჩნდა.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ნდობაც დაიმსახურა და ზაფხულობით შინ უშვებდნენ ახლობლების მოსანახულებლად და პარმენიც გოდოგანში ადიოდა, დედ-მამის და დაიკოს გასახარად, შვებულებას საკუთარ კარ-მიდამოში ატარებდა.

ქუთაისში მეგობრებსაც მოინახულებდა ხოლმე. ისიდორე კვიცარიძესა და ილარიონ ხაზარაძესთან ერთად თითო ჭიქა ღვინოსაც დალევდა, აქეთურს იტყოდნენ, იქითურს, მაგრამ მთავარი თემა მაინც საქართველო, მისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო.

 

პარმენი ფარულად პოლიტიკოსებსაც ხვდებოდა.

 

1917 წლის რევოლუციას ყურადღებითა და დიდი მღელვარებით ადევნებდა თვალს და სიხარულით ცას ეწია, მეფე რომ ჩამოაგდეს – აი, ახლა კი გვეღირსება დამოუკიდებლობაო.

 

გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, მაშინვე მეგობარ პოლიტიკოსებს მიაკითხა, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნის პირველ მთავრობას აყალიბებდნენ და 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრი გახდა.

 

მენშევიკ-ბოლშევიკების გზაგასაყარ ყრილობაზე პარმენმა, როგორც ერისა და მამულის მოყვარულმა, ჭეშმარიტად პატრიოტმა კაცმა, რაღა თქმა უნდა, მენშევიკების მხარე დაიჭირა, იმ სისხლისმსმელ ბოლშევიკებს არ გაჰყვა. ის კი არადა, 16 წლის უფროს ვაჟიშვილთან, გიორგისთან ერთად, კოჯორში იბრძოდა იუნკრების მხარდამხარ. სხვათა შორის, გიორგი პოლონეთ-სსრ კავშირის სასაზღვრო ნაწილში მუშაობდა და მეორე მსოფლიო ომის პირველივე დღეებში დაიღუპა.

 

განათლება და ცოდნა არ აკლდა, ვერც შესახედაობასა და პოლიტიკურ გამოცდილებას დაუწუნებდი – ამ ნიადაგზე ხომ კარგა ხნით იყო გადასახლებული. გრიგოლ ლორთქიფანიძე სულ რამდენიმე თვე იყო სამხედრო მინისტრად და რომ გადადგა, ბევრი არც უფიქრიათ, ამ პოსტზე პარმენ ჭიჭინაძე დაამტკიცეს.

 

იმხანად ბათუმი დედასამშობლოში დაბრუნებული იყო, მაგრამ ქალაქის ქუჩებში მაინც მიმდინარეობდა ბრძოლები. თურქებს არ ეთმობოდათ ეს უმნიშვნელოვანესი სანაოსნო, სატრანსპორტო და საკურორტო კუთხე. მათი სნაიპერები მრავალი შენობა-ნაგებობის სახურავზე იყვნენ მოკალათებულები და არაერთი ჩვენი ჯარისკაცი შეიწირა მათმა ნასროლმა ტყვიებმა.

 

სწორედ ამ პერიოდში, როცა ქვეყანას ბოლშევიკები შემოესივნენ და სისხლითა და მახვილით უსწორდებოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, საქართველოს მთავრობა, ე.წ. მენშევიკური მთავრობა, იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში გადახვეწილიყო.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილ საღამოზე მოგონებით გამოვიდა ვიქტორ ლორთქიფანიძე, რომელმაც გაიხსენა, რომ ბათუმში ჩატარებულ აჭარის გასაბჭოების 25-ე წლისთავზე, სიტყვით გამოსულა თბილისიდან ჩასული სერგო ქავთარაძე. საზეიმო საღამოს დამთავრების შემდეგ წვეულება გამართულა, სადაც სერგო ქავთარაძეს სხდომაზე წარმოთქმული სიტყვისგან რადიკალურად განსხვავებული რამ უთქვამს: „იმხანად ბათუმის ციხეში ვიჯექი, ხოლო როცა გამომიყვანეს, ნოე ჟორდანიას შემახვედრეს, რომელმაც მითხრა: ბათუმს ინტენსიურად უტევენ თურქები, ჩვენ მივდივართ, წითლები კი შორს არიან. მათ მოსვლამდე თურქები ბათუმს აიღებენ და მერე მისი დაბრუნება ძალიან გაჭირდება. აგერ არის ჯარი, ჩაუდექი სათავეში და წითლების მოსვლამდე როგორმე შეაკავე თურქებიო. მე ვუპასუხე, რომ კი ბატონო, ეს დიდი ნდობა და პატივია, მაგრამ მე რას წარმოვადგენ, ვინ დამემორჩილება-მეთქი“. ამ დროს მეორე ოთახიდან გამოვიდა სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე და განაცხადა: ამ საკითხში ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ვხედავ, მე ვარ მინისტრი და ჩემ ჯართან და ხალხთან დავრჩები, საფრანგეთში არ წამოვალო.

 

ზემოთ გრიგოლ ლორთქიფანიძე ვახსენეთ, რომელიც პარმენ ჭიჭინაძის დიდი მეგობარი იყო და მან ვერ მიატოვა მინისტრი და ორივე ერთად შეებრძოლა მტერს.

 

ამ დროს პარმენს ფეხმძიმე მეუღლე და ორი ვაჟიშვილი გამზადებული ელოდნენ და უცებ სხვა ვერაფერი მოიგონა, ესღა უთხრა: ჩვენთვის გემის ბილეთები ვერ ვიშოვე და აქ უნდა დავრჩეთო, არადა, ორი წუთის წინ ნათქვამ სიტყვას ხომ არ უღალატებდა!..

 

მართლა ვაჟკაცი და დიდი პატრიოტი უნდა იყო, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო!..

 

უცნაურია კაცის ბედი...

 

პარმენ ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით ქართველებმა მართლაც დაიცვეს ბათუმი, მაგრამ რა ბედი ეწია საქართველოს უკანასკნელ სამხედრო მინისტრს? როგორც კი რუსები ქალაქში შემოვიდნენ, მაშინვე დააპატიმრეს. მისი ცოლ-შვილი ჯერ გოდოგანში ცხოვრობდა, მერე ცოლისდას შეეკედლა, რომელიც თბილისში, ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად და ბინაც იქვე ჰქონდა.

 

სხვათა შორის, უკანასკნელი მინისტრის შვილებს სკოლაში არ იღებდნენ და ყალბი ცნობებით მოხვდნენ სასწავლებელში.

 

ზემოთ, ვიქტორ ლორთქიფანიძის ნაამბობში, სერგო ქავთარაძე ვახსენე. მართალია, სერგო ბოლშევიკი იყო, მაგრამ საქართველოს მთავრობაშიც ჰყავდა ამხანაგები და ჟორდანიამ იმიტომაც შესთავაზა მას ქართული ჯარის ხელმძღვანელობა, რუსები რომ შემოვლენ, ბოლშევიკი ხარ და ხელს არ გახლებენო.

 

ახლა ჩვენი მოთხრობის ბოლო ნაწილზე გადავიდეთ. აქ ცნობილი სოციალ-დემოკრატი, გულმხურვალე პატრიოტი ვლასა მგელაძე უნდა დავიხმაროთ, რომელმაც ემიგრაციაში, საფრანგეთში, 1936 წელს გამოსცა „მოგონებების“ პირველი წიგნი „საქართველო აჯანყებამდე“ (იგულისხმება 1924 წლის ცნობილი აჯანყება, ანუ წიგნში ასახულია 1921-24 წლებში განვითარებული მოვლენები).

 

გთავაზობთ წიგნის ერთ-ერთი თავის ამონარიდს: „სამხედრო მინისტრის დაკრძალვა“:

 

„მეტეხის ციხეში მძიმედ ავად გახდა საქართველოს სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, რომელიც არავითარი საშუალებით და თხოვნით არ გადაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, სანამ გრძნობა არ დაკარგა და მორჩენის იმედი არ გაქრა. პარმენი გარდაიცვალა მისი მეგობრის მკლავზე.

 

ინტერპარტიულად შედგენილ კომისიას ხელისუფლებამ ნება დართო სამხედრო მინისტრი დაესაფლავებინათ დიდების ტაძარში იუნკრებთან, მაგრამ დანიშნულ დღეს, როცა სამარხი გათხრილი იყო, დემონსტრაციის შიშით ჩეკამ ნება არ მისცა აქ დამარხვის, სამარე ამოასწორა, ტაძრის გალავანი დაკეტა, მცველები დააყენა, მტკვრის ხიდები ტყვიისმფრქვეველებით შეკრა, სასახლეზე მიმავალი ქუჩები შეიარაღებული ჯარით და ჩეკისტებით გაკრა...

 

დილას მთელი თბილისის მცხოვრებნი საავადმყოფოს მიაწყდნენ, ვარანცოვის ხიდის მიდამოები, პლეხანოვის ქუჩა მოზღვავებული ხალხით გაიჭედა... საყვარელი ცოლ-შვილი და მეგობრები ცხელი ცრემლით იდუღრებოდნენ... მთელი თბილისი შავად მოსილი აქ შეკრებილიყო; გუშინ შეიარაღებული მხედრობა დღეს მტრის მიერ წელზე ხმალშეხსნილი, თვალთაგან ცეცხლს აფრქვევდა, მოუთმენლად მათი მინისტრის გამოსვენებას ელოდა... განრისხებული, გულმოკლული მუშები საყვარელი ცხედრის გასვენებას სასახლისკენ, დიდების ტაძრისკენ მოითხოვდნენ, ჯარის რკალის გასარღვევად მიიწევდნენ, იმუქრებოდნენ... ჩეკამ თვით მოინდომა მიცვალებულის გასვენება, თუ მათ განკარგულებას არ დაემორჩილებოდნენ... გულმოკლულმა პარმენის მეუღლემ თავის საყვარელი ქმრის წასვენება ქუთაისში სცადა.

 

ჩეკას გზებზე დემონსტრაციების ეშინოდა და ნება არ დართო... მოთმინებიდან გამოსული მუშები ღელავდნენ, ჯარის გარღვევას ლამობდნენ, მაგრამ პასუხისმგებელმა კომისიამ მინისტრის ცხედარი მიხაილოვის საავადმყოფოს პატარა ეკლესიის ეზოდან გამოასვენა. დიდუბის ქართველთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა – სისხლისღვრა გამწარებულ ხალხს თავიდან ააცდინა...

 

დიდის მღელვარებით კუბო გამოასვენეს, ცხენოსანთა ჯარმა დიდუბისკენ მიმავალი პლეხანოვის ქუჩა გაკრა, პროცესია ელისაბედის ქუჩით დიდუბისკენ გაემართა.

 

იშვიათი სანახაობის პროცესია დიდუბის კარიბჭეს მიადგა, სადაც შეიარაღებული ჯარი და ჩეკისტები შემოეგება, ხალხის უკან დაწევა მოითხოვა, კუბოს აკლდამისკენ წაღება მათმა მეთაურმა ბრძანა! ზღვა ხალხი აზვირთებულ ტალღებსავით შეიძრა, შეტორტმანდა, მათი ფოლადის გულმკერდიდან ვულკანივით მრისხანე ხმამ ამოხეთქა, ჰაერში გრგვინვა გაისმა, თვალთაგან ელვა გამოკრთა, კუბოს გარშემო ფოლადისებური რკალი შეიკრა, კათალიკოსმა კვერთხი ხელში შეანჯღრია, ამოღებული ხმალივით ქრისტეს ჯვარი მოიმარჯვა, მიწაზე დასვენებულ ცხედარს თავზე დაადგა, ჯვარი გადასახა, წესი აუგო, მგალობლებმა სულისა და გულის მომაჯადოვებელი სულთათანა უგალობეს და კათალიკოსმა გარკვეული ხმით საქართველოს სამხედრო მინისტრს, მეტეხის ციხეში მტრის მიერ წამებულს და დაღუპულს შესაფერი სიტყვა უთხრა, ტანჯული სამშობლო ღირსებით მოიხსენია... ზღვა ხალხი სმენად იყო გადაქცეული და მოელვარე თვალებით, ტაძრის წინ ქვაფენილზე მდგომ შეშინებულ და ფერმიმკრთალ ჩეკისტებს განრისხებული სახით მისჩერებოდა.

 

როცა კათალიკოსმა სიტყვა დაასრულა და განსვენებულის ცხედარს ჯვარი გადასწერა, ჩეკისტები კვლავ შეიძრნენ, კუბოს აკლდამისკენ წასაღებად ბრძანება გასცეს, მაგრამ სწორედ ამ დროს საიდანღაც წრეში მაგიდა ჩამოდგეს. ჩეკისტების თვალწინ ამ მაგიდაზე ავიმართე და საქართველოს სამხედრო მინისტრს ერის და პარტიის სახელით შესაფერი სიტყვა ვუთხარი: დამწუხრებული ხალხი და გაოცებული ჩეკისტები გაკვირვებული მომჩერებოდნენ, ნახევარი საათის განმავლობაში სულგანაბული მისმენდნენ... დასასრულ დიდუბის პანთეონში საქართველოს სამხედრო მინისტრი მოასვენეს და ხალხიც მშვიდობიანად დაიშალა...“

 

აქ ერთიც უნდა ვთქვათ: პატიმარი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, რომ შეატყობინეს, ქალიშვილი შეგეძინაო. გაუღიმია, მეტის თავი არა ჰქონია. ეს 27 სექტემბერს მოხდა, რამდენიმე დღის შემდეგ პარმენი გარდაიცვალა.

 

მართლაც უცნაურია კაცის ბედი. სად წაგიყვანს, სად გადაგკარგავს. ვითომ აწყობილი გაქვს საქმე, შენი სპეციალობით მუშაობ, ოჯახიც დაპურებული გყავს და მეგობრებისთვისაც იცლი, თითქოს ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ხარ და უცებ შეგიჩნდება რაღაც ჭია და ყველაფერი თავდაყირა დადგება.

 

მაგრამ სამშობლოს სიყვარული, ჭეშმარიტი პატრიოტიზმი ხომ სულ სხვა ჭიაა... პარმენ ჭიჭინაძე აქტიური კაცი იყო, განათლებული, საქმეში წარჩინებული, იფიქრა, მეტის მიღწევა შემიძლია, სამშობლოს საკეთილდღეოდ უკეთესი საქმეების კეთება მსურსო და, როგორც ვთქვით, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრი გახდა. ორი წლის შემდეგ სამხედრო მინისტრად დაინიშნა და სამწუხაროდ, ხანმოკლე გამოდგა მისი ოცნებაცა და ცხოვრებაც – 1921 წელს მთელი მთავრობა ემიგრაციაში გაიქცა, ქვეყანაში ბოლშევიზმი გაბატონდა, პარმენი კი ზვარაკად შეეწირა სამშობლოს...

 

რამ გაგვახსენა ეს ამბავი მაინცდამაინც ახლა?

 

1921 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში პარმენ ჭიჭინაძე დიდუბის ეკლესიასთან დაიკრძალა.

 

შემდგომში ეს სასაფლაო ოფიციალურ პანთეონად გადაკეთდა, საბჭოთა ხელისუფლებამ ჭიჭინაძის ჭირისუფლებს ცხედრის სხვა სასაფლაოზე გადასვენება მოსთხოვა, მაგრამ მემკვიდრეები არ დათანხმდნენ.

 

მაშინ პანთეონის ადმინისტრაციამ უბრალოდ მოხსნა პარმენ ჭიჭინაძის საფლავის ქვა და 1965 წელს იქ დავით კასრაძე დაკრძალეს. კასრაძის ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და არც ჭიჭინაძის ნეშტისთვის უხლია ვინმეს ხელი. ის ახლაც იქ განისვენებს.

 

2005 წელი

 

მეორე ფოტოზე: 1920 წლის 24 ივლისი. საქართველოს მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ბანკის გახსნაზე. სხედან (მარცხნიდან): აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ლორთქიფანიძე, გრიგოლ არსენიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, ნიკოლოზ ელიავა, სამსონ ავალიანი, რამდენიმე უცნობი, პარმენ ჭიჭინაძე

 

 

 

ფოტოზე: უკანასკნელი სამხედრო მინისტრის დაკრძალვის ცერემონია

 

დავით ჭელიძე

 

 

big_banner
არქივი